ლუკაშენკას ახალი ინიციატივა: ცუდი კოლმეურნეები არმიაში, უკრაინის საზღვარზე

ალიაქსანდრ ლუკაშენკა

ბელარუსის ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას თქმით, მოსავლის აღების ჩავარდნა არმიაში გაგზავნით „დაისჯება“: მისი ინიციატივით, დისციპლინის დამრღვევი სოფლის მეურნეობის მუშაკები უკრაინის საზღვართან, ე.წ. სამხედრო-სააღმზრდელო შეკრებებზე გაიგზავნებიან. ამ იდეამ მინსკშიც და კიევშიც ახალი კითხვები გააჩინა.

ალიაქსანდრ ლუკაშენკა გამოვიდა ინიციატივით, სოფლის მეურნეობის არაკეთილსინდისიერი მუშაკები გაიგზავნონ არმიაში „სამხრეთ საზღვარზე“. ეს წინადადება ბელარუსის ავტორიტარმა ლიდერმა გააჟღერა ერთ-ერთ ბოლო სპეციალურ თათბირზე, რომელზეც მთავრობის წევრებთან ერთად განიხილავდა მოსავლის აღების მიმდინარეობას.

„დისციპლინა ყველაფრის საფუძველია. თუ სამსახურში მიხვედი, იმუშავე ისე, როგორც საჭიროა, და შედეგიც წარმოადგინე“, - თქვა ლუკაშენკამ და შემდეგ ზეპირად გასცა განკარგულება, რომ სოფლის მეურნეობის ის მუშაკები, რომლებიც ცუდად მუშაობენ და დისციპლინას არღვევენ, ნაცვლად იმისა, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ, არმიაში გაიწვიონ.

ალიაქსანდრ ლუკაშენკა პურის ყანაში. 2017 წ.

„კადრების დეფიციტის პირობებში რატომ დავადოთ მათ ხელბორკილები? მიმართეთ ხრენინს (ბელარუსის თავდაცვის მინისტრ ვიქტორ ხრენინს), გადაეცით ჩემი დავალება: ყველა, ვინც მუშაობა არ იცის, გაუშვით არმიაში, სამხრეთ საზღვარზე. ტყეში. იქ, ჩემი ბრძანებით, სპეციალური ოპერაციების ძალების ჩვენი ბიჭები უკრაინის საზღვრის გასწვრივ არიან განლაგებული“, - განაცხადა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ:

„ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეზე თავდასხმას ვაპირებთ. ჩვენ არავის ვესხმით თავს. მაგრამ იქ სამსახური ადვილი არ არის - კოღოები, ბუზები, ქინქლები და სხვა. სწორედ იქ უნდა გაიგზავნონ, არმიაში, რიგით ჯარისკაცებად. ერთი კვირა მომზადება (ყუმბარმტყორცნი, ტყვიამფრქვევი) და შემდეგ - სპეციალური ოპერაციების ძალების განკარგულებაში. ყველა ჯარში, ვინც დავალებას არ შეასრულებს. ეს ჩემი ბრძანებაა. ნებისმიერი ჩინოვნიკი მეურნეობიდან, მექანიზაციიდან, კომბაინიდან, ყველანი საზღვარზე. ჭანჭიკების მოჭერა არ იცი? მაშინ დამხმარედ იმსახურებ, „ჭურვებს“ მიაწვდი. გეგმის ნებისმიერი შეუსრულებლობისთვის, არმიაში. იქ იმსახუროს. ტყეში იჯდეს. იქაც სჭირდებათ კადრები. მოსავლის აღების პერიოდში იქ იმსახუროს - ჩინოვნიკმაც და იმანაც, ვისაც მუშაობა არ უნდა.“

ასევე ნახეთ

ლუკაშენკაზე ზეწოლა, ჩინეთის ფაქტორი და საქართველოს როლი კრემლის გათვლებში - ინტერვიუ ივან პრეობრაჟენსკისთან

„სამხედრო-აღმზრდელობითი შეკრების ფორმატში“

ალიაქსანდრ ლუკაშენკამ თავისი განკარგულება ბრძანებად მოიხსენია, თუმცა ის ოფიციალურად არც ბრძანებულების და არც სხვა სამართლებრივი დოკუმენტის სახით არ გაფორმებულა, - აღნიშნავს რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახური.

თათბირიდან მეორე დღესვე, ლუკაშენკამ მოისმინა თავდაცვის მინისტრ ვიქტორ ხრენინის ანგარიში, რომელშიც საუბარი იყო „მოსავლის აღების კამპანიაში დისციპლინის დამრღვევი და არაკეთილსინდისიერი მუშაკების არმიაში გაგზავნაზე“. მინისტრმა განაცხადა, რომ ამ დავალების შესრულებაში უკვე ჩაერთნენ რეგიონების სამხედრო კომისრები.

მალევე ლუკაშენკას ადმინისტრაციის ხელმძღვანელმაც, დზმიტრი კრუტოიმ, ოსიპოვიჩში რაიონის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს ასევე ისაუბრა „საჯარიმო ბატალიონის“ გასაწვევთა გეგმის ფაქტობრივ შესრულებაზე.

„თავდაცვის მინისტრთან საუბრისას პრეზიდენტმა დაავალა უწყების ხელმძღვანელს, ოპერატიულად მომზადდეს ადგილები და სამუშაოები, სადაც სოფლის მეურნეობის არაკეთილსინდისიერი, დისციპლინის დამრღვევი, ქურდობით დაკავებული, ლოთი, ზარმაცი და უსაქმური თანამშრომლები დასაქმდებიან. რესპუბლიკის თითოეულ დასახლებულ პუნქტში რაიონის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, ადგილობრივ სამხედრო კომისართან და სასოფლო-სამეურნეო საწარმოების ხელმძღვანელებთან ერთად, შეადგენს ასეთი თანამშრომლების სიებს, რის შემდეგაც ისინი თავდაცვის სამინისტროს განკარგულებაში გადავლენ“, - განაცხადა ლუკაშენკას ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

ასევე ნახეთ

ბელარუსი ზრდის სამხედრო ხარჯებს: რატომ და ვის წინააღმდეგ?

როგორც ხრენინის, ისე კრუტოის განმარტებებიდან ჩანს, საუბარი არ არის „ლოთების, ზარმაცებისა და უსაქმურების“ სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევაზე. ბელარუსში წვევამდელის სამხედრო სამსახურის ვადა, განათლების მიხედვით, 6-დან 18 თვემდეა. კრუტოის თქმით, საუბარია სწორედ „საჯარიმო ბატალიონების“ მსგავს ფორმატზე - ადმინისტრაციული სასჯელის სახით დაკისრებული იძულებითი სამუშაოების ანალოგზე, რომლის ხანგრძლივობა ორიდან სამ თვემდე იქნება.

„თუ ისინი (მუშაკები) მოსავლის აღების კამპანიაში ჩაფლავდნენ, მაშინ არმიაში უნდა შეძლონ ქვეყნისთვის სარგებლობის მოტანა - იქ საკმარისად არის სამუშაო, მათ შორის სამეურნეო და საყოფაცხოვრებო", - ამბობს კრუტოი, რომლის მიხედვითაც, სამუშაოები ორგანიზებული იქნება სამხედრო-სააღმზრდელო შეკრებების ფორმატში, ორიდან სამ თვემდე ხანგრძლივობით. „თანამდებობას მნიშვნელობა არ ექნება: დააშავე? მიბრძანდი და იმსახურე.“

ექსპერტთა თქმით, ბელარუსში ისედაც ჭირს დაბალტექნოლოგიურ და დაბალანაზღაურებად სოფლის მეურნეობაში კადრების მიზიდვა. მინსკი ცდას არ აკლებს მინდვრებში უცხოელი მუშახელის მისაზიდად. ლუკაშენკა ღიად საუბრობს ამ საკითხში უზბეკეთიდან და ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებიდან თანამშრომლობაზე.

„ასეთ ვითარებაში, „საჯარიმო ბატალიონში“ გაგზავნის საფრთხე კიდევ უფრო შეამცირებს ბელარუსის სოფლის მეურნეობაში დასაქმების მსურველთა რაოდენობას“, - დარწმუნებული არიან ადგილობრივი ექსპერტები.

რა საჭიროა ბელარუს-უკრაინის საზღვარზე „საჯარიმო ბატალიონები“ და ემზადება თუ არა ლუკაშენკა ომისთვის?

ასევე ნახეთ

რა არის რუსეთის არმიის აქილევსის ქუსლი? - ინტერვიუ უკრაინის არმიის გენერალ მიკოლა მალომუჟთან

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში, „არავის ესხმის თავს“ და არც ვინმესთან ომს არ აპირებს. თუმცა, ამავე დროს, ბელარუსი რუსეთს უკრაინაზე თავდასხმებისთვის საკუთარ სამხედრო ინფრასტრუქტურას უთმობს, მათ შორის:

  • რეტრანსლატორებს, რომლებიც რუსულ დრონებს ნავიგაციაში ეხმარება;
  • რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს;
  • რკინიგზის ქსელს სამხედრო ტვირთების გადასაზიდად;
  • სამხედრო ჰოსპიტლებსა და სანატორიუმებს დაჭრილი რუსი სამხედროების სამკურნალოდ და ბევრ სხვა რესურსს.


გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აქტიურად იზიდავს ბელარუსის მოქალაქეებს, რომლებსაც, კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს.

2026 წლის ზაფხულში უკრაინის დაზვერვა აცხადებდა, რომ ზაფხულის შეტევის ფარგლებში მოსალოდნელი იყო ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის არმიის ახალი შეჭრა. ლუკაშენკამ ეს ინფორმაცია უარყო, თუმცა იქვე გააფრთხილა კიევი:

„ღმერთმა ნუ ქნას, რომ რომელიმე ტერიტორიიდან ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო თავდასხმა განხორციელდეს - უკრაინაში ომი სრულიად სხვა ხასიათს შეიძენს.“

ასევე ნახეთ

ზელენსკიმ ლუკაშენკას ერთი კვირა მისცა საზღვრიდან რეტრანსლატორების ასაღებად

უკრაინელმა მესაზღვრეებმა, რომლებიც ბელარუსთან სახელმწიფო საზღვარს პატრულირებენ მდინარე დნეპრის გასწვრივ, რადიო თავისუფლების პროექტ The CurrentTimes-ს დაუდასტურეს, რომ ჩრდილოეთიდან უკრაინაში ახალი შეჭრის საფრთხე რეალურია.

„რუსეთი აგრძელებს და ახლა კიდევ უფრო აქტიურად ახდენს ზეწოლას ბელარუსზე, რათა ის საკუთარი ძალებითაც ჩაერთოს ომში, რომელიც რუსეთმა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ გააჩაღა, - ამბობს უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სპიკერი ანდრი დემჩენკო, - არსებობს ნიშნები, რომ ბელარუსი აგრძელებს თავისი სამხედრო ინფრასტრუქტურის, გარკვეული ინფრასტრუქტურული ობიექტებისა და ლოგისტიკური მარშრუტების განვითარებას. ეს მიუთითებს, რომ ნებისმიერ მომენტში ყოველივე ეს კვლავ უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება გამოიყენონ. საუბარია როგორც სამხედრო პოლიგონებზე, ასევე ადგილებზე, სადაც შესაძლებელია პირადი შემადგენლობის განთავსება. გარდა ამისა, იქმნება ლოგისტიკური მარშრუტები, რომლებიც ამ ყველაფრის ოპერატიულად უზრუნველყოფის საშუალებას იძლევა.“

მსგავს შეშფოთებას გამოთქვამდნენ ბელარუსთან მოსაზღვრე უკრაინული რაიონების მცხოვრებლებიც: 2022 წლის თებერვალში ბევრმა მათგანმა ერთხელ უკვე გადაიტანა ბელარუსის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების შეჭრა. ადგილობრივი მცხოვრების, ნადეჟდა რაისკაიას თქმით, რუსეთის ხელახლა შეჭრას არავინ გამორიცხავს.

“გვგონია, რომ ყველაფერი ისევ ისე განმეორდება, როგორც 2022 წელს, როცა ბელარუსის მხრიდან შემოიჭრნენ. ველოდებით, რომ ისევ წამოვლენ, - ეუბნება ქალი The CurrentTimes-ს, - იმის ნაკლებად გვეშინია, რაც ზემოდან მოდის. ქვეითების გვეშინია ძალიან, რას უზამენ ადამიანებს, ბავშვებს, ყველას. მაშინ გადავრჩით, მაგრამ ახლა მოლოდინი ისევ გაგვიმძაფრდა.”

თვითონ ალიაქსანდრ ლუკაშენკას არ განუმარტავს, როგორ გამოიყენებს უკრაინის საზღვართან მდებარე ტყეებში დისლოცირებულ „საჯარიმო ბატალიონებს“, რომლებშიც „ქურდბაცაცების, ლოთების, ზარმაცებისა და უსაქმურების“ გამო გაგზავნილი სოფლის მეურნეობის მუშაკები იმსახურებენ. თუმცა მეზობელ რუსეთში მსგავსი კონტინგენტი - ადამიანები, რომლებიც არმიაში კონტრაქტით ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების სანაცვლოდ მოხვდნენ - ძირითადად ფრონტის წინა ხაზზე მოქმედ მოიერიშე დანაყოფებში გამოიყენება.

ასევე ნახეთ

კოლმეურნე ავტომატით ხელში

მოგვიანებით ალიაქსანდრ ლუკაშენკამ განმარტა, რომ ე.წ. საჯარიმო ნაწილები სოფლის მეურნეობის მუშაკებისთვის არც ვინმეს შესაშინებლად არ კეთდება და არც არმიის რიგების შესავსებად.

„თუ ამ სამუშაოზე მუშაობა არ გინდა, მაშინ სხვა საქმეში გამოგცდით. ნამდვილ მამაკაცურ და ქალურ საქმეში - ჯარში“, - განაცხადა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ 30 ივლისს ბრესტის ოლქში სტუმრობისას.

მისი თქმით, საუბარი ასევე არ არის „ადამიანების დაცინვაზე“, არამედ შესაძლებლობაზე, რომ მათ „სხვა სამუშაოზე - რთულ, მამაკაცურ საქმეში გამოიჩინონ თავი“, - იუწყება სახელმწიფო სააგენტო БелТА.

ასევე ნახეთ

რატომ ერჩის დიქტატურა თავისიანებს - ბელარუსის მაგალითი