„შაბათის მარში“ ახალი მარშრუტით - ავლაბრის მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე

დღევანდელი „შაბათის მარშის“ მთავარი გზავნილია „არა რუსულ ოკუპაციას“

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო „შაბათის მარშმა“ მარშრუტი შეიცვალა.

25 ივლისს მარშის ტრაექტორიაა ავლაბრის მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე.

პროევროპული აქციებისას დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნის პარალელურად, დღევანდელი „შაბათის მარშის“ მთავარი გზავნილია „არა რუსულ ოკუპაციას“.

შაბათის მარში. თბილისი, 25 ივლისი, 2026

„ოკუპაცია მხოლოდ მავთულხლართებით აღარ იზომება. ის ვლინდება მაშინაც, როდესაც ადამიანები სიღარიბისა და უპერსპექტივობის გამო ტოვებენ სამშობლოს; როდესაც ახალგაზრდები საკუთარ მომავალს საქართველოში ვეღარ ხედავენ; როდესაც ქვეყანა შორდება ევროპულ განვითარებას და ავტორიტარული მმართველობის გზას ადგება.

სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანები მტრებად ცხადდებიან, მართლმსაჯულება ერთი კაცის ძალაუფლების ინტერესს ემსახურება, ხოლო ხელისუფლება საკუთარ თავს კანონზე მაღლა აყენებს. ეს არის პუტინის რუსეთის მოდელი. სწორედ ასეთი საქართველოს შექმნას ეწინააღმდეგებიან ადამიანები, ვისაც თავისუფალი, ევროპული და დემოკრატიული ქვეყანა სურთ“, - აცხადებენ „შაბათის მარშის“ ორგანიზატორები.

უკვე თვეებია, პროევროპული აქციის მონაწილეები ყოველ შაბათს, აქციებისას დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას მოითხოვენ და ამის პარალელურად, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა გზავნილით მართავენ მსვლელობებს.

ასევე ნახეთ

"დიდება საქართველოს! დიდება უკრაინას!",“დიდება გმირებს!” - თბილისში შაბათის მარში გაიმართა

შაბათის მარშების პირველი თემა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირდებოდა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ ობიექტურ გამოძიებას იმის დასადგენად, თუ რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ 2024-2025 წელს გამართულ ხალხმრავალ აქციებზე.

სხვადასხვა დროს აპროტესტებდნენ პოლიციელების მხრიდან ძალადობას თუ დაპატიმრებული კონკრეტული ადამიანების მიმართ მოპყრობას. პროტესტის მონაწილეები მხარს უჭერდნენ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს, როდესაც ისინი ხელისუფლებისგან წამალს ითხოვდნენ.

უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ნაბიჯის გადადგმას [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] დღის წესრიგიდან ხსნის, 2028 წლის ბოლომდე.