რუსეთის და ჩინეთის ლიდერებმა აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაარწმუნეს, რომ მათი ქვეყნები არ აწვდიან იარაღს ირანს, და მხარს არც სხვა ფორმით უჭერენ თეირანს აშშ-სთან დაპირისპირებაში - და ტრამპი მათი სიტყვების დაჯერებისკენ იხრება. ეს თავად ტრამპმა უთხრა ჟურნალისტებს ახლახან და შემდეგ ამ საკითხს პოსტიც მიუძღვნა სოციალურ ქსელში Truth Social.
ტრამპს სთხოვეს კომენტარი პენტაგონის ხელმძღვანელის, პიტ ჰეგსეთის მიერ ახლახან გაკეთებულ განცხადებაზე - რომ ჩინეთი და რუსეთი თავიანთი ქმედებებით ირანს ეხმარებიან. ტრამპმა ეს განცხადება პირდაპირ არ უარყო, თუმცა თქვა, რომ ვლადიმირ პუტინი და სი ძინპინი მას ეუბნებოდნენ, რომ იარაღს არ მიჰყიდიდნენ ირანს. ტრამპმა თქვა, რომ სჯერა ამ განცხადებების - მაგრამ თუ ისინი არასწორი აღმოჩნდება, ეს ჩინეთსა და რუსეთს უარყოფით შედეგებს უქადის.
"ორი დიდი ქვეყანა, რომლებზეც ირანთან კავშირში ხშირად ლაპარაკობენ, ჩემი აზრით არ მონაწილეობენ [ირანის მხარდაჭერაში]. ამას რომ აკეთებდნენ, ეს მათთვის ძალიან ცუდი იქნებოდა - ცხადია, არ უპასუხებდა მათ ინტერესებს" - წერს ტრამპი.
პუტინის შესახებ ტრამპმა ასევე თქვა, მას ესმის, რომ აშშ უკრაინას იარაღს არ აწვდის, არამედ იარაღს ნატოს წევრ ქვეყნებზე ყიდისო - "ისინი სრულ ფასს იხდიან - და შემდეგ რა მოსდის ამ იარაღს, არ ვიცი". საქმე ეხება ინიციატივას PURL, რომლის მეშვეობითაც აშშ-დან უკრაინაში იარაღის ჩატანა ხდება მესამე ქვეყნების შუამავლობით.
კონგრესში ახლახან გამართულ მოსმენებზე ჰეგსეთმა და გაერთიანებული შტაბების ხელმძღვანელთა კომიტეტის მეთაურმა, დენ კეინმა ილაპარაკეს იმაზე, რომ რუსეთი და ჩინეთი "სხვადასხვა დონეზე" აწვდიან ირანს "შესაძლებლობას აკეთოს ის, რასაც აკეთებს". ამასთან, კეინმა აღნიშნა, რომ კონკრეტული ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.
მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ირანს აწვდის თანამგზავრის ინფორმაციას ამერიკელი სამხედროების ადგილმდებარეობის თაობაზე. მიმდინარე კვირაში სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ აშშ-ის დაზვერვა იძიებს აწვდიდა თუ არა რუსეთი თეირანს ინფორმაციას, ირანის მხრიდან განხორციელებული დარტყმებისთვის სპარსეთის ყურეში განთავსებულ, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ობიექტებზე.
თანამგზავრით მოპოვებული მასალების მიწოდებაზე ცნობები ვრცელდებოდა ჩინეთთან კავშირშიც. გარდა ამისა, იუწყებოდნენ, რომ ჩინეთი ირანს აწვდის რადარებს და სარადარო სისტემებს.