სემეკი: დავიწყეთ ელექტროსისტემაში მომხდარი ავარიის მიზეზების შესწავლა

ფოტოკოლაჟი: სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია (მარცხნივ) და სახელმწიფო ელექტროსისტემის გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი

24 ივლისს, 17:00 საათისთვის გავრცელებულ განცხადებაში ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) წერს, რომ საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო.

23-24 ივლისის მიჯნაზე, 00:10 საათისთვის, ელექტროსისტემაში „სასისტემო ავარიულმა გათიშვამ“ „ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია“, - აცხადებს სემეკი.

მთელს საქართველოში - დედაქალაქსა და ქვეყნის რეგიონებში - ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. ელექტროენერგია შეუწყდა ოკუპირებულ აფხაზეთსაც.

01:30 საათისთვის „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ პირველი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ „მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზის დადგენა“, თუმცა მეორე დღის საღამოსთვის ოფიციალური ვერსია კვლავ არ არის ცნობილი.

ასევე ნახეთ

დენის მიწოდების აღდგენა დაიწყო, ვადგენთ ავარიის ზუსტ მიზეზებს - ელექტროსისტემა

სემეკმა 24 ივლისს განაცხადა, რომ მან „გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, საჯარო სხდომაზე განიხილა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიიღო გადაწყვეტილება 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შესახებ“.

„კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საკითხის შესწავლის ფარგლებში, სემეკის შემსწავლელ ჯგუფს მიენიჭა შეუზღუდავი წვდომა რეგულირებული საწარმოების მონაცემებსა და შესაბამის ინფორმაციებზე“, - წერია განცხადებაში.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ენერგეტიკის სამინისტრომ მალევე განაცხადა, რომ მიზეზი „ენგურჰესზე სისტემური ავარია“ იყო.

თუმცა „ენგურჰესის“ დირექტორის, ლევან მებონიას მიერ რადიო თავისუფლებისთვის მიცემული კომენტარის თანახმად, „ეს არ არის დასტური იმისა, რომ ავარიის საწყისი "ენგურჰესია" და ეს რომ გაირკვეს, სწორედ ამ მიზნით აწარმოებენ კვლევებს“.

ასევე ნახეთ

რატომ დაბნელდა მთელ საქართველოში, აფხაზეთის ჩათვლით - რა გავარკვიეთ
  • 2025 წლის აპრილში, როდესაც თითქმის მთელს ქვეყანაში ჩაქრა დენი, მიზეზი იყო 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზი „კავკასიონის“ ავარიულად გამორთვა;
  • მაშინ გენერაციის ობიექტების გამორთვის შედეგად საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში მომხმარებლის დაახლოებით 90%-ს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.