ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დამატებით 50%-იანი საბაჟო გადასახადი დაუწესა კანადიდან იმპორტირებული სავაჭრო პროდუქციის ფართო სპექტრს - დაწყებული ჰოკიჯოხებითა და ღვინით და დასრულებული ცემენტით.
ტრამპის მიერ 20 ივლისს ხელმოწერილი სამი ბრძანების მიხედვით, დამატებითი გადასახადის დაწესების მიზეზია ამერიკული პროდუქციისადმი კანადის „დისკრიმინაციული დამოკიდებულება“, ხოლო მიზანი - ამერიკული ბიზნესის დაცვა და თანაბარი პირობების შექმნა ვაჭრობისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ამერიკული საექსპორტო საქონლით, როგორიცაა ავტომობილები, ალკოჰოლური სასმელები და რძის პროდუქტები.
ასევე ნახეთ
ტრამპი აცხადებს, რომ თავის ახალ გლობალურ ტარიფებს 15%-მდე გაზრდისკანადისთვის დაწესებული ახალი ტარიფები უნდა ამოქმედდეს ტრამპის მიერ ბრძანების ხელმოწერიდან 30 დღეში. ეს ნიშნავს აშშ-სა და კანადას შორის დაძაბული სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავებას.
აშშ-ს უკვე ამოქმედებული აქვს 15-50%-იანი ტარიფები სხვადასხვა კანადურ საქონელზე, მათ შორის ფოლადზე, ალუმინზე, სპილენძსა და ხის მასალაზე.
საბაჟო გადასახადი არ ვრცელდება ზოგიერთ პროდუქციაზე, მათ შორის ენერგომატარებლებზე.
კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ 20 ივლისს განაცხადა, რომ აშშ ვაჭრობის სფეროში განაგრძობს გარკვეული ხნის წინ დაწყებულ ცალმხრივ მოქმედებებს, რასაც კანადამ ანალოგიური ზომებით უპასუხა. კარნის თანახმად, კანადის მთავრობა მზად არის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების გასააქტიურებლად.