როგორ ივლის ტრანსპორტი რუსთაველის გამზირზე რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ

ფოტო მაკეტიდან

23 ივლისის 00:00 საათიდან დედაქალაქის მთავარი გამზირის რეაბილიტაცია დაიწყო. ავტომობილებისთვის გადაადგილება აიკრძალა თავისუფლების მოედნიდან ჭოველიძის ქუჩამდე.

რადიო თავისუფლებამ შესყიდვების სააგენტოს ვებსაიტზე მოძებნა საგზაო მოძრაობის ის სქემა, რომელიც რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ამუშავდება.

ჭოველიძის ქუჩიდან რუსთაველის მეტრომდე

ჭოველიძის ქუჩიდან კოსტავას გამზირის #8-მდე ველობილიკი იქნება, რომელსაც შემდეგ BusLane შეცვლის. რუსთაველის მეტროსადგურის წინ ორზოლიანი ჩასახვევი კეთდება ელბაქიძის დაღმართზე მიმავალი ავტომობილებისთვის.

ჭოველიძის ქუჩიდან რუსთაველის მეტრომდე

რუსთაველის მეტროდან ფოსტის ძველ შენობამდე

თავისუფლების მოედნისკენ წამსვლელი ავტობუსები კვლავ BusLane-ებში იმოძრავებენ, ერთი ზოლი დაეთმობა სხვა ტიპის ტრანსპორტს. საპირისპირო მიმართულებით კი ორზოლიანი მოძრაობა იქნება.

არსებულ ადგილებზე რჩება ავტობუსის გაჩერებები, რომლებსაც ორივე ბოლოში „ზებრა გადასასვლელი“ ექნება.

რუსთაველის მეტროდან ფოსტის ძველ შენობამდე

ფოსტის შენობიდან ოპერამდე

გზის ამ მონაკვეთზე BusLane ისევ ერთი მიმართულებით იქნება. მოეწყობა „ზებრა გადასასვლელიც“.

ფოსტის შენობიდან ოპერამდე

ოპერიდან პარლამენტის შენობამდე და თავისუფლების მოედნამდე

ოპერიდან პარლამენტის შენობამდე და თავისუფლების მოედნამდე

ოპერიდან პარლამენტის შენობამდე და თავისუფლების მოედნამდე

გამზირის რეაბილიტაცია ბოლო რამდენიმე წელია იგეგმება - ინფრასტრუქტურა მოძველებულია.

  • რეაბილიტაციის დასრულების თარიღად თბილისის მერმა 2026 წლის ნოემბრის ბოლო დაასახელა;
  • კახა კალაძემ ჯერ კიდევ 2023 წლის ნოემბერში განაცხადა, რომ რუსთაველის გამზირის სამუშაოები 2024 წლიდან დაიწყებოდა. მაშინ მან თქვა, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ წელზე მეტხანს გაგრძელდებოდა;
  • ბოლოს სამუშაოები 2025 წელს იგეგმებოდა, თუმცა 24 მარტს კალაძემ თქვა, რომ პროექტი 2026 წლამდე გადაიდო.

ასევე ნახეთ

23 ივლისიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია იწყება - პროექტი ₾20 მლნ ჯდება

კონტრაქტორები

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ტენდერში, - რომლის სავარაუდო ღირებულებაც 20 მილიონ ლარამდეა, - 2026 წლის ივლისის დასაწყისში გამარჯვებულად გამოვლინდა შპს „სმარტ სოლუშენსი“.

სამეწარმეო რეესტრის თანახმად, ეს არის 2015 წელს რეგისტრირებულია კომპანია, რომელსაც ფლობს ლევან გოგსაძე.

კომპანიის დირექტორები არიან ის და გურამ კეკუა.

კომპანიას, შესყიდვების საიტზე გამოქვეყნებული კონტრაქტების თანახმად, 30 მილიონ ლარზე მეტის ღირებულების არაერთი კონტრაქტი აქვს შესრულებული.

პროექტი სამ ნაწილად

ტენდერების საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმადვე, პროექტი სამ ნაწილადაა დაყოფილი და ამ კომპანიასთან სამი კონტრაქტია დადებული:

  • თამარ ჭოველიძის ქუჩიდან სავაჭრო ცენტრ „მერნამდე“;
  • „მერნიდან“ - ბესიკის ქუჩამდე;
  • ბესიკის ქუჩიდან - თავისუფლების მოედნამდე.

კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას, სულ 2 კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს.

რა გაკეთდება - კალაძის დაპირება

21 ივლისს კახა კალაძემ განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები:

  • შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები;
  • ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში;
  • დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც.

განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, „სრულად შეიცვლება“ გარე განათების ქსელი, განახლდება „მწვანე სივრცეები“ და დაირგვება ახალი ხე-მცენარეები.

„მოეწყობა მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები, დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები და გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ასევე ნახეთ

კალაძე მესამედ - თბილისის მერის წინა 8 წელი

სატრანსპორტო სქემაც დროებით იცვლება

მერიის ცნობით, საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ალტერნატიული მარშრუტებით:

  • პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ივანე თარხნიშვილის, ვასილ ბარნოვის, კოტე მაყაშვილის, პოლიკარპე კაკაბაძის, დანიელ ჭონქაძის, ამაღლების, ლადო ასათიანისა და შალვა დადიანის ქუჩების გამოყენებით;
  • ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრავი ავტომობილები შემოვლას შეძლებენ რევაზ თაბუკაშვილისა და სანდრო ინაშვილის ქუჩების, პირველი რესპუბლიკის მოედნის, გიორგი ახვლედიანისა და ნიკო ნიკოლაძის ქუჩების გავლით;
  • მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირისკენ მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ რევაზ თაბუკაშვილის, რევაზ ლაღიძის, მარი ბროსეს ქუჩებისა და ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპიროს საშუალებით;
  • ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩა - ვანო სარაჯიშვილის ქუჩიდან ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩის კვეთამდე გახდება ორმხრივი.