აშშ-ის შეიარაღებული ძალები ზედიზედ მეცხრე ღამის განმავლობაში უტევდნენ ირანის ტერიტორიას. თეირანმა საპასუხო დარტყმების შესახებ განაცხადა.
19 ივლისის ღამის დარტყმების შემდეგ აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სოციალური ქსელებით გაავრცელა ზოგადი ცნობა, რომ სამიზნეებს შორის იყო ირანის სამეთაურო პუნქტები, საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო მონიტორინგის ობიექტები, საზღვაო ინფრასტრუქტურა და ადგილები, საიდანაც ირანის ძალები რაკეტებს და დრონებს უშვებენ.
ირანის მედიასაშუალებების ცნობით, აფეთქებები იყო თავრიზში, ბენდერ-აბასში, ბუშერსა და სხვა ქალაქებში. ირანის ხელისუფალთა თანახმად, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაიჭრა თავრიზთან მდებარე სამხედრო ობიექტზე დარტყმის შედეგად.
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ცნობით, შეერთებული შტატების მორიგი შეტევის პასუხად ამერიკულ სამხედრო ობიექტებს დაარტყეს ქუვეითში, იორდანიასა და სირიაში.
ასევე ნახეთ
ტრამპი გამოვიდა მოწოდებით, რუსეთის მიმართ სანქციების კანონპროექტში ირანიც დაემატოსიზრდება მსხვერპლი ამერიკელ სამხედროებს შორის
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) 19 ივლისს განაცხადა, რომ ერაყის ჩრდილოეთში ჩამოგდებული ირანული დრონის საბრძოლო მასალის გაუვნებლებისას, 18 ივლისს დაიღუპა ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. ერაყში ამერიკული ობიექტები ირანის ერთ-ერთი სამიზნეა.
მანამდე CENTCOM-მა დაადასტურა, რომ 17 ივლისს იორდანიაში ამერიკულ ბაზაზე ირანის შეტევის შედეგად მოკლულია ორი ამერიკელი სამხედრო.
შეერთებული შტატების ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან(2026 წლის 28 თებერვალი) დაღუპულია სულ მცირე 17 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე.
- შეერთებულმა შტატებმა ირანზე დარტყმები ივლისიდან განაახლა მას შემდეგ, რაც თეირანი დაადანაშაულა ივნისში ხელმოწერილი ურთიერთგაგების მემორანდუმის დარღვევასა და ჰორმუზის სრუტეში სატვირთო გემებზე თავდასხმაში.
- ირანმა, რომელიც მოითხოვს, რომ გემებმა მასთან შეთანხმებული მარშრუტით იმოძრაონ, განაცხადა, რომ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმების განახლების გამო ჰორმუზის სრუტე ისევ დაკეტა.
- ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის პორტების ბლოკადა განაახლა.
ამერიკული გამოცემა The Washington Post-ის ინფორმირებული წყაროების ცნობით, პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია სამხედრო ოპერაციის გაფართოებას განიხილავს. პენტაგონი რეგიონში დამატებით თვითმფრინავებს აგზავნის. გამოცემის წყაროები მიუთითებენ საფრთხეებზე, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტებისა და შორ მანძილზე დარტყმებისთვის საჭირო იარაღის მარაგების შემცირებით გამოწვეულ პრობლემებზე.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ვაშინგტონი კვლავაც მზად არის დიპლომატიისთვის, თუმცა გააგრძელებს პასუხის გაცემას სამოქალაქო გემებზე ირანის თავდასხმებსა და ჰორმუზის სრუტის გაკონტროლების მცდელობაზე. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხეს, რომ შუამავლების მეშვეობით აშშ-თან მოლაპარაკება გაგრძელდება, თუ დაცული იქნება ირანის ეროვნული ინტერესები.