რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ 29 ივლისს გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, Telegram-ის ადმინისტრაციამ რუსეთის კანონმდებლობა დაარღვია, რადგან არ წაშალა „ამ მესენჯერის მრავალრიცხოვანი არხები, ჩატები და ბოტები“, რომლებსაც „აქტიურად იყენებენ უკრაინული სპეცსამსახურები, ტერორისტული და ექსტრემისტული ორგანიზაციები რუსეთში დივერსიულ-ტერორისტული აქტების, მასობრივი მკვლელობების მომზადებისა და კოორდინაციისთვის და კიბერთაღლითობისთვის“.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური ირწმუნება, რომ უკრაინის სპეცსამსახურები Telegram-ის ჩატ-ბოტს, ახალგაზრდებში პოპულარულ გაცნობის სერვის „დაივინჩიკს” იყენებენ „რუსეთის მოქალაქეების დივერსიულ-ტერორისტულ საქმიანობაში ჩასართავად მოტყუების და ფსიქოლოგიური დამუშავების გზით“.
რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, რომლითაც პაველ დუროვს ბრალი წაუყენეს, 8-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
დუროვი წლებია რუსეთში აღარ ცხოვრობს. მას ბრალის წარდგენაზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
ასევე ნახეთ
ტელეგრამის შემქმნელი საქართველოში: ვიზიტი, რომელმაც კითხვები გააჩინარუსეთის სახელმწიფო მედია ჯერ კიდევ 2026 წლის თებერვალში წერდა, რომ უშიშროების ფედერალური სამსახური პაველ დუროვის წინააღმდეგ იძიებს საქმეს, რომელიც „ტერორიზმის ხელშეწყობას“ ეხება. მსგავსი საქმის არსებობა დუროვმაც დაადასტურა.
რუსეთის ხელისუფლებამ ამ წლის დასაწყისიდან აქტიურად დაიწყო Telegram-ზე წვდომის შეზღუდვა, თუმცა სრულად ჯერჯერობით არ დაუბლოკავს. Telegram-ის შეზღუდვას აკრიტიკებდნენ კრემლისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდამჭერი ე.წ. სამხედრო ბლოგერებიც, რომელთა თანახმად, პლატფორმას ფრონტზე მყოფი რუსი სამხედროებიც იყენებენ.
27 ივლისს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ Telegram-თან კონტაქტები გრძელდება მესენჯერზე წვდომის აღდგენის საკითხზე, თუმცა თავად Telegram-ის მხრიდან დიდი აქტიურობა არ არის.
ასევე ნახეთ
საქართველო მსხვილი ბიზნესცენტრი ხდება, მალე დავბრუნდები - ტელეგრამის შემქმნელი დუროვიპაველ დუროვი
პაველ დუროვმა, რომელმაც პარტნიორებთან ერთად 2006 წელს ჯერ რუსული სოციალური ქსელი ВКонтакте შექმნა, ხოლო 2013 წელს ძმასთან, ნიკოლაისთან ერთად Telegram-ი, რუსეთი 2014 წელს დატოვა. მაშინ მან განაცხადა, რომ რუსეთში შეუძლებელია თავისუფალი ინტერნეტ-ბიზნესი და დაბრუნებას აღარ აპირებს.
რუსული წყაროების თანახმად, პაველ დუროვს რუსეთის მოქალაქეობის გარდა აქვს სენტ-კიტსისა და ნევისის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საფრანგეთის მოქალაქეობა.
2024 წლის აგვისტში დუროვი პარიზში დააკავეს და მალევე გირაოთი გაათავისუფლეს გამოძიების ფარგლებში საქმის, რომელიც ეხება ორგანიზებულ დანაშაულთან, მათ შორის არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის გავრცელებასა და ნარკოტრეფინგთან Telegram-ის კავშირს. დუროვის ადვოკატები აცხადებდნენ, რომ აბსურდია სოციალური ქსელის ხელმძღვანელი ჩართული იყოს დანაშაულში, რომელსაც ამ პლატფორმაზე სჩადიან.
2025 წლის მარტში ცნობილი გახდა, რომ დუროვმა საფრანგეთი დატოვა და დუბაიში გაემგზავრა.
სადავო რეპუტაციის რუსი ბიზნესმენი 2026 წლის ივნისში საქართველოში იმყოფებოდა. ვიზიტიდან ერთ თვეში, 23 ივლისს პაველ დუროვმა სოციალურ პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ საქართველო მსხვილი ბიზნესჰაბი ხდება.