პარასკევს გამოქვეყნებულ ფედერალურ შეტყობინებაში ჩამოთვლილ 50 ქვეყანას შორის არის საქართველოც.
Reuters-ის თანახმად, ფედერალური რეესტრის შეტყობინება ვრცელდება B1 და B2 ვიზებზე, რომლებიც გაიცემა ბიზნესისა და ტურიზმისთვის.
„საკონსულოს თანამშრომლებმა შეიძლება არასაიმიგრაციო ვიზებზე განცხადების შემტანებისგან 20 000 აშშ დოლარამდე დეპოზიტის გადახდა მოითხოვონ ვიზის გაცემის პირობად, როგორც ეს განსაზღვრულია საკონსულოს თანამშრომლების მიერ,“ ნათქვამია შეტყობინებაში.
„2025 წლისთვის სავიზო დეპოზიტების შემოღების საპილოტე პროგრამამ, რომელმაც სახელმწიფო დეპარტამენტს, შიდა უსაფრთხოების სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროს საფუძველი შეუქმნა სავიზო დეპოზიტების ადმინისტრირების პროგრამის მიზანშეწონილობის შესაფასებლად, საკმარის მონაცემებს იძლევა ვარაუდისთვის, რომ სავიზო დეპოზიტების პროგრამა ეფექტიანი ინსტრუმენტია საიმისოდ, რომ ვიზის მქონეთა შორის უზრუნველყოფილ იქნეს მოთხოვნების დაცვა,“ წერია ფედერალურ შეტყობინებაში.
საპილოტე პროგრამის ფარგლებში საკონსულო თანამშრომლებს შეეძლოთ მოეთხოვათ დეპოზიტი 5000 დოლარის, 10000 დოლარის ან 15000 დოლარამდე ოდენობით. საბოლოო წესი გამორიცხავს 5000 დოლარის ვარიანტს და მაქსიმალურ გირაოს 20000 დოლარამდე ზრდის.
ასევე ნახეთ
აშშ-ში ვიზის მისაღებად $5-15 ათასის „სავალდებულო გარანტია“ იქნება საჭირო საქართველოს მოქალაქეებისთვისსაბოლოო წესი ძალაში შედის 3 აგვისტოს, როდესაც ის ფედერალურ რეესტრში გამოქვეყნდება. 50 ქვეყნიდან, რომელთა მოქალაქეებზეც ვრცელდება ეს პროგრამა, 30 აფრიკაშია.
აშშ-ის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ეს პოლიტიკა მიზნად ისახავს ვიზების ვადის გასვლის შემთხვევების შემცირებას. იმიგრანტების უფლებების დამცველები კი ამტკიცებენ, რომ ეს დააბრკოლებს შეერთებულ შტატებში კანონიერად მოგზაურობას.
უფლებადამცველების თქმით, იმიგრაციის კანონების გამკაცრების შესახებ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის აგრესიული ზომები არღვევს სიტყვის თავისუფლებას და სათანადო სამართლებრივ პროცედურას, ქმნის არაუსაფრთხო გარემოს ეთნიკური უმცირესობებისთვის და ხელს უწყობს რასობრივ პროფილირებას. ტრამპი იცავს ამ ზომებს და ამტკიცებს, რომ ისინი აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი აცხადებს, რომ არალეგალური იმიგრაციის შეზღუდვა სურს, მისმა ადმინისტრაციამ გაართულა ლეგალური იმიგრაცია, მაგალითად, გარკვეული ვიზების მსურველთათვის ახალი და ძვირადღირებული გადასახადების დაწესებით და ქვეყანაში უკვე მყოფი განმცხადებლებისა და იმიგრანტებისთვის სოციალურ მედიაში შემოწმებების შემოღებით, აღნიშნავს Reuters-ი.