ძალადობას გმობენ, მაგრამ თავდამსხმელის ესმით - ონისე ოქრიაშვილის ცემას "ოცნებაში" გამოეხმაურნენ

ფოტოკოლაჟი. მარცხნიდან მარჯვნივ გია აბაშიძე, ირაკლი ზარქუა და ონისე ოქრიაშვილი

მმართველი პარტიის წარმომადგენელი პარლამენტში ირაკლი ზარქუა, ეხმაურება კომიკოს ონისე ოქრიაშვილზე 22 ივლისს მომხდარ თავდასხმას, რასაც წინ უსწრებდა პროსახელისუფლებო მედიების მიერ მასზე მომზადებული უარყოფითი შინაარსის სიუჟეტები ხუმრობის გამო, რომელშიც მწერალ ნოდარ დუმბაძეს ახსენებდა.

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა მედიასთან საუბარში, ერთი მხრივ, ძალადობას გმობს, ამავდროულად ამბობს, რომ "არ შეიძლება ყველაფერზე ხუმრობა" და რომ იქნებიან ადამიანები, რომლებიც "ქართველი ხალხისთვის საამაყო" მწერლების თუ საზოგადო მოღვაწეების შეურაცხყოფას "არ აპატიებენ".

ხელისუფლების მხარდამჭერი ანალიტიკოსის, გია აბაშიძის მოსაზრებით კი, "უპრიანი" იქნება "საზოგადოების პეტიცია", რათა "ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს", არ "იჯდეს ციხეში!"

"ცუდია რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება"

"ყველას მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, რომ პატივი ვცეთ ჩვენს ენას, მამულს, სარწმუნოებას, ეკლესიას, ჩვენს პოეტებს, მწერლებს. ეს არის სწორი მიდგომა და შემდეგ არიან საქართველოში, რომლებიც არ გაპატიებენ ასეთ შეურაცხყოფებს. ბუნებრივია, არ არის ეს სწორი ფორმა, არ არის ეს მისაღები. კიდევ ერთხელ, მიუღებელია ეს ძალადობა, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა", - უთხრა ზარქუამ ჟურნალისტებს 23 ივლისს, ოქრიაშვილზე თავდასხმის მეორე დღეს.

"ნუ არ არის ლამაზი, მძიმეა და ბუნებრივია, მიუღებელია ძალადობა, რაც არ უნდა, ასე ვთქვათ, ფაქტორით იყოს ეს განსაზღვრული. კიდევ ერთხელ, მე ყველას მოვუწოდებ, რომ მაქსიმალურად სიტყვით, მაქსიმალურად, აი, რაღაც ურთიერთდანდობით იყოს ეს ურთიერთობები გარკვეული. ეს, ერთის მხრივ, ხოლო მეორეს მხრივ, მე ყველას ამავე დროს მოვუწოდებ, რომ არ შეიძლება იმ ადამიანებზე, რომელიც საამაყოა ნებისმიერი ქართველისთვის, ეს იქნებიან მწერლები, საზოგადო მოღვაწეები, პოეტები თუ, არა აქვს მნიშვნელობა, არ შეიძლება უდიერად მოხსენიება, არ შეიძლება შეურაცხყოფის მიყენება, არ შეიძლება გინება და ლანძღვა-გინება, რასაც ჩვენ ვისმენთ. და ამის შემდეგ ასეთი რაღაც რომ მოხდება, ბუნებრივია, არავინ არ არის ამისგან დაზღვეული.

ამიტომ ყველას მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, რომ პატივი ვცეთ ჩვენს ენას, მამულს, სარწმუნოებას, ეკლესიას, ჩვენს პოეტებს, მწერლებს. ეს არის სწორი მიდგომა და შემდეგ არიან საქართველოში, რომლებიც არ გაპატიებენ ასეთ შეურაცხყოფებს. ბუნებრივია, არ არის ეს სწორი ფორმა, არ არის ეს მისაღები. კიდევ ერთხელ, მიუღებელია ეს ძალადობა, თუმცა მოხდა ის, რაც მოხდა", თქვა ირაკლი ზარქუამ მედიასთან საუბარში დღეს, 23 ივლისს.

"წეღან ვსაუბრობდი, რომ არ შეიძლება ყველაფერზე ხუმრობა. არ შეიძლება ის ადამიანები, რომელიც გვეამაყება ქართველებს, რომლის ნაწარმოებზეც გავიზარდეთ. რომელი ერთი ჩამოვთვალო, ჯერ ბავშვობაში "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი", შემდეგ 90-იანებიდან გამოვედით, შემდეგ "თეთრი ბაირაღები", "მე ვხედავ მზეს" და ბოლოს რაც დაწერა "მარადისობის კანონი", ბოლო-ბოლო რაღაცა წაიკითხე შე დალოცვილო, გაიაზრე რაც იქ წერია. რა ღირებულებებზე საუბრობს, ურთიერთგატანაზე, გვერდში დგომაზე, არა ლანძღვა-გინებაზე. შენ, როდესაც იმდენი გააზრება არ შეგწევს, რომ არ იხუმრო არც ეკლესიაზე, არც პატრიარქზე, არც მწერლებზე, არ აგინო, არ ლანძღო, ამდენი შეგნება თუ არა გაქვს, შემდეგ ვერ დაგიცავს ეს პოლიცია ყველგან. იმიტომ, რომ საზოგადოებას თავისი რეაქცია ექნება. მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ცუდია ვგმობ, არ არის სწორი, რომ ეს ცემა-ტყეპა გავმართოთ ჩვენ ქუჩებში, ჩემს თავსაც ვეუბნები, მეც ვიყავი ასეთი პროვოკაცია, რომ მომიწყოს, ვერ შევიკავე თავი და ალბათ არ იყო ლამაზი.

მაგრამ კიდევ ერთხელ... არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო. შენი აზრი, კრიტიკა შეგიძლია გამოხატო აკადემიურად, მაგრამ არ შეაგინო, არ გალანძღო და ამას შემდეგ რომ მოჰყვება ... და აბრალებ ახლა ტელევიზიას, რომ ესე იგი ტელევიზიის დამსახურებაა, რომ მე გამლახესო, ნუ არ არის ეს სწორი ფორმულირება. ყველამ საკუთარ თავში ვეძებოთ ის პრობლემები, რაც ჩვენს თავს არის.

ხოდა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ცუდია რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება, ეს კარგად მინდა ყველამ იცოდეს. იმანაც, მისმა საძმაკაცომაც თუ სადაქალომაც და დანარჩენებმა კიდევ, ვინც არიან, არ შეიძლება იხუმრო... ხუმრობა რა? ბევრი თემაა სახუმარო, მაგრამ ისე უნდა გააკეთო, რომ სხვას შეურაცხყოფა არ მიაყენო. თან, ბევრ ადამიანს, უმრავლესობას, საქართველოს მოქალაქეებს, ვისთვისაც, ჩვენთვის ეს ადამიანები საამაყო არიან და ასე იქნებიან მუდმივად და მომავალშიც. ეს არის და ეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ცუდია რაც მოხდა, მიუღებელია ეს ძალადობა", - თქვა ზარქუამ.

ამასთან ზარქუა შენიშნავს, რომ თავდამსხმელი თავად მივიდა პოლიციაში და "შესაბამისად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან".

მან ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად ილაპარაკა ტელევიზიის პასუხისმგებლობის თემაზეც და "არასწორი" უწოდა განცხადებებს, თითქოს მათ წაახალისეს ძალადობა: "მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ცუდია, ვგმობ, არ არის სწორი, რომ ეს ცემა-ტყეპა გავმართოთ ჩვენ ქუჩებში. ჩემს თავსაც ვეუბნები, მეც ვიყავი, ასეთი პროვოკაცია რომ მომიწყვეს, ვერ შევიკავე თავი და ალბათ არ იყო ლამაზი.

მაგრამ კიდევ ერთხელ... არ შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენო. შენი აზრი, კრიტიკა შეგიძლია გამოხატო აკადემიურად, მაგრამ არ შეაგინო, არ გალანძღო და ამას შემდეგ რომ მოჰყვება ... და აბრალებ ახლა ტელევიზიას, რომ ესე იგი ტელევიზიის დამსახურებაა, რომ მე გამლახესო, ნუ არ არის ეს სწორი ფორმულირება. ყველამ საკუთარ თავში ვეძებოთ ის პრობლემები, რაც ჩვენს თავს არის".

"პროვოკაცია", რომელსაც ირაკლი ზარქუა ახსენებს, არის 2025 წლის იანვარში სამოქალაქო აქტივისტ ლაშა გაბიტაშვილთან აბუ-დაბიში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება.
"ჰო, რაღაც ინციდენტი მოხდა, არ არის ეს საამაყო, უბრალოდ, ერთი რამ უნდა ვიცოდეთ ყველამ - ქართველები ვართ, თავმოყვარე ერი, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის პასუხი გვექნება და ასე გავცემთ ყოველთვის პასუხს. ეს არის და ეს“, - თქვა მაშინ ზარქუამ.

ასევე ნახეთ

თავდასხმის შემდეგ ლაშა გაბიტაშვილს ტვინის შერყევა აქვს

"ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში!"

ხელისუფლების ღია მხარდამჭერი, ანალიტიკოსი გია აბაშიძე საზოგადოების მხრიდან "პეტიციის" შექმნას მიიჩნევს "უპრიანად", რათა ნოდარ დუმბაძის "დამცველი" "არ იჯდეს ციხეში".

"პიროვნება, რომელმაც ვერ აიტანა ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფა ვიგინდარა ონისე ოქრიაშვილისგან, თავად ჩაბარდა პოლიციას, მისი ადგილი არაა საკანში! ნაცასპიტების შხამიანი, ფსევდოლიბერალური იდეოლოგიით აღმოცენებული სარეველები სხვადასხვა უნივერსიტეტებში თუ ძონძ-არტში, ვერასდროს შექმნიან დღის წესრიგს საქართველოში. ვინც დიად ნოდარ დუმბაძეს იცავს, ის არ უნდა იჯდეს ციხეში! შესამაბამისი საზოგადოებრივი პეტიცია უპრიანი იქნება", - წერს აბაშიძე სოციალურ ქსელში.


ასევე ნახეთ

„დუმბაძეს როგორ აგინე“ - აქციების მონაწილე კომიკოსს სახლთან სამმა კაცმა სცემა

რა მოხდა?

კომიკოს ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი დაკავებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, ის თავად გამოცხადდა პოლიციაში.

ოქრიაშვილს სცემეს 22 ივლისს, გვიან საღამოს, ვაკეში, თავისი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს. ამის შემდეგ მას კლინიკაში გამოკვლევები ჩაუტარდა.

თავდასხმას წინ უსწრებდა ხელისუფლების მომხრე ტელემაუწყებლების მიერ გავრცელებული მცირე ნაწყვეტი იუტუბ-შოუდან, რომელშიც კომიკოსი პოპულარული მწერლის ხსენებისას უცენზურო სიტყვას იყენებს.

ონისე ოქრიაშვილმა 19 ივლისს სოციალური მედიით გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ პროპაგანდა "მას აშავებდა და ადამიანებს მის წინააღმდეგ აქეზებდა".

მან განმარტა, რომ ამ ვიდეოში „გინება კი არ არის, ჰიპოთეტურად ვლაპარაკობთ და ყველაზე აბსურდული რაც მახსენდება მაგ მომენტში, ვამბობ ნოდარ დუმბაძეს“.

არსებობს ოქრიაშვილზე თავდასხმის მომენტის ვიდეოჩანაწერიც.

„ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები?!“

თვითმხილველის გადაღებულ ვიდეოში ისმის, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ოქრიაშვილს ეუბნება: „ნოდარ დუმბაძეს აგინე... ნოდარ დუმბაძეს როგორ ეხები, შე **ეო“.

„მერე მოვიდა პოლიცია და მეც პოლიციასთან ერთად მოვისმინე, რომ გააჩერა ქუჩაში ამ სამმა ბიჭმა, შენ ხომ ის ხარ, ნოდარ დუმბაძეს რომ აგინეო და დაუწყეს ცემა“, - უთხრა ოქრიაშვილის მეუღლემ, მარიამ სამუშიამ, რადიო თავისუფლებას.

23 ივლისს ტვ "პირველთან" საუბარში ონისე ოქრიაშვილმა თქვა, რომ მისდამი ძალადობა მანიპულაციურად დამახინჯებულმა იმ გამონათქვამებმა გამოიწვია, რას მას არ ეკუთვნის.

"ყველა ის ნათქვამი, რაც მიაკერეს ჩემს ნათქვამს, ჩემს შემოქმედებას, ჩემს საქმიანობას არის უკონტექსტო და მანიპულაციური და საბოლოოდ ამან ის შედეგი მიიღო, რომ მოამწიფეს საზოგადოებაში განწყობა, რომ ჩემზე ძალადობა შეიძლება არ არის ცუდი იდეა.

შემდეგ უკვე დაიქირავეს ადამიანები, რომლებიც ჩამისაფრდნენ სახლთან ღამით, როცა მე მოვდიოდი აქციიდან და გამისწორდნენ ფიზიკურად. მე არ ვიცი, ამ ადამიანებს ფული გადაუხადეს, რაიმეს დაპირდნენ თუ უბრალოდ დააჯერეს, რომ მე ვიმსახურებდი ასეთ ჩასაფრებას..." - თქვა ონისე ოქრიაშვილმა.

ჯერ კიდევ თავდასხმამდე, ონისე ოქრიაშვილს საპროტესტო აქციების არაერთმა მონაწილემ და საჯარო ფიგურამ გამოუცხადა სოლიდარობა.

პოპულარულმა იუტუბერმა, „არაფერი სასაცილოს“ წამყვანმა ბექა ყორშიამ 21 ივლისს დაწერა: „მეგონა, მის წინააღმდეგ წამოწყებული ეს კამპანია მალევე მიცხრებოდა, მაგრამ აგერ მესამე დღეა, დასასრული არ უჩანს. ტვ იმედი, რუსთავი 2 და პოსტივი ორკესტრირებულად უტევენ. გუშინ დილის, შუა დღის და მთავარ გამოშვებებში ამაზე იყო ლაპარაკი“.

„ამას დამატებული ასობით ტროლგვერდი. ჩვენ ვუყურებთ, როგორ უნდათ, გაანადგურონ ადამიანი მორალურად. როგორ გეშავენ მთელს ქვეყანას მის წინააღმდეგ. ამ საფრთხის წინაშე დგას ყველა, ვინც წინააღმდეგობაშია. საერთოდ არავინ არის დაცული“, - წერდა ყორშია.

მარიამ სამუშიას თქმით, ოქრიაშვილი „პროპაგანდისტული არხების" წინააღმდეგ, "ცილისწამების გამო“, ჩივილსაც აპირებდა: „ცილისწამება გაავრცელეს ყველა პროპაგანდისტულ მედიაში და დღეს აგერ ცემეს ადამიანი. ეს არის ხელოვნურად გაღვივებული ზიზღი ადამიანებს შორის და არის დანაშაული, რაც მოეკითხება „ქართული ოცნების“ ყველა წარმომადგენელს“, - თქვა მან.

მომხდარს გამოეხმაურა ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი ნოდარ თოფურიძე და სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს ან იდიოტის. ესაა ჩემი კომენტარი".

ეს არის პირველი შემთხვევა როდესაც კომიკოსებს, მსახიობებს, მუსიკოსებს მათ მიერ გამოთქმული მოსაზრების, ხუმრობისა და სიმღერის საბაბით ფიზიკურად გაუსწორდნენ.



ასევე ნახეთ

თავს დაესხნენ კიდევ ერთ მუსიკოსს, Kordz-ს, რომელმაც „ოლე ოლა“ შეასრულა