კირ სტარმერმა ოფიციალურად დატოვა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რომელიც ზუსტად ორი წლის წინ, 2024 წლის ივლისში დაიკავა მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში მყოფმა ლეიბორისტებმა საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები დაამარცხეს.
დღეს, 20 ივლისს კირ სტარმერმა ბუკინგემის სასახლეში მეფე ჩარლზ მესამეს ოფიციალურად მიმართა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. მეფემ სტარმერის გადადგომა მიიღო.
- კირ სტარმერის შემდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობას უხელმძღვანელებს მმართველი ლეიბორისტული პარტიის ახალი თავმჯდომარე, 56 წლის ენდი ბერნემი. მანჩესტერის ყოფილი მერი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარედ 17 ივლისს აირჩიეს.
მეფესთან აუდიენციამდე კირ სტარმერმა ლონდონში, პრემიერის ოფისთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრობა იყო პრივილეგია და დარწმუნებულია, რომ ბრიტანეთი გახდა უფრო ძლიერი და სამართლიანი, ვიდრე ორი წლის წინ იყო. სტარმერის თანახმად, მისი პრემიერობის პერიოდში ეკონომიკა გაძლიერდა, შემცირდა ბავშვთა სიღარიბე და იმიგრაცია და მნიშვნელოვნად განმტკიცდა ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია.
სტარმერმა ბერნემს წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ მას მხარს სრულად უჭერს.
- კირ სტარმერმა 22 ივნისს გამოაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის და ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობების დატოვება გადაწყვიტა. ეს განაპირობა სტარმერის და ლეიბორისტული პარტიის რეიტინგის შემცირებამ. 2026 წლის მაისის ადგილობრივ არჩევნებში ლეიბორისტებმა მარცხი განიცადეს.