მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის მიერ სოციალური ქსელებით 20 ივლისს დილის ექვსი საათისთვის გავრცელებული ინფორმაციით, 19 ივლისის 20:30 საათიდან 20 ივლისის 05:00 საათამდე მოსკოვის რეგიონისკენ „მიფრინავდა“ 400-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი და მათი უდიდესი ნაწილი საჰაერო თავდაცვის ძალებმა „შორეულ მისადგომებთან გაანეიტრალეს“.
სობიანინის თანახმად, უშუალოდ მოსკოვთან „განადგურებულია“ 85 დრონი. რუსეთის დედაქალაქის მერს შედეგების შესახებ არაფერი უთქვამს.
ასევე ნახეთ
ოდესასთან სარაკეტო დარტყმა იყო სატვირთო გემზე, არის მსხვერპლირუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა" სობიანინის მიერ დასახელებულ რიცხვზე(400-ზე მეტი დრონი) დაყრდნობით დაწერა, რომ ეს იყო ბოლო წლებში მოსკოვზე „ერთი-ერთი უმსხვილესი შეტევის მცდელობა“.
დამოუკიდებელმა რუსულმა გამოცემა ASTRA-მ თვითმხილველთა მიერ გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოკადრების ანალიზის საფუძველზე დაადგინა, რომ მოსკოვის ოლქის ქალაქ პოდოლსკში შეტევა იყო ნავთობის საცავზე, სადაც ხანძარია.
დომოდედოვოში იწვის საწყობი ლოგისტიკური ცენტრის, „იუჟნაია ვრატას“ ტერიტორიაზე. დომოდედოვოში დრონი მოხვდა მრავალბინიან სახლსაც.
დომოდედოვოს საავადმყოფოს ტელეგრამ-არხზე 20 ივლისს დილით გამოქვეყნებული ცნობით, აფეთქებებით გამოწვეული ტრავმებით კლინიკაში იმყოფება 6 დაშავებული, მათ შორის სამი უცხოელი.
- დომოდედოვო მოსკოვის ოლქის უმსხვილესი ქალაქია. იქ მდებარეობს მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის ოთხიდან ერთ-ერთი ძირითადი აეროპორტი.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ვორობიოვის თანახმად, დრონებით შეტევის „ძირითადი შედეგები დაფიქსირებულია" პოდოლსკში, დომოდედოვოსა და ოდინცოვოში, სადაც დაზიანებულია რამდენიმე სახლი და „სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ცალკეული ობიექტები". ვორობიოვის ცნობით, დაშავდა 10 ადამიანი.
განახლება: 20 ივლისს დღისით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებმა მოსკოვის ოლქში დაარტყეს ლოგისტიკის ობიექტებს და ნავთობის ბაზას. ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ უკრაინის საზღვრიდან ამ სამიზნეებამდე 400-ს კილომეტრზე მეტია და მადლობა გადაუხადა უპილოტო სისტემების ძალებს, დაზვერვას, სარაკეტო ჯარებს, არტილერიას და სპეციალური ოპერაციების ძალებს.