ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი პოლიციაში მისვლის შემდეგ დააკავეს

ონისე ოქრიაშვილს თავს 22 ივლისს დაესხნენ.

კომიკოს ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი დაკავებულია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი იუწყება, ის თავად გამოცხადდა პოლიციაში.

შსს-ს განცხადების მიხედვით:

  • „გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 ივლისს, თბილისში, ბრალდებულმა, ფიზიკურად იძალადა ონისე ოქრიაშვილზე და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“
  • „დანაშაულის ჩადენიდან მალევე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა ერთი პირი, რომელიც სამართალდამცველებმა ბრალდებულის სახით დააკავეს“.

ოქრიაშვილს სცემეს 22 ივლისს, გვიან საღამოს, ვაკეში, თავისი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს. ამის შემდეგ მას კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა.

მისმა ცოლმა, მარიამ სამუშიამ განაცხადა, რომ მოძალადემ მოტივად დაასახელა ნოდარ დუმბაძის შესახებ ხუმრობა.

ასევე ნახეთ

„დუმბაძეს როგორ აგინე“ - აქციების მონაწილე კომიკოსს სახლთან სამმა კაცმა სცემა

საბაბი - „ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები“

თვითმხილველის გადაღებულ ვიდეოში ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი მას ეუბნება: „ნოდარ დუმბაძეს აგინე... ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო“.

„მერე მოვიდა პოლიცია და მეც პოლიციასთან ერთად მოვისმინე, რომ გააჩერა ქუჩაში ამ სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინაო და დაუწყეს ცემა“, - თქვა ოქრიაშვილის ცოლმაც.

  • ონისე ოქრიაშვილმა 19 ივლისს ჩაწერა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა მას აშავებდა და ადამიანებს მის წინააღმდეგ აქეზებდა.
  • საუბარია ვიდეოზე, რომელშიც ოქრიაშვილი მწერალ ნოდარ დუმბაძეს ახსენებს და უცენზურო სიტყვას იყენებს.
  • 19 ივლისს მან განმარტა, რომ ამ ვიდეოში „გინება კი არ არის, ჰიპოთეტურად ვლაპარაკობთ და ყველაზე აბსურდული რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს“. ჩანაწერი ერთ-ერთი „სტენდაპ-შოუდან“ არის ამოჭრილი.

ონისე ოქრიაშვილს აქციების არაერთმა მონაწილემ და საჯარო ფიგურამ გამოუცხადა სოლიდარობა, მათ თანახმად, „გაშავების კამპანიის“ ფონზე.

მაგალითად, იუტუბერმა, „არაფერი სასაცილოს“ წამყვანმა ბექა ყორშიამ 21 ივლისს დაწერა: „მეგონა, მის წინააღმდეგ წამოწყებული ეს კამპანია მალევე მიცხრებოდა, მაგრამ აგერ მესამე დღეა, დასასრული არ უჩანს. ტვ იმედი, რუსთავი 2 და პოსტივი ორკესტრირებულად უტევენ. გუშინ დილის, შუა დღის და მთავარ გამოშვებებში ამაზე იყო ლაპარაკი“.

„ამას დამატებული ასობით ტროლგვერდი. ჩვენ ვუყურებთ, როგორ უნდათ, გაანადგურონ ადამიანი მორალურად. როგორ გეშავენ მთელს ქვეყანას მის წინააღმდეგ. ამ საფრთხის წინაშე დგას ყველა, ვინც წინააღმდეგობაშია. საერთოდ არავინ არის დაცული“, - წერდა ყორშია.

მარიამ სამუშიას თქმით, ოქრიაშვილი გეგმავდა, ეჩივლა „პროპაგანდისტული არხებისთვის“, რადგან რაც მათ გააკეთეს, არის „ცილისწამება“:

„ცილისწამება გაავრცელეს ყველა პროპაგანდისტულ მედიაში და დღეს აგერ ცემეს ადამიანი. ეს არის ხელოვნურად გაღვივებული ზიზღი ადამიანებს შორის და არის დანაშაული, რაც მოეკითხება „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელს“, - თქვა მან.