Politico: აშშ აღარ უხელმძღვანელებს უკრაინის დახმარების ჯგუფს

პენტაგონის შენობა. ვაშინგტონი, 15 ივნისი, 2005.

პენტაგონი უარს იტყვის ნატოს ეგიდით გერმანიაში შექმნილი უკრაინის უსაფრთხოების მხარდაჭერის ჯგუფის (SAG-U) ხელმძღვანელობაზე. ამის შესახებ გამოცემა Politico იტყობინებოდა პარასკევს, 31 ივლისს, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. მათი ცნობით, საკოორდინაციო ჯგუფს, რომელიც უკრაინის ჯარებისთვის იარაღის მიწოდებასა და წვრთნას ახორციელებს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სხვა წევრს გადაეცემა.

ჯგუფის მეთაურის თანამდებობაზე ევროპელი ან კანადელი ოფიცრის დანიშვნა იმის კიდევ ერთი დასტური იქნება, რომ მოკავშირეები სულ უფრო მეტად იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე, აღნიშნა ნატოს ოფიციალურმა პირმა, რომელიც ანონიმურობის პირობით საუბრობდა.

ვისბადენში დაფუძნებული SAG-U კოორდინაციას უწევს უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას მას შემდეგ, რაც დაიწყო ქვეყანაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა, ასევე უზრუნველყოფს უკრაინის ჯარების წვრთნასა და ლოგისტიკურ მხარდაჭერას.

SAG-U-ს ლიდერობის გადაცემის პროცესი ერთ წლამდე გასტანს, განაცხადეს Politico-ს წყაროებმა. ამავე დროს მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ კიევის მხარდაჭერის ძალისხმევა არ შეწყდება. აშშ-ის ევროპული სარდლობა კვლავ ჩართული იქნება ამერიკელი მოადგილის მეშვეობით. „უკრაინის მხარდაჭერა მთავარ პრიორიტეტად რჩება“, განაცხადა ნატოს ოფიციალურმა პირმა.

ნატოს მოკავშირეები მთლიანობაში მხარს უჭერენ სარდლობის გადაცემას. ზოგიერთი აღნიშნავს, რომ ევროპის როლის გაფართოება მიზანშეწონილია. „ჩვენთვის ამ ნაბიჯს მეტი უპირატესობა აქვს, ვიდრე ნაკლოვანებები. ის ამცირებს რისკებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას შეერთებულ შტატებში პოლიტიკური არასტაბილურობით და უკრაინის ინტერესების შესაბამისად აიოლებს სამხედრო ლოგისტიკას“, უთხრა გამოცემას უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა. ამასთან, მან დასძინა, რომ საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელობიდან ვაშინგტონის გასვლა კიევში შეშფოთებას იწვევს უკრაინისთვის დასავლეთის შემდგომი სამხედრო მხარდაჭერის პოტენციალის შესახებ.

ასევე ნახეთ

უკრაინა ვერ მიიღებს Patriot-ის ტიპის რაკეტების შექმნის შესაძლებლობას - ტრამპი