"წმინდა ავტორიტარული პარანოიაა" - გამოხმაურებები ჟურნალისტ ვახო სანაიას დაკავებაზე

ფოტოკოლაჟი: ვახო სანაიას 14-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.

ტვ "ფორმულის" ჟურნალისტ ვახო სანაიასთვის 14 -დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებას პოლიტიკოსებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტისთვის, რაც სასამართლომ შეურაცხყოფად მიიჩნია, ეხმაურებიან პოლიტიკოსები, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლები.

„ჟურნალისტების პოლიტიკოსების კრიტიკის გამო დაპატიმრება კანონი კი არა, წმინდა ავტორიტარული პარანოიაა!“ - დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

ოპოზიციური გაერთიანების, "კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს, რომ "ჩვენ ეტყობა დიქტატურა ტანკებით და ავტომატიანების მიერ ქუჩების გაკონტროლება გვგონია."

“ფეისბუქ სტატუსის გამო ჟურნალისტი ციხეში - როგორი აღდგენილი სამართლიანობაა, საამაყო ქართული ოცნება - ვახო სანაია, ჩემი მხარდაჭერა შენ", - დაწერა სოციალურ ქსელში ოპოზიციური პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ბუჩუკურმა.

ტელეკომპანია „ფორმულის“ ჟურნალისტისთვის 14-დღიანი პატიმრობის შეფარდებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გერმანელი ევროპარლამენტარი პარტია EPP-დან, მიხაელ გალერი და დაწერა, რომ "რამდენადაც დამამშვიდებელი არაა ის ფაქტი, რომ რუსეთში მას გაცილებით მეტს შეუფარდებდნენ, ეს აჩვენებს, თუ რომელ მხარეს დგას დღეს საქართველო - ევროპის ავტორიტარულ ნაწილში. საბჭოთა საქართველო რეალობა ხდება“.

კიდევ ერთი ევროპარლამენტარი ევროპის სახალხო პატიიდან (EPP) რასა უიკნევიჩიანე კი, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ "ევროკავშირმა ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს".


"ვახოს, რა თქმა უნდა, ეს ორი კვირა ვერ შეაშინებს. ვერც გააჩუმებს. ყველა უფლებადამცველ ორგანიზაციას მივმართავთ და ამ უკანონო და სამარცხვინო გადაწყვეტილებას რეაგირებაც აუცილებლად მოჰყვება.

მაგრამ ახლა, ბრაზთან ერთად, ყველაზე მეტად ერთ რამეზე ვფიქრობთ: როგორ შევინარჩუნოთ ისედაც უკიდურესად რთულ მდგომარეობაში მყოფი „ფორმულას“ მაუწყებლობა. რეჟიმი ჟურნალისტს საკანში უშვებს. მისი კოლეგების პასუხისმგებლობა კი ამ დროს ეთერის შენარჩუნებაა - იმისთვის, რომ საზოგადოებამ კვლავ გაიგოს ის, რის დამალვასაც ხელისუფლება ასე დაჟინებით ცდილობს. ვახო ამ ორ კვირას გაუძლებს.

ჩვენ კი ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დაბრუნებისას ეთერი დახვდეს", - დაწერა სოციალურ ქსელში "ფორმულის" ჟურნალისტმა, გადაცემა "კვირის ფორმულის" თანაწამყვანმა გიორგი თარგამაძემ.

“ეს არის ჟურნალისტების დაშინების კიდევ ერთი ახალი კამპანია და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ის, პირველ რიგში, ვახოს წინააღმდეგ იყო მიმართული, რადგან ვახო ყველას დაუმორჩილებლობის მაგალითს უჩვენებდა. მას აბსოლუტურად გაცნობიერებული ჰქონდა, რას აკეთებდა, რატომ აკეთებდა და რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ყველაფერს მისთვის, მათ შორის - ციხეც, თუმცა, თუ ვინმესთვის არ აქვს მნიშვნელობა ციხეში ჩაჯდომას და იქ ორი კვირის გატარებას, ეს ვახოა, რადგან იცის რისთვის იბრძვის. გაცნობიერებული აქვს, რომ დაუმორჩილებლობა დღეს ამ საშინელი, დიქტატორული, პარანოიდული რეჟიმის და პირადად ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთი მეთოდია", - უთხრა მედიას ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ ვახო სანაიას სახლთან, სადაც ის დააკავეს.

"მედიის ადვოკატირების კოალიციამ" გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ გმობენ ტელეკომპანია "ფორმულის" ჟურნალისტ ვახო სანაიას "მიმართ მიღებულ რეპრესიულ გადაწყვეტილებას".

“ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში სასამართლო, ისევე როგორც სხვა სახელმწიფო უწყებები, აქტიურად გამოიყენება რეპრესიული კანონების აღსრულებისა და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მექანიზმად. სოციალურ ქსელში გამოთქმული პოზიციის გამო ჟურნალისტის დაპატიმრება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი მედია და გამოხატვის თავისუფლება პირდაპირი თავდასხმისა და სისტემური ზეწოლის ქვეშ იმყოფება.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ვახო სანაიას და თითოეულ ჟურნალისტს, რომელიც საკუთარი პროფესიული საქმიანობისა და სამოქალაქო პოზიციის გამო რეპრესიული მექანიზმების სამიზნე ხდება", - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა, როგორც "საჯარო სივრცეში მოქალაქეთა გამოხატვის არალეგიტიმური შეზღუდვის, ცენზურისა და თვითცენზურის გარემოს შექმნის" კიდევ ერთ აშკარა მაგალითად. საიას თანახმად, ეს გადაწყვეტილება "ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა კონსტიტუციურ და ევროპულ სტანდარტებს, რომელთაც „ქართული ოცნებისა“ და შსს-ს წარმომადგენლები მიზანმიმართულად ამახინჯებენ და არასწორად წარმოაჩენენ".

"ცალსახაა, რომ გამოხატვის თავისუფლების მასობრივი, სისტემური კონტროლი ხდება ისეთი ფორმებითა და, მათ შორის, ისეთი კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც მარტივად იძლევა თვითნებური გამოყენების შესაძლებლობას, თავისი სიმძიმით შესაძლოა უტოლდებოდეს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ქმნის სისტემური ცენზურის ინსტიტუციურ მექანიზმებს და უგულებელყოფს გამოხატვის თავისუფლების დაცვის გარანტიებს“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.


მმართველი გუნდის გამოხმაურებები

ვახო სანაიასთვის პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურნენ "ქართული ოცნების", მმართველი გუნდის, წარმომადგენლებიც. პროსახელისუფლებო ტელეკომპანია "იმედის" მიერ გავრცელებულ კომენტარში იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ამბობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეესაბამება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს პრაქტიკას.

"სიძულვილის ენის მხარეს მდგომი ადამიანები იქნებიან ესენი ე.წ. პოლიტიკოსები თუ ე.წ. მედიის ე.წ. წარმომადგენლები თავიანთი ნაბიჯებით კიდევ ერთხელ ადასტურებენ სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას... როდესაც არაერთხელ, არაერთი სახდელის გამოყენების მიუხედავად, სიძულვილის ენით არის წარმოდგენილი კონკრეტული ადამიანი, აყენებს სხვას შეურაცხყოფას, ლახავს სხვის ღირსებას, არათუ ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება, არამედ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება სრულად შესაბამისობაშია ევროპულ პრაქტიკასთან და მათ შორის, კონვენციასთანაც", - ამბობს არჩილ გორდულაძე და ამატებს, რომ "მნიშვნელოვანია, რომ კანონი მოქმედებდეს, კანონი კანონობდეს. შესაბამისად, პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს სხვა ადამიანის ღირსებას".

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თორნიკე ჭეიშვილის თქმით, სამართალდამცავებს "სხვა ალტერნატივა არ რჩებოდათ".

"როდესაც სხვა უფრო მსუბუქი ღონისძიებები და სახდელები იყო ამოწურული, შემდგომ უკვე სამართალდამცავ უწყებებს რჩებოდათ ალტერნატივა, ამ შემთხვევაში - პატიმრობის სახით. ეს პროცესი, ზოგადად რომელიც იყო მიმართული პოლარიზაციის გამწვავებისკენ, რა თქმა უნდა, იყო გარედან მართული, გარედან ორკესტრირებული და აქ ადგილზე კონკრეტული პირები იყვნენ დაკავებულები იმით, რომ ამ შემთხვევაშიც, დაბეჯითებით ასრულებდნენ შესაბამის დავალებებს და ცდილობდნენ, რომ დაემკვიდრებინათ სიძულვილის ენა, ლანძღვა-გინება".


ვახო სანაიას დაკავება

მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ჟურნალისტი ვახო სანაია 22 ივლისს სამართალდამრღვევად ცნო პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილისა და დეპუტატ ვლადიმერ ბოჟაძის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო.

პოსტზე სამართლებრივი რეაგირებისთვის სასამართლოს მიმართა შს სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველომ.

სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებიდან მალევე, ვახო სანაია დააკავეს თავის სახლთან, სადაც პოლიციელების მისვლას ოჯახის წევრებსა და კოლეგა ჟურნალისტებთან ერთად ელოდა. სანაია მცხეთის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

ასევე ნახეთ

ჟურნალისტ ვახო სანაიას 14-დღიანი პატიმრობა შეეფარდა ფეისბუკპოსტის გამო

ვახო სანაია მანამდე, 10 ივლისს, მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა სხვა ფეისბუკსტატუსის გამო 6000 ლარით დააჯარიმა. სტატუსში სანაია წერდა: „ლადო ბოჟაძეს სიტყვა გაექცა ლევან მურუსიძეზე და ეგრევე გადააწნეს სახრე ზურგზე. იმედია, სუ *ლე არ ეძახეს, რადგან აკრძალულია კანონით ლადოსთვის *ლის დაძახება... აქვე მინდა, მოგიწოდოთ, ნურც თქვენ უწოდებთ ლადოს *ლეს“.

პატიმრობა კი მეორე სტატუსს მოჰყვა: „სტატუსი დავწერე, პაპუაშვილსა და ბოჟაძეს *ლეს ნუ ეძახით-მეთქი და 6 ათასი ლარით დამაჯარიმეს. რა ვიცი მაშინ აბა, ეძახეთ“, - დაწერა ვახო სანაიამ მოგვიანებით.

დღევანდელ სასამართლო სხდომას თავად ვახო სანაია არ დასწრებია.

როგორც მან უთხრა მოგვიანებით ტვ "ფორმულას", როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ მოსამართლეებმა, იმის თქმას, რისი სურვილიც აქვს, მას ვერავინ აუკრძალავს.

"თავად ეს სხდომები, რომელსაც მე არ ვესწრები, არის აბსურდული. არ არსებობს არანაირი გარემოება, სადაც მე ჩემი სიტყვის თავისუფლებას შევიზღუდავ. გამოხატვის თავისუფლება თუკი ქვეყანაში განადგურდება, ეს ნიშნავს, რომ ყველამ უნდა დაიდოს კლიტე პირზე და ეს ვერ მოხდება, ეს უნდა იცოდეს ივანიშვილმა“, - თქვა ვახო სანაიამ.

რას ედავებოდა სანაიას სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო

შს სამინისტროს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარში განმარტა თავიანთი შუამდგომლობის შინაარსი, რაც, მისი სიტყვებით, სასამართლომაც გაიზიარა.

"ჩვენი შუამდგომლობა დაფუძნებული იყო სამართალდამრღვევის ქცევაზე. წინა სასამართლო გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ მან გამოაქვეყნა პოსტი, რომელიც ასევე შეიცავდა შეურაცხმყოფელ გამოხატვას. შესაბამისად, ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ეს იყო სასამართლო გადაწყვეტილების უგულებელყოფა და სამართალდარღვევითი ქცევის განგრძობადობის მზაობა. ბატონი ვახტანგ სანაია არ ესწრება სასამართლო სხდომებს, არ იხდის სასამართლოს მიერ დაკისრებულ ჯარიმებს და სასამართლო პროცესების პარალელურად აგრძელებს სამართალდარღვევით ქცევას. შესაბამისად, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებებს ვერ ექნება ფორმალური ხასიათი, ჩვენი მხრიდან მიჩნეული იქნა, რომ მოცემულ საქმეზე შუამდგომლობის სახით უნდა დაგვეყენებინა პატიმრობის მოთხოვნა", - თქვა შსს-ს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ.

მისი სიტყვებით, ეს იყო სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის მესამე შემთხვევა ვახო სანაიას მხრიდან. რაც შეეხება კონკრეტულ პოსტს, ამასთან დაკავშირებით შსს-ს წარმომადგენელმა შემდეგი განმარტება გააკეთა.

"არ იყო დისტანცირება შეურაცხმყოფელი გამოხატვისგან, ეს იყო ირონიული და შეფარული შეურაცხყოფის ფორმა, რითაც იგი თვითონ ავრცელებდა შეურაცხმყოფელ ეპითეტებს. აქედან გამომდინარე, მისი ვითომდა ეს დისტანცირება ვერ იქნებოდა მიჩნეული პასუხისმგებლობისგან გამომრიცხავ გარემოებად, ვინაიდან გამოხატვის თავისუფლების შეფასების დროს კონკრეტული გამონათქვამი ექცევა თუ არა გამოხატვის თავისუფლებაში, მხოლოდ წინადადების ლიტერატურულ და გრამატიკულ წყობას, ამ შემთხვევაში, არ აქვს მნიშვნელობა შეფასებისთვის, არამედ მიზანს ასევე კონტექსტს და შინაარსს. რაც, ჩვენი მოსაზრებით, შეფასებული იქნა როგორც შეურაცხმყოფელი გამოხატვა და სასამართლოს მხრიდანაც აღნიშნული ამგვარად იქნა გაზიარებული", - თქვა შსს-ს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარმომადგენელმა მარიამ კერესელიძემ.

სასამართლოებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყოველდღე რამდენიმე პროცესი ტარდება სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს წარდგენილ საქმეებზე.

სხდომებზე, რომლებიც ხანდახან სულ რამდენიმე წუთს გრძელდება, შსს მოქალაქეებს სოციალურ ქსელში პოლიტიკოსების, და არა მხოლოდ მათ, საჯარო შეურაცხყოფას ედავება.

პირველი ივნისიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ახალი სამმართველოს ინსპექტორები, როგორც თავად უწოდებენ, სოციალური ქსელების „მონიტორინგს“ შეუდგნენ, უკვე არაერთი ადამიანია დაჯარიმებული 1 500-დან 6 000 ლარამდე.

ვახო სანაია პირველია, ვისაც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტის გამო პატიმრობა შეუფარდეს.

მანამდე, 25 ივნისს, ფეისბუკში ვახო სანაიას შეურაცხყოფისთვის, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 2000 ლარით დააჯარიმა ზურაბ ოსიყმაშვილი.

რა მუხლებით ედავება ფეისბუკის მომხმარებლებს შს სამინისტრო?

ორი მუხლით:

  • #1 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე 16 პრიმა მუხლი - სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის, სახელმწიფო მოსამსახურის, სახელმწიფო მოსამსახურესთან გათანაბრებულის ან/და საჯარო მოსამსახურის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლანძღვა-გინება, მასზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება. ეს სამართალდარღვევა ითვალისწინებს 1500-დან 4000 ლარამდე ჯარიმას ან 45-დღიან პატიმრობას. თუკი დარღვევა განმეორდება, ჯარიმა 2500-დან 6000 ლარამდე იზრდება, პატიმრობა კი - 60 დღემდე.
  • #2 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლი - წვრილმანი ხულიგნობა - საჯარო სივრცეში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან/და მოქალაქეთა სიმშვიდეს. ეს სამართალდარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე. განმეორების შემთხვევაში, ჯარიმა 3 000-დან 5 000 ლარამდე იზრდება ან წესდება პატიმრობა 5-დან 60 დღემდე.


*მასალაში შევიდა დამატებები მოგვიანებით გაკეთებული განცხადებებისა კომენტარების საფუძველზე.