თავდაპირველად ზოდელავას კლინიკაში გადაყვანაზე ინფორმაცია გავრცელდა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკგვერდით:
„გაირკვა, რომ მან ჩემს გვერდით საკანში, ორჯერ გადაიტანა ინსულტი. ის რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ყოველთვის იყო ცნობილი ადგილობრივი ჯალათებისთვის. ციხის მედ პერსონალი და ციხის ზოგიერთი თანამშრომელი ტეხავდნენ განგაშს, მაგრამ მათი თბილისელი უფროსები დემონსტრაციულად აიგნორებდნენ ამ საფრთხეს“.
კლინიკა „ვივამედის“ სამედიცინო დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ინსულტზე საუბარი არ არის“:
„ბატონი ზოდელავა იმყოფება სტაციონარულ მკურნალობაზე. მდგომარეობა სტაბილურია. მას უტარდება კვლევები“.
მოგვიანებით განცხადება გაავრცელა პენიტენციურმა სამსახურმაც. უწყების განმარტებით, ჩივილების გამო ის გადაიყვანეს „ვივამედში“:
„სამსახური ეხმაურება მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას და განმარტავს, რომ მსჯავრდებულს ინსულტი არ გადაუტანია... კლინიკაში ჩატარებული კვლევების შედეგად ყველა სახის მწვავე პათოლოგიური პროცესი გამოირიცხა“.
ამ საკითხს სოციალური ქსელით გამოეხმაურა „კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარე ნიკა გვარამიაც. მისი თქმით, ზოდელავა კლინიკაში გუშინ, 16 ივლისს, მოინახულა:
„რამე განცხადება საჭირო რომ ყოფილიყო, გააკეთებდა ოჯახი სხვისი დახმარების გარეშე. კაცის ჯანმრთელობის საკითხი წყდება და არაა საჭირო პოლიტიკური სარჩულის მიკერება, თან მისი თანხმობის გარეშე...“
მურთაზ ზოდელავას და ოთხ პოლიტიკოსს, რომლებიც 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე არიან გასამართლებული, 7-7-წლიანი პატიმრობა აქვთ მისჯილი.
ასევე ნახეთ
7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს პაატა ბურჭულაძესა და სხვა პოლიტიკოსებს „4 ოქტომბრის საქმეზე“ამ საქმეზე პროკურატურამ ბრალი წაუყენა 64 ადამიანს: მათგან ნაწილმა წაყენებული ბრალი აღიარა და მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ნაწილს კი მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მხოლოდ მარიამ მეყანწიშვილს დააკისრა სასამართლომ ჯარიმა.
- სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა. ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
- ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.