9-თვიანი პატიმრობის შემდეგ გზის გადაკეტვისთვის გასამართლებულმა მენთეშაშვილმა ციხე დატოვა

ზურა მენთეშაშვილმა საპატიმრო 31 ივლისს, დილით დატოვა.

„გლდანის ციხე“ დატოვა პროევროპული აქციების აქტიურმა მონაწილემ, ზურა მენთეშაშვილმა, რომელიც რუსთაველის გამზირის გადაკეტვის ბრალდებით გაასამართლეს და 9-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

„ისევ ვაპროტესტებ, ისევ ვაგრძელებ... რუსთაველს გვინგრევენ, გავიგე...“ - თქვა მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ.

მრავალთვიანი პატიმრობა 61 წლის კაცს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა 29 მაისს მიუსაჯა, მანამდე კი არც ერთხელ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გირაოთი შეცვლის შესახებ.

„მიყვარს ჩემი სამშობლო, მისთვის ყველაფერს გავაკეთებ... ეს [ქუჩის გადაკეტვა] თუ დანაშაული ყოფილა, არ ვიცოდი… აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს, მეოთხედ დამიჭირეთ თუ გინდათ. კახელი ვარ და სიჯიუტე მახასიათებს”, - თქვა ზურაბ მენთეშაშვილმა სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვაში.

ასევე ნახეთ

აქტივისტ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა ქუჩის გადაკეტვის საქმეზე
  • მენთეშაშვილი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, 31 ოქტომბერს ქუჩის გადაკეტვის გამო დააკავეს სისხლის სამართლის მუხლით.
  • იმის გამო, რომ მანამდე ამავე მიზეზით ადმინისტრაციული წესითაც იყო დაკავებული, მის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
  • მას შეეხო „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული და დაჩქარებული წესით მიღებული კანონი, რომლის თანახმად, გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება.
  • თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.