სატყეო ხანძარი მძვინვარებს ქალაქ ბორდოსთან, საფრანგეთი და ესპანეთი ცეცხლს ებრძვიან

სატყეო ხანძარი საფრანგეთის მევენახეობის ცენტრში მდებარე ისტორიული ქალაქის, ბორდოს გარეუბნებისკენ გავრცელდა. საფრანგეთი და ესპანეთი ებრძვიან ხანძრებს, ასობით ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ხელისუფლების ცნობით, საფრანგეთში დაახლოებით 220 000 ადამიანია ევაკუირებული, ესპანეთში კი 75 ათასზე მეტი, ხოლო დაახლოებით 30 ათასს კი ურჩიეს, ადგილზე მოეძებნათ უსაფრთხო ადგილი.

საფრანგეთში ხანძარი მძვინვარებს ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარე პოპულარულ ტურისტულ ადგილზე, კაპ ფერეს ნახევარკუნძულზე და გავრცელდა ბორდოს მიმდებარე ტერიტორიებზეც, სადაც მეხანძრეები ცდილობდნენ ცეცხლის რეგიონის დედაქალაქამდე მიღწევის თავიდან აცილებას.

”ხანძარი არის დაახლოებით 15 კილომეტრის დაშორებით ქალაქში მთავარი შესასვლელიდან,” - თქვა კვირას ბორდოს მერმა, თომას კაზენავმა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნიესმა X-ზე განაცხადა, რომ ვითარება კვლავ "რთულია".

მიმდებარე ტერიტორიებზე მინიმუმ 240 სახლი განადგურდა, რომელთა უმეტესობა სოფელ ლე პორჟეში მდებარეობს. თუმცა, ბორდოს მერმა განაცხადა, რომ არ არსებობს ევაკუაციის გეგმები ქალაქის დასახლებული ტერიტორიიდან, სადაც 850 000 ადამიანი ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ ხანძარი ბორდოს გარეუბნებიდან 15 კილომეტრშია, ის „ძირითადად სამხრეთითა და დასავლეთით არ მიიწევს წინ“, - განაცხადა ბორდოს მერმა და დასძინა, რომ ადგილობრივი მოხელეები „ფხიზლად“ რჩებიან.
ბორდოს სამხრეთით მდებარე მთავარი ავტომაგისტრალი და რკინიგზის მომსახურება შეჩერებულია.

ჟირონდის რეგიონის პრეფექტმა, სოფი ბროკასმა, ტურისტებს მოუწოდა, თავი შორს დაეჭირათ და „სხვა მიმართულებებით გაემგზავრონ“.

ჟირონდის რეგიონში დაახლოებით 2500 მეხანძრე, 1500 სამხედრო მოსამსახურე და დაახლოებით 1200 პოლიციელი იყო მობილიზებული.

პოლიციის თქმით, შაბათს, ბორდოს გარეუბანში, ეისინში, პატრულმა დააკავა მამაკაცი, რომელმაც სავარაუდოდ ცარიელი სახლიდან 44 ბოთლი ძვირფასი "გრან კრიუს" ხარისხის ღვინო მოიპარა.

ესპანეთში, პრემიერმინისტრმა პედრო სანჩესმა ხანძრით დაზარალებული ტერიტორიები მოინახულა ავილაში, რომელიც მადრიდსა და ტოლედოსთან ერთად მასშტაბური ხანძრების შედეგად დაზარალებული სამი ცენტრალური პროვინციიდან ერთ-ერთია და სადაც 45 000 ჰექტარზე მეტი მიწა დაიწვა.

კიდევ ერთი კერა ხანძრისა ესპანეთის აღმოსავლეთში მდებარე კასტელონია, სადაც ცეცხლი 4300 ჰექტარზე მეტ ფართობზე მძვინვარებს, განაცხადა რეგიონულმა ხელისუფლებამ.

„ხანძარი კონტროლიდან გამოვიდა — ტექნიკური თვალსაზრისით მისი ჩაქრობა ძალიან რთულია, განსაკუთრებით ამინდის იმ არახელსაყრელი პირობების გამო, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება“, - განუცხადა ვალენსიის რეგიონულმა ლიდერმა, ხუანფრან პერესმა შემთხვევის ადგილთან ახლოს მყოფ ჟურნალისტებს.

ხანძარმა მოიცვა სიერა-დე-ესპადანის ბუნებრივი პარკი, სადაც ფიჭვისა და კორპის მუხის დიდი ტყეებია.

ხანძრები ბოლოდროინდელი სტიქიური უბედურებაა,რომლებიც დაკავშირებულია ხანგრძლივ გვალვასთან და ერთმანეთს მიყოლებულ სიცხეებთან, რომლებიც, მეცნიერების თქმით, კლიმატის ცვლილებას უკავშირდება.
Reuters Climate Monitor-ის მონაცემებით, ბორდოსა და ავილაში ივლისის მაქსიმალური ტემპერატურა საშუალოდ 32 გრადუსი ცელსიუსი გახდა, რაც თითქმის 6 გრადუსით მეტია 1961-1990 წლებში ამავე თვის ჩვეულებრივ მაჩვენებელზე.


ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში, საბერძნეთმა და იტალიამ ესპანეთში Canadair-ის ორ-ორი ხანძარსაწინააღმდეგო თვითმფრინავი გაგზავნეს, ხოლო პორტუგალიამ 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და აღჭურვილობა განალაგა.

ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ X-ზე განაცხადა, რომ თურქეთიდან კიდევ ორი თვითმფრინავი ჩამოვა.

სანჩესმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა სამშაბათს სამოქალაქო თავდაცვის საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს ხანძრების შედეგად დაზარალებულ ცენტრალურ პროვინციებში, რაც აღდგენისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფის საშუალებას მისცემს.

მისი თქმით, ესპანეთში იანვრიდან მოყოლებული 150 000 ჰექტარზე მეტი დაიწვა, რაც ექვსჯერ აღემატება გასული წლის იმავე პერიოდში განადგურებულ ფართობს.

ასევე ნახეთ

საფრანგეთსა და ესპანეთში 250 ათასზე მეტი ადამიანია ევაკუირებული, სატყეო ხანძრების გამო