არანაირ კათალიკოსს არ ვიცნობ - სომხეთის პარლამენტის მომავალი სპიკერი გარეგინ II-ზე

ნიკოლ ფაშინიანის პოლიტიკურ გუნდსა და კათალიკოსს შორის დაპირისპირება გრძელდება. გარეკანზე: რუბენ რუბინიანი და გარეგინ მეორე

სომხეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) სპიკერობის ერთადერთი კანდიდატი, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გუნდის წევრი რუბენ რუბინიანი აცხადებს, რომ გარეგინ მეორეს არ ცნობს ყოველთა სომეხთა კათალიკოსად.

„ამ წუთას არანაირ კათალიკოსს არ ვიცნობ“, - განუცხადა მან რადიო თავისუფლებას კითხვაზე, რატომ არ მიიწვიეს 2 აგვისტოს, ახალი, მე-9 მოწვევის პარლამენტის პირველ სესიაზე ყოველთა სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორე.

„არ ვიცი, რაზე საუბრობთ. თუ კათალიკოსში კტრიჩ ნერსისიანს გულისხმობთ, თავად ჰკითხეთ, სად არის, მე საიდან უნდა ვიცოდე?“ - განაცხადა მან.

ასევე ნახეთ

სომხეთის ეროვნულ ასამბლეას ახალი სპიკერი ეყოლება - რუბენ რუბინიანი

ოპოზიცია კათალიკოსს შეხვდა

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კათალიკოსი პარლამენტის პირველ სესიას არ დასწრებია - მისთვის მოსაწვევი არ გაუგზავნიათ.

თავის მხრივ, 2 აგვისტოსვე გარეგინ მეორესთან შეხვედრა გამართეს ოპოზიციური საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებმა და ფაშინიანის გუნდი გააკრიტიკეს იმის გამო, რომ ეროვნულმა ასამბლეამ მუშაობა „კათალიკოსის დალოცვის გარეშე“ დაიწყო.

ექსპრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანის პოლიტიკური გუნდის, „სომხეთის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, ანა გრიგორიანმა, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ კათალიკოსის არმიწვევა „არაკონსტიტუციურია“.

გარეგინ მეორესთან შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ შინაპატიმრობაში მყოფი მილიარდერი ბიზნესმენის, სამველ კარაპეტიანის „ძლიერი სომხეთის“ წევრები.

ასევე ნახეთ

სომხეთის პრეზიდენტმა კვლავ ფაშინიანი დანიშნა პრემიერ-მინისტრად

უთანხმოება გარეგინსა და ფაშინიანს შორის

გარეგინ II, ყოველთა სომეხთა 132-ე კათოლიკოსი, რომელიც 1999 წლიდან უდგას ეჯმიაწინში სომხურ სამოციქულო ეკლესიას სათავეში - უკიდურესად დაპირისპირებულია ნიკოლ ფაშინიანის მთავრობასთან.

უთანხმოება, რომელიც 2020 წლიდან დაიწყო, დროთა განმავლობაში გაღრმავდა.

  • გარეგინ მეორე 2020 წლის დეკემბრის შემდეგ ითხოვს ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას;
  • ფაშინიანის მთავრობა, თავის მხრივ, პატრიარქს პოლიტიკაში ჩარევაში ადანაშაულებს და ამის გამო საყვედურობს;
  • გარეგინ მეორის წინამძღოლობით, სომხეთის სამოციქულო ეკლესია ეწინააღმდეგება ფაშინიანის მთავრობის არაერთ ინიციატივას, მათ შორის საკონსტიტუციო ცვლილებებს, გერბიდან არარატის მთის გაქრობას და ა.შ.

ასევე ნახეთ

გარეგინ II: “[ღმერთი] დაგვეხმაროს ძლიერი, უსაფრთხო, დაცული, კანონმორჩილი და აყვავებული ქვეყნის აშენებაში“

სომხეთში ივნისში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ფაშინიანის "სამოქალაქო ხელშეკრულებამ" მიიღო ხმების თითქმის 50 პროცენტი და 64 მანდატი 105-ადგილიან პარლამენტში - რაც მას უნარჩუნებს შესაძლებლობას, დამოუკიდებლად დააკომპლექტოს მთავრობა.

2 აგვისტოს, პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ, სომხეთის პრეზიდენტმა, ვაჰაგნ ხაჩატურიანმა, კვლავ პარტია "სამოქალაქო ხელშეკრულების" ლიდერი ნიკოლ ფაშინიანი დანიშნა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად.

ასევე ნახეთ

პუტინი სომხეთს მოუწოდებს, რეფერენდუმი ჩაატაროს ევროკავშირში გაწევრიანებაზე