უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული Wildberries-ის საწყობებს ტულის ოლქშიც დაარტყეს

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსული კომპანია Wildberries-ის საწყობებს 2026 წლის ივლისიდან უტევენ. 

5 აგვისტოს უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა იყო ონლაინ-გაყიდვების უმსხვილესი რუსული კომპანია Wildberries-ის საწყობებზე ტულის ოლქში.

დრონებით შეტევა და ხანძარი დაადასტურეს Wildberries-მა და ტულის ოლქის გუბერნატორმა დმიტრი მილიაევმა.

კომპანიის პრესსამსახურის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ლოგისტიკის ობიექტიდან ევაკუაცია დროულად მოხდა. Wildberries-ი იძულებული გახდა ობიექტის მუშაობა შეეჩერებინა.

დამოუკიდებელი რუსული გამოცემა ASTRA-ს ცნობით, ლოგისტიკის ცენტრი ტულის ოლქის ქალაქ ალეკსინში მდებარეობს.

ასევე ნახეთ

მსხვერპლი, მასშტაბური ხანძრები - რუსეთმა კიევს რაკეტებით დაარტყა

უკრაინა მეორე თვეა Wildberries-ს უტევს

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში კომპანია Wildberries-ის საწყობებს 18 ივლისიდან უტევენ.

პირველ დღეებში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დაარტყეს ლოგისტიკის ცენტრებს, რომლებიც ჩართული არიან რუსეთის არმიის უზრუნველყოფაში დრონების მაკომპლექტებლებით, ნავიგაციის დანადგარებით და მოწყობილობებით.

4 აგვისტოს ლენინგრადის ოლქში Wildberries-ის ლოგისტიკურ ცენტრზე შეტევის შემდეგ უკრაინის უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ ბროვდიმ თავის ტელეგრამ-არხზე დაწერა, რომ 18 დღის განმავლობაში დრონებით შეუტიეს Wildberries-ის 15 ობიექტს და მათგან 13 დამწვარია.

რუსული Forbes-ის დათვლით, მხოლოდ ივლისში Wildberries-მა თავისი საწყობების მინიმუმ 17% დაკარგა, ზარალი კი დაახლოებით 280 მილიარდი რუბლი იყო.

Wildberries - 2004 წელს დაარსებული რუსეთის უდიდესი ონლაინ-მარკეტპლეისია. პლატფორმას ყოველთვიურად 79 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა, მისი გამყიდველების წლიური ბრუნვა 2,9 ტრილიონ რუბლს აჭარბებდა, ხოლო კომპანიის ქსელი 90 ათასზე მეტ გაცემის პუნქტს და დღეში 20 მილიონზე მეტ შეკვეთას მოიცავდა. ამ მასშტაბის გამო Wildberries რუსეთის შიდა ვაჭრობისა და ლოგისტიკის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურად მიიჩნევა.

Wildberries-ის საწყობებზე დარტყმების გამო რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში სისხლის სამართლის საქმეები „ტერორისტული აქტის“ მუხლითაა აღძრული.

  • რუსეთის ხელისუფლება „ტერორისტულს“ უწოდებს უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა შეტევას სამრეწველო ობიექტებზე რუსეთის ტერიტორიასა და ანექსირებულ ყირიმში.
  • უკრაინის ხელისუფლებისთვის ეს არის „სამართლიანი პასუხი“ უკრაინასა და მის მოსახლეობაზე რუსეთის ყოველდღიურ დარტყმებზე. პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ განაცხადა, რომ მოსკოვის მიერ გაჩაღებული ომის შედეგები რუსეთშიც უნდა იგრძნონ და მას ომის დასრულება უნდა აიძულონ.