Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კირ სტარმერი ტოვებს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას

კირ სტარმერმა გადადგომის გადაწყვეტილება 22 ივნისს გამოაცხადა
კირ სტარმერმა გადადგომის გადაწყვეტილება 22 ივნისს გამოაცხადა

კირ სტარმერი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას ტოვებს. მან გადაწყვეტილება 22 ივნისს გამოაცხადა. სტარმერი ტოვებს მმართველი ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის პოსტსაც.

კირ სტარმერმა გადაწყვეტილება ოფიციალურად აცნობა დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამეს.

გადადგომის შესახებ კირ სტარმერის გადაწყვეტილება უკავშირდება მისი და ლეიბორისტული პარტიის რეიტინგის შემცირებას. 2026 წლის მაისის ადგილობრივ არჩევნებში ლეიბორისტებმა მარცხი განიცადეს.

22 ივნისს ლონდონში, პრემიერის რეზიდენციასთან გამართულ ბრიფინგზე სტარმერმა განაცხადა, რომ ლეიბორისტულ პარტიაში სულ უფრო ხშირად იყო შეკითხვა, არის თუ არა საუკეთესო ლიდერი, რომელიც პარტიას მომავალი არჩევნებისკენ გაუძღვება, საპარლამენტო ფრაქციისგან ამ შეკითხვაზე პასუხი მოისმინა და ამ პასუხს ღირსეულად იღებს.

კირ სტარმერმა ხაზი გაუსვა, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთი იდგა.

როგორც BBC წერს, ბრიტანეთში სტარმერს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ აქვს მკაფიო ხედვა, თუ საით უნდა წაიყვანოს ქვეყანა და როგორ უნდა გაუმჯობესდეს ეკონომიკური მდგომარეობა.

  • კირ სტარმერი ლეიბორისტული პარტიის ლიდერი 2020 წელს გახდა.
  • გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დაიკავა 2024 წლის ივლისში მას შემდეგ, რაც ოპოზიციაში მყოფმა ლეიბორისტებმა საპარლამენტო არჩევნებში კონსერვატორები დაამარცხეს.

კირ სტარმერი პრემიერ-მინისტრის მოვალეობას შეასრულებს, სანამ ლეიბორისტული პარტია ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევს და ის ოფიციალურად არ დაიკავებს პრემიერის თანამდებობას.

სტარმერმა ლეიბორისტული პარტიის აღმასრულებელ კომიტეტს უკვე მიმართა ახალი თავმჯდომარის არჩევნების გრაფიკის დასამტკიცებლად. კანდიდატებისგან განაცხადების მიღება 9 ივლისს დაიწყება.

ლეიბორისტულ პარტიას და მთავრობას სავარაუდოდ, სათავეში ჩაუდგება მანჩესტერის ყოფილი მერი ენდი ბერნემი, რომელმაც გასულ კვირაში დამაჯერებლად გაიმარჯვა მეიკერფილდის ოლქიდან პარლამენტის დეპუტატის რიგგარეშე არჩევნებში.

  • დიდ ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები 2029 წელს ჩატარდება. ლეიბორისტებს იმედი აქვთ, რომ მანამდე ამომრჩეველთა კეთილგანწყობას დაიბრუნებენ.





ფორუმი

XS
SM
MD
LG