რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ამზადებს პირობებს შემოდგომაზე მობილიზაციის გაფართოებისთვის - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით.
ზელენსკის თქმით, წლის დასაწყისიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების რიგებს შეუერთდა 221 ათასი ადამიანი, ხოლო დანაკარგმა შეადგინა თითქმის 225,5 ათასი - მათგან 131 ათასი დაღუპულია, 93 ათასამდე - დაჭრილი.
"პუტინი ემზადება ახალი რუსების უბრალოდ ომში გასაგზავნად. იგი ამას ნიღბავს სხვა სიტყვებით, სიგნალებით, მაგრამ ემზადება. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებთან ერთად შევძლოთ რუსეთზე საკმარისი ზეწოლის მოხდენა, რათა წამყვანი გახდეს მოსაზრებები ამ აგრესიის შეწყვეტაზე - მოსაზრებები მშვიდობაზე და არა დამატებით რუსულ მობილიზაციაზე" - წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ილაპარაკა რუსეთის თანამშრომლობაზეც ჩრდილოეთ კორეასთან. "რუსეთს სურს ჩრდილოეთი კორეისგან მიიღოს კიდევ 30 ათასი ჯარისკაცი, ვორონეჟის ოლქში უკვე ივნისიდან ემზადებიან მათ მისაღებად" - წერს ის.
გარდა ამისა, ზელენსკის მონაცემებით, ჩრდილოეთი კორეა გეგმავს რუსეთს გადასცეს ახალი გამშვები მოწყობილობები ბალისტიკური რაკეტებისთვის.
"ესაა საფრთხე არა მხოლოდ უკრაინისთვის. რუსეთი ჩრდილოეთ კორეას ეხმარება ისწავლოს ომი, აუმჯობესებს მათ იარაღს, მათ აძლევს იარაღის რეალური გამოყენების გამოცდილებას. ყოველივე ეს არის საფრთხე ყველასათვის აზრიაში, ვინც იმყოფება ჩრდილოეთი კორეის რაკეტების წვდომის არეალში" - დასძენს ზელენსკი.