პრემიერი ტუსკი: ყველაფერი მიუთითებს, რომ პოლონეთში რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, ყველაფერი მიუთითებს, რომ 30 ივლისს, უკრაინაზე რუსეთის შეტევისას პოლონეთის დასახლებულ პუნქტ ტარნავა-კოლონიასთან რუსული ფრთოსანი რაკეტა ჩამოვარდა.

პოლონეთის მთავრობა პრაქტიკულად დარწმუნებულია, რომ საჰაერო ობიექტი, რომელიც 30 ივლისს, უკრაინაზე რუსეთის მასირებული შეტევისას პოლონეთის ლუბლინის რაიონში, ტარნავა-კოლონიასთან ჩამოვარდა, რუსული ფრთოსანი რაკეტაა.

პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა ინციდენტის გამო ლუბლინში გამართულ საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ ყველაფერი მიუთითებს, რომ ეს იყო რუსული ფრთოსანი რაკეტა Х-101.

ტუსკის თანახმად, პოლონეთი მზად იყო რაკეტა ჩამოეგდო, თუ ის ფრენას გააგრძელებდა.

  • უკრაინაზე გასული ღამის განმავლობაში მიმდინარე შეტევისას რუსეთის ჯარების ერთ-ერთი სამიზნე იყო ქალაქი ლვოვი, რომელიც პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 70 კილომეტრში მდებარეობს.
  • ლვოვზე სარაკეტო დარტყმა იყო.

პოლონეთის შეიარაღებული ძალების სარდლობის ინფორმაციით, საჰაერო თავდაცვის სისტემის რადიოლოკაციურმა საშუალებებმა დასავლეთ უკრაინის თავზე ღამით დააფიქსირეს რამდენიმე ათეული რაკეტა, რომელთა მიმართულება პოლონეთის საჰაერო სივრცეს საფრთხეს არ უქმნიდა.

ამასთან, სარდლობის თანახმად, 30 ივლისს 03:40 საათზე პოლონეთის საჰაერო სივრცეში ამოუცნობი ობიექტი აღმოაჩინეს, რის გამოც ინციდენტის რაიონში გაიგზავნა გამანადგურებელი F-16, თუმცა ექვს წუთში, ობიექტის იდენტიფიცირებამდე, ის რადიოლოკაციური სისტემების ეკრანიდან გაქრა.

ინციდენტის რაიონში გაგზავნეს სამხედრო ვერტმფრენი, რომელმაც სოფელ ტარნავა-კოლონიასთან, დაუსახლებელ ადგილას აღმოაჩინა ობიექტის ჩამოვარდნის ადგილი. იქ სახმელეთო სამძებრო-სამაშველო ჯგუფიც გაგზავნეს.

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა 30 ივლისს დილით სოციალურ ქსელ X-ში თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ პოლონეთის საჰაერო თავდაცვისა და მონიტორინგის სისტემებისთვის „უკიდურესად მძიმე ღამე“ იყო.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრი სიბიჰამ ჯერ კიდევ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებამდე სოციალურ ქსელ Х-ში, თავის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ პოლონეთში ჩამოვარდა რუსული ფრთოსანი რაკეტა Х-101.

ასევე ნახეთ

უკრაინაზე რუსეთის მორიგი შეტევის შედეგად დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლონეთის განცხადებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასმა" რუსული რაკეტის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებულ ცნობაში მიუთითა, რომ დონალდ ტუსკი ექსპერტიზის შედეგებს არ დაელოდა და განცხადება მის დასრულებამდე გააკეთა.

  • 24-26 ივლისის პერიოდში, უკრაინაზე რუსეთის შეტევისას უკრაინის მეზობელი რუმინეთის ტერიტორიაზე აღმოჩნდა სამი რუსული დრონი, რომლებიც რუმინეთის არმიის F-16 ტიპის გამანადგურებლებმა ჩამოაგდეს.