თეირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის დიპლომატიური წარმომადგენელი გამოიძახა მასთან პროტესტის გამოსათქმელად, ირანის თქმით "მტრული და დანაშაულებრივი" თავდასხმისთვის - მას მერე, რაც კიევი დაადანაშაულა კასპიის ზღვაში ირანის კომერციულ ხომალდზე იერიშის განხორციელებაში.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მანუჩერ მორადიმ კიევის წარმომადგენელს გადასცა ირანის "მაღალი დონის პროტესტი" და განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა "ამ ქმედებას არ დატოვებს უპასუხოდ" - იუწყება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასნიმი".
ირანის განცხადებით, უკრაინის დარტყმამ გამოიწვია აფეთქება, რასაც ერთი მეზღვაური ემსხვერპლა, კიდევ ერთი დაიჭრა. ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად დადასტურება არ ხერხდება.
დარტყმამ და დიპლომატიურმა ნაბიჯებმა კიდევ უფრო გააღრმავა დაძაბულობა ორ ქვეყანას შორის, ახლო აღმოსავლეთის ომის ფონზე - რომელიც მოჰყვა ირანზე თებერვლის ბოლოს აშშ-ისრაელის მიერ დაწყებულ საჰაერო იერიშებს.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის ძალებმა მიზანში ამოიღეს რუსული სამხედრო ხომალდი და სხვა მანქანები, რომლებსაც ირანთან დაკავშირებული სამხედრო ტვირთი გადაჰქონდა ამ არეალში.
ზელენსკიმ ტელეგრამით დაწერა, რომ უკრაინამ "ძალიან კარგ შედეგებს" მიაღწია ღამით, გრძელი რადიუსის დარტყმებით კასპიის ზღვაში, მათ შორის ხომალდებზე, რომლებსაც სამხედრო ტვირთის გადაზიდვისთვის იყენებენ "ირანის მონაწილეობით".
კიევი და დასავლეთის ქვეყნები დიდი ხანია გმობენ ირანის მხრიდან მისი წარმოების დრონების გადაცემას რუსეთისთვის - უკრაინის ძალების წინააღმდეგ გამოსაყენებლად ომში, რომელიც დაიწყო კრემლის მხრიდან უკრაინაში სრული მასშტაბით შეჭრით, 2022 წლის თებერვალში.
კიევმა დრონების გადატაცებაში თავისი გამოცდილება შესთავაზა ახლო აღმოსავლეთის იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანის თავდასხმების სამიზნეები იყვნენ.
ზელენსკიმ 25 ივლისს, მოგვიანებით დაწერა, რომ კიევი ივლისის შემდეგ აღრიცხავს "რუსეთის აქტიურ სადაზვერვო მოქმედებებს სპარსეთის ყურის სახელმწიფოებში და იქ განთავსებულ აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე. ეს სურათები შემდეგ ირანში ჩნდება".
"ამავე დროს, არის მკაფიო კორელაცია ამ ადგილების რუსეთის სატელიტურ სურათებსა და ირანის თავდასხმებს შორის - თავდასხმებამდე, მათთვის მზადებისას და შემდეგ, მიყენებული ზარალის შესაფასებლად".
ზელენსკის თქმით, მხოლოდ 19 და 20 ივლისს რუსეთის სატელიტურმა მონაცემებმა მოიცვა ოთხი საჰაერო ბაზა - ორი ბაჰრეინში, ერთი იორდანიაში და ერთი ქუვეითში.