კიროვის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ სოკოლოვის ტელეგრამ-არხზე დილით გამოქვეყნებული ცნობით, რაკეტით შეტევა იყო საწარმოზე, არიან დაშავებულები და ადგილზე ოპერატიული სამსახურები მუშაობენ. სოკოლოვს არც დაშავებულთა რიცხვი დაუსახელებია და არც კონკრეტული საწარმო.
განახლება: 24 ივლისს დღის პირველი საათისთვის გუბერნატორმა სოკოლოვმა ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ საწარმოზე დარტყმის შედეგად ადგილზე დაიღუპა 6 ადამიანი. 30-მდე დაშავდა. კონკრეტული საწარმო ისევ არ უხსენებია.
დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA თვითმხილველების მიერ კიროვში გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოკადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ შეტევა იყო ქარხანა „ავიტეკზე“, რომელიც რუსეთის არმიისთვის აწარმოებს საზენიტო რაკეტებს და სამხედრო დანიშნულების სხვა პროდუქციას.
მონიტორინგის უკრაინული ტელეგრამ-არხების ცნობითაც, კიროვში უკრაინის სამიზნე ეს ქარხანა იყო. უკრაინული წყაროების თანახმად, „ავიტეკზე“ დარტყმა იყო უკრაინული წარმოების ფრთოსანი რაკეტით „ფლამინგო".
ქარხანა „ავიტეკი“ სანქცირებულია აშშ-ის, უკრაინის და სხვა ქვეყნების მიერ.
განახლება: 24 ივლისს დღისით უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ თავდაცვის ძალებმა რუსეთის ქალაქ კიროვში დაარტყეს „ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამხედრო საწარმოს“. ზელენსკის სოციალური ქსელებით გავრცელებულ ინფორმაციაში ქარხნის სახელი არ დაუკონკრეტებია, თუმცა ხაზი გაუსვა, რომ ის „კომპონენტებს აწვდის ოკუპანტის საავიაციო და სარაკეტო ტექნიკას, რომელსაც უკრაინის ქალაქებსა და თემებზე მასირებული დარტყმებისთვის იყენებენ".
მორიგი შეტევა Wildberries-ის ცენტრებზე
24 ივლისს უკრაინული დრონებით შეტევა იყო ონლაინ-გაყიდვების უმსხვილესი რუსული კომპანიის, Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრებზე პეტერბურგსა და ანექსირებული ყირიმის ქალაქ სიმფეროპოლში.
რუსეთის ტვერის ოლქის გუბერნატორ ვიტალი კოროლიოვის ინფორმაციით, ხანძარი იყო ქალაქ ტვერთან, დაბა ელევატორში მდებარე ლოგისტიკის ცენტრის ადმინისტრაციულ შენობაშიც. გუბერნატორს არ დაუკონკრეტებია, ვის ეკუთვნის ეს ცენტრი. რუსული ტელეგრამ-არხები წერდნენ, რომ ტვერშიც დარტყმა იყო Wildberries-ის საწყობზე.
თავად კომპანიის დამფუძნებელმა ტატიანა კიმმა მხოლოდ პეტერბურგის და სიმფეროპოლის ცენტრებზე შეტევა დაადასტურა.
- უკრაინის თავდაცვის ძალებმა კომპანია Wildberries-ის საწყობებს უპილოტო საფრენი აპარატებით 18 და 20 ივლისსაც დაარტყეს მოსკოვის და ტამბოვის ოლქებში, ხოლო 22 ივლისს სტავროპოლის და კრასნოდარის მხარეებში.
- უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ 22 ივლისს განაცხადა, რომ სტავროპოლის და კრასნოდარის რეგიონებში დაარტყეს ლოგისტიკის ცენტრებს, რომლებიც ჩართული არიან რუსეთის არმიის უზრუნველყოფაში დრონების მაკომპლექტებლებითა და ნავიგაციის დანადგარებით.
Wildberries - 2004 წელს დაარსებული რუსეთის უდიდესი ონლაინ-მარკეტპლეისია. პლატფორმას ყოველთვიურად 79 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, მისი გამყიდველების წლიურმა ბრუნვამ 2,9 ტრილიონ რუბლს გადააჭარბა, ხოლო კომპანიის ქსელი 90 ათასზე მეტ გაცემის პუნქტს და დღეში 20 მილიონზე მეტ შეკვეთას მოიცავს. სწორედ ამ მასშტაბის გამო Wildberries რუსეთის შიდა ვაჭრობისა და ლოგისტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიიჩნევა.
ასევე ნახეთ
რატომ უტევს უკრაინა Wildberries-ის საწყობებს და რა საფრთხეს უქმნის ეს რუსეთის ეკონომიკას?Wildberries-ის ლოგისტიკის ცენტრებზე დარტყმების გამო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმეები „ტერორისტული აქტის“ მუხლით აღძრა.
- რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას სამრეწველო ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში.
- უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც უნდა იგრძნონ და მას ომის დასრულება უნდა აიძულონ.