აქტივისტი თორნიკე თოშხუა კიდევ ერთხელ დააკავეს

თორნიკე თოშხუა

თბილისის საკრებულოს შენობასთან დააკავეს სამოქალაქო აქტივისტი თორნიკე თოშხუა. როგორც სხვა აქტივისტების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, თოშხუას შეკითხვის - "განუმარტონ რატომ აკავებენ" - პასუხად, პოლიცია მას ეუბნება, რომ "ხულიგნობისთვის" აკავებენ.

დღეს, 31 ივლისს თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობასთან მყოფ თორნიკე თოშხუას ხელში ფურცელი ეჭირა წარწერით "ბიძინა ყ არაა/არის?".

მოგვიანებით, რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ თორნიკე თოშხუა "შეურაცხმყოფელი ბანერისთვის" დააკავეს ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისთვის.

თორნიკე თოშხუა პოლიციამ 26 ივლისსაც დააკავა საკრებულოს შენობასთან, "შეურაცხმყოფელი ბანერისთვის". მაშინ მას ხელში ეჭირა ფურცელი წარწერით "ბიძინა ყ***? კი თუ არა".

ის მანამდე ერთხელ უკვე იყო დაკავებული სისხლის სამართლის წესით და ციხე სულ რამდენიმე კვირის წინ დატოვა. 26 ივლისს, მისდამი სოლიდარობისთვის საკრებულოსთან კიდევ ცხრა ადამიანი დააკავეს. სასამართლომ ზოგ მათგანს რამდენიმედღიანი პატიმრობა ზოგს კი ადმინისტრაციული ჯარიმა დააკისრა.

ასევე ნახეთ

მოსამართლე ცეკვავამ ღამის 02:00 საათზე გამოაცხადა გადაწყვეტილება „უხამსი პლაკატების“ საქმეზე

თავად თოშხუა მოსამართლემ 3000 ლარით დააჯარიმა.

წვრილმანი ხულიგნობა, რისთვისაც თოშხუა დააკავეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევაა. რაც ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარიდან 3 000 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.