აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა შანიძის ქუჩის საქმეზე ბრალდებულ 42 წლის ნიკოლოზ კაპანაძეს, რომელმაც 22 ივლისის საღამოს, შანიძის 31 ნომერში, კუთვნილი სასტუმროს წინ, 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის, ერთი, 17 წლის მოზარდი, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.
სასამართლო სხდომა ალადაშვილის კლინიკაში ჩატარდა, სადაც 42 წლის კაცი დაკავებისას მიყენებული დაზიანებების გამო მკურნალობდა.
მოსამართლე კლინიკაში მივიდა, 25 ივლისი, 2026 წელი
სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ის მყისიერად გადაიყვანეს გლდანის მერვე დაწესებულებაში.
„დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ პროკურატურის პოზიცია ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ, ყველა ასპექტში იქნება უმკაცრესი. სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ ბრალდებულის მხრიდან არსებობდა როგორც ახალი დანაშაულის ჩადენის, ასევე მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზეწოლის, მიმალვის რისკი და მის მიმართ გამოიყენა პატიმრობა“, - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, მედეა ცირამუამ.
რა იცის გამოძიებამ კაცის ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ?
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, საქმეში არ დევს არანაირი სამედიცინო საბუთი, რომელიც დაადასტურებს, რომ 42 წლის კაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, როგორც ამას მისი დედა ამტკიცებს:
„სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულის ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია ეყრდნობა მხოლოდ ბრალდებულის დედის ჩვენებას. სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, მათ შორის, სამედიცინო ისტორია, სხვა სამედიცინო დოკუმენტაცია არ არსებობს. ოფიციალურად არ დასტურდება ის, რომ ბრალდებულს რაიმე სახის ფსიქიკური დაავადება გააჩნდა...
დედის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეიძლება დაყრდნობილი იყოს იმაზე, რომ საკუთარ შვილს და ოჯახის წევრს აარიდოს მოსალოდნელი პასუხისმგებლობა. დედამ ისიც თქვა, რომ სამართალდამცავებს მიმართა იმიტომ, რომ მისი შვილის მხრიდან ძალადობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, აქვე გეუბნებით, რომ ოფიციალურად მან უარყო ეს ინფორმაცია“.
შემაკავებელი ორდერი, ჩამორთმეული და დაბრუნებული იარაღი - რას ამბობს პროკურატურა
რაც შეეხება ბრალდებულის დედის მიერ ჟურნალისტებთან საუბრისას ნახსენებ შემაკავებელ ორდერს, რომელიც მისი თქმით, პოლიციამ მის შვილს რამდენიმე წლის წინ გამოუწერა, ერთი თვით ჩამოართვა კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღებიც, თუმცა, შემდეგ უკან დაუბრუნეს, მედეა ცირამუა ამბობს:
„შემიძლია გითხრათ, რომ თავად დედამ არ დაადასტურა საგამოძიებო ორგანოსთან ბრალდებულის მხრიდან მის მიმართ ძალადობის ფაქტი. დედამ როდესაც მიმართა საგამოძიებო ორგანოს, მან არ დააფიქსირა ფიზიკური ძალადობის ფაქტი. იქ იყო საუბარი მხოლოდ ერთჯერად სიტყვიერ შეურაცხყოფაზე და რამდენადაც შემაკავებელი ორდერი მყისიერი რეაგირების მექანიზმია, ამ საფუძვლით გამოიწერა შემაკავებელი ორდერი“.
ბრალდებულის მიერ რამდენიმე ცეცხლსასროლი იარაღის ფლობასთან დაკავშირებით, პროკურორი ამბობს, რომ ნიკოლოზ კაპანაძეს ჰქონდა იარაღის შენახვის უფლება. რაც შეეხება პოლიციის მიერ იარაღის ჩამორთმევასა და შემდეგ დაბრუნებას, პროკური ამბობს:
„გამოძიება საწყის ეტაპზეა. მოსაპოვებელია უამრავი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა ვითარებაში გაიცა იარაღის შენახვის ნებართვა. არსებობდა თუ არა ინფორმაცია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ, არსებობდა თუ ჩამორთმევის სამართლიანი საფუძვლები. ეს უნდა შევისწავლოთ და თუკი ასეთი გარემოებები გამოიკვეთება, ყველა ასპექტში, მათ შორის, სხვა ქმედებების შეფასების, სხვა პირების სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასპექტში, პროკურატურის პოზიცია იქნება უმკაცრესი“.
გაფართოვდება თუ არა ბრალდებულთა წრე?
შესაძლებელია თუ არა, რომ გაფართოვდეს ამ საქმეში ბრალდებულთა წრე? პროკურორი გვპასუხობს:
„გამოძიება ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, შესაბამისად, თუკი გამოიკვეთება რაიმე სახით სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რა თქმა უნდა, მათ ქმედებებსაც შესაბამისი შეფასება მიეცემა და აუცილებლად, ჩვენი პოზიცია იქნება უმკაცრესი“.
ჟურნალისტებთან საუბრისას ბრალდებულის დედა ამბობს, რომ თავდაპირველად, შანიძის ქუჩაზე მიმავალ ახალგაზრდებს მან მისცა შენიშვნა.
საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ასევე ამბობს, რომ უშუალოდ სროლამდე ორიოდ წუთით ადრე, ახალგაზრდებს აგრესიულად მიმართა ოჯახის კიდევ ერთმა წევრმა, ხანშიშესულმა კაცმა, რომელმაც ახალგაზრდები შეაჩერა და მათ ტერიტორიის დატოვების საშუალება არ მისცა:
„გიდასტურებთ, რომ დედის მხრიდან შენიშვნის მიცემა გახდა საფუძველი ბრალდებულის ჩართულობის და მისი მხრიდან აგრესიის. რაც შეეხება ხანშიშესულ მამაკაცს, თუკი ოჯახის წევრზე საუბრობთ, გამოძიება სულ რამდენიმე დღეა მიმდინარეობს, ყველა საგამოძიებო მოქმედება ტარდება. ყველა ის საჭიროება, რაც წარმოიშვება, იქნება აუცილებლად ჩატარებული“.
ასევე ნახეთ
რას ჰყვება შანიძეზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი მოწმემედეა ცირამუა ამბობს, რომ ბრალდებულს გამოძიების ეტაპზე, საგამოძიებო უწყებისთვის 22 ივლისის საღამოს, შანიძის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიუწოდებია. შესაბამისად, მომხდარი ფაქტის მისი ვერსიის შესახებ, გამოძიებას, ამ ეტაპზე, ინფორმაცია არ აქვს:
„ბრალდებულს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის წინააღმდეგ და თუკი კი ის ამ უფლებით ისარგებლებს, ვერ ჩატარდება მისი გამოკითხვა“.
პროკურორის თქმით, ისევე როგორც ყველა სხვა მკვლელობის საქმისას, მიუხედავად იმისა, არსებობს თუ არა კითხვები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების შესახებ, ამ შემთხვევაშიც ჩატარდება ბრალდებულის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
გამოძიება 42 წლის ნიკოლოზ კაპანაძეს ოთხი მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება:
- დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა;
- დამამძიმებელ გარემოებებში სამი ადამიანის განზრახ მკვლელობის მცდელობა;
- პოლიციელზე თავდასხმის მცდელობა;
- ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
იმ შემთხვევაში, თუკი კაცს ბრალი დაუდასტურდება, მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელის.
17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილს, რომელიც ნიკოლოზ კაპანაძის მიერ მიყენებული ჭრილობებით კლინიკაში გარდაიცვალა, 26 ივლისს დაკრძალავენ. ის 18 წლის პირველ აგვისტოს გახდებოდა. ამ ზაფხულს ჩააბარა მან უმაღლესში მისაღები გამოცდები.