უკრაინის ოდესის ოლქზე რუსული დრონებით და რაკეტებით შეტევა იყო

ოდესის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, 13 ივლისს რუსეთის ჯარებმა ოდესაში დაარტყეს ავტოსატრანსპორტო საწარმოს.

13 ივლისს რუსეთის ჯარებმა მასირებული შეტევა მიიტანეს უკრაინის ოდესის ოლქზე. რუსეთმა ერთ-ერთ სამიზნედ ჩერნომორსკის პორტი დაასახელა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ცნობით, ჩერნომორსკში რაკეტებით და დრონებით დაარტყეს საპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რომლებსაც სამხედრო დანიშნულების ტვირთებისა და საწვავის შესანახად იყენებდნენ და ორ ბორანს და ერთ კონტეინერმზიდს, რომლებიც ტვირთებს აწვდიდნენ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

გასული ღამის განმავლობაში და გამთენიისას უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ სოციალური ქსელებით რამდენჯერმე გაავრცელა გაფრთხილება, რომ რუსეთის ჯარებმა რაკეტები და დრონები გაუშვეს ოდესის ოლქის, მათ შორის ჩერნომორსკის მიმართულებით.

სარდლობის მიერ 13 ივლისს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 3 მართვადი საავიაციო რაკეტით და 134 დრონით, დილის ათის ნახევრისთვის დადასტურებული იყო სამივე რაკეტის და 123 დრონის მოგერიება და 6 დრონით პირდაპირი დარტყმა ხუთ ადგილზე. საჰაერო ძალების ცნობით, დილით ოდესის ოლქზე იყო განმეორებითი საჰაერო დარტყმა.

განახლება: 13 ივლისს დღისით ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ კიპერის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ რუსეთის დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ტოგოს დროშით მცურავი სატვირთო გემი, რომელსაც მინერალური სასუქები გადაჰქონდა. დაიღუპა ეკიპაჟის სამი წევრი და ხუთი დაიჭრა.

ასევე ნახეთ

მოსკოვი, ნავთობის ბაზა სტავროპოლის მხარეში - რუსეთზე დრონებით შეტევა იყო

ქალაქ ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ სერჰი ლისაკის ინფორმაციით, რუსეთის შეტევის შედეგად ქალაქში დაზიანებულია ოთხი კერძო სახლი და ავტოსატრანსპორტო საწარმო, სადაც ავტობუსები დაიწვა.

ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მონაცემებით, დაზიანებულია სანატორიუმის შენობაც. დაშავდა ოთხი ადამიანი - ორი ავტოპარკის და ორი სანატორიუმის ტერიტორიაზე.