ანექსირებულ სევასტოპოლში რუსმა ჯარისკაცმა სამხედრო და სამოქალაქო პირები დახოცა

რუსი სამხედრო მოსამსახურეები ანექსირებულ ყირიმში(ფოტო არქივიდან)

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში სამხედრო მოსამსახურემ ოთხი ადამიანი მოკლა. ინფორმაცია „სევასტოპოლში ტრაგედიის“ შესახებ სოციალური ქსელებით 4 აგვისტოს გაავრცელა რუსეთის მიერ სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორად დანიშნულმა მიხაილ რაზვოჟაევმა.

მისი ინფორმაციით, ხმელნიცკოეში(სოფელი, რომელიც სევასტოპოლის შემადგენლობაშია) სამხედრო მოსამსახურემ ცეცხლი ჯერ სხვა სამხედროებს გაუხსნა, ერთი მოკლა და ერთი დაჭრა, შემდეგ კი სოფელში მოკლა სამი ადგილობრივი მცხოვრები, ორი კაცი და ერთი ქალი და კიდევ სამი ადამიანი დაჭრა.

რაზვოჟაევის თანახმად, თავდამსხმელი დაკავებულია და შემთხვევის რაიონში გამომძიებლები მუშაობენ. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია. სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორმა ადგილობრივ მცხოვრებთ მოუწოდა, „ჭორებს ნუ გაავრცელებენ" და „მხოლოდ ოფიციალურ ინფორმაციას ენდონ".

მკვლელობისა და თავდამსხმელის დაკავების შესახებ რაზვოჟაევის მიერ ინფორმაციის გავრცელებამდე დაახლოებით ორი საათით ადრე, ხმელნიცკოეს ტერიტორიული საზოგადოებრივი თვითმმართველობის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ სამხედრო მოსამსახურე მაქსიმ ალისტრატოვმა კოლეგებს ესროლა და ტყეში გაიქცა, ამიტომ ადგილობრივი მცხოვრებნი ფრთხილად უნდა იყვნენ. ტექსტს თან ახლდა ალისტრატოვის ფოტო.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემის, „აგენტსტვოს“ ინფორმაციით, ეს პირი სავარაუდოდ, 21 წლის მაქსიმ ალისტრატოვია. ის რუსეთის სარატოვის ოლქშია დაბადებული. ნასამართლევია მაღაზიიდან 1500 რუბლის მოპარვისთვის. 2025 წლის დეკემბრის მონაცემებით, მაქსიმ ალისტრატოვი უმუშევარი იყო.

„აგენტსტვოს“ რედაქტორი ტელეფონით დაუკავშირდა ლიდია ტ.-ს, რომელიც მაქსიმ ალისტრატოვს რუსულ სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში თავის გვერდზე დედად ჰყავს მითითებული. ქალმა განაცხადა, რომ ალისტრატოვს არ იცნობს.

ამის შემდეგ გამოცემის რედაქტორი სოციალურ ქსელ ВКонтакте-ში დაუკავშირდა ალისტრატოვის მეგობრებს შორის მითითებულ ოლგა ხ.-ს, რომელმაც უთხრა, რომ მაქსიმ ალისტრატოვის დედაა და არ იცის, რა დაემართა მის შვილს.

ასევე ნახეთ

გამოკვლევა: ომის დაწყებიდან პერიოდში 140-ზე მეტმა რუსმა დეზერტირმა მკვლელობა ჩაიდინა