შეერთებულმა შტატებმა ახალი საბაჟო ტარიფები დაუწესა 60 ქვეყანას

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ახალი საბაჟო გადასახადები დაუწესა 60 ქვეყნიდან იმპორტირებულ პროდუქციას. ვაშინგტონმა გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ეს ქვეყნები ეფექტიანად ვერ უზრუნველყოფენ იძულებითი შრომის გამოყენებით წარმოებული საქონლის იმპორტის აკრძალვის დაცვას.

აშშ-ის ეს პრეტენზია უკვე უარყო არაერთმა ქვეყანამ.

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი თეთრმა სახლმა 23 ივლისს გამოაქვეყნა. ჩამონათვალში არიან როგორც აშშ-ის მოკავშირე, ისე მთავარ მეტოქეებად მიჩნეული ქვეყნები.

24 ივლისიდან ამოქმედებული ახალი ტარიფები, რომლებიც 10%-დან 12,5%-მდეა, ეხებათ ევროკავშირს, დიდ ბრიტანეთს, შვეიცარიას, ავსტრალიას, ისრაელს, თურქეთს, იაპონიას, ჩინეთს, რუსეთს, ინდოეთს და კიდევ ათეულობით ქვეყანას აფრიკაში, აზიაში, სპარსეთის ყურესა და ამერიკის კონტინენტებზე.

გადაწყვეტილების საფუძვლად დასახელებულია გამოძიება, რომელიც ამ ქვეყნების მიმართ 2026 წლის მარტში დაიწყო აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა.

ამერიკული მხარის მონაცემებით, ახალი საბაჟო გადასახადები ვრცელდება მთლიანი იმპორტის 99,4%-ზე. მათ შორის არ არის ფოლადი და ალუმინი, რომელთა იმპორტზეც სხვა ტარიფი მოქმედებს. არ არის არც ნავთობი და გაზი.

ასევე ნახეთ

ტრამპმა 50%-იანი ტარიფი დაუწესა კანადიდან იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს

ტრამპის ადმინისტრაციამ ახალი ტარიფებით პრაქტიკულად, შეცვალა აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მსოფლიოს ათეულობით ქვეყნის წინააღმდეგ ადრე დაწესებული 10%-იანი საბაჟო გადასახადი, რომელიც უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ აშშ-ის შეფასება, რომ ევროკავშირი იძულებითი შრომის აკრძალვას ეფექტიანად ვერ აკონტროლებს, უსაფუძვლოა. კალასმა ვაშინგტონის გადაწყვეტილებას მოულოდნელი უწოდა.

აშშ-ის ბრალდება უარყო შვეიცარიამაც. ვაშინგტონის ქმედებებს სრულიად გაუმართლებელი უწოდა ავსტრალიის მთავრობამ.

  • აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპმა სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტარიფი დაუწესა მსოფლიოს ათეულობით ქვეყნიდან იმპორტირებულ პროდუქციას.
  • ტრამპი მიზეზად იმას ასახელებდა, რომ აშშ ამ ქვეყნებთან არათანაბარ პირობებში იმყოფება.
  • დონალდ ტრამპის ტარიფების პოლიტიკამ გამოიწვია სავაჭრო ურთიერთობების დაძაბვა არაერთ, მათ შორის ტრადიციულად მოკავშირე სახელმწიფოსთან და ფასების ზრდა თავად აშშ-ში.