რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომის“ ნავთობქიმიური კომპლექსი, რომელიც ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სალავატში მდებარეობს, იძულებული გახდა მუშაობა შეეჩერებინა უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად.
ეს სააგენტო Reuters-ს 15 ივლისს დაუდასტურა ორმა ინფორმირებულმა წყარომ. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა „გაზპრომნეფტეხიმ სალავატს“ 14 ივლისს დაარტყეს.
Reuters-ის წყაროთა ცნობით, დაზიანებულია ნავთობის პირველადი გადამუშავების ორივე დანადგარი და სხვა მოწყობილობები, რომელთა შეკეთებას შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს.
უკრაინის არმიის სპეციალური ოპერაციების ძალების სარდლობამ 14 ივლისსვე განაცხადა, რომ წინასწარი მონაცემებით, „გაზპრომნეფტეხიმ სალავატზე“ დარტყმის შედეგად დაზიანებულია ნავთობის პირველადი გადამუშავების კრიტიკულად მნიშვნელოვანი დანადგარი და სხვა საწარმოო სიმძლავრეები.
უკრაინის სპეცოპერაციების ძალების თანახმად, ეს იყო ბენზინის ბოლო მსხვილი მწარმოებელი, რომელზეც 2026 წელს იერიში არ მიუტანიათ.
ასევე ნახეთ
უკრაინამ დაადასტურა დარტყმა რუსეთის ორ მსხვილ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე- უკრაინის თავდაცვის ძალები ინტენსიურად უტევენ სამხედრო ობიექტებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ნავთობის ტერმინალებს და ტრანსპორტირების მარშრუტებს რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში.
- რუსეთის რეგიონების გასამართ სადგურებზე ბენზინის და დიზელის საწვავის გაყიდვა შეზღუდეს ან შეწყვიტეს, ანექსირებულ ყირიმში კი სრული დეფიციტი შეიქმნა.
- რუსეთის ხელისუფლება ამ შეტევებს „ტერორისტულს“ უწოდებს.
- უკრაინის პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ეს არის სამართლიანი პასუხი უკრაინის ქალაქებსა და რაიონებზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე და მიზანია რუსეთის სახელმწიფო სისტემა დააზიანონ, ომის გაგრძელების შესაძლებლობები შეუზღუდონ და ომის შეწყვეტა აიძულონ.
სააგენტო Bloomberg-მა 13 ივლისს დაწერა, რომ უკრაინის შეტევების შედეგად რუსეთში ნავთობის გადამუშავება ბოლო 21 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ დონეზეა. ივლისის დასაწყისიდან რუსეთის ქარხნები დღე-ღამეში გადაამუშავებენ საშუალოდ 3,91 მილიონ ბარელ ნავთობს, რაც 2005 წლის მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.