სასამართლომ გირაო შეუფარდა ოლჰა სტეფანიშინას, უკრაინის ყოფილ ელჩს აშშ-ში

ოლჰა სტეფანიშინა აშშ-ში უკრაინის ელჩი იყო 2025 წლის აგვისტოდან 2026 წლის 3 აგვისტომდე

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ აღკვეთის ზომად გირაო შეუფარდა ქვეყნის ყოფილ ელჩს აშშ-ში ოლჰა სტეფანიშინას, რომელიც უკანონოდ გამდიდრებაშია ეჭვმიტანილი.

სასამართლოს მიერ 6 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილებით, სტეფანიშინამ გირაოს სახით უნდა გადაიხადოს 6 მილიონი გრივნა(დაახლოებით 134 000 აშშ დოლარი). სპეციალური ანტიკორუფციული პროკურატურა 13,1 მილიონი გრივნის გირაოს ითხოვდა.

რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, სტეფანიშინამ განაცხადა, რომ არც 13 და არც 6 მილიონი არ აქვს და გირაოს გადასახდელად სახსრების მოძიება მოუწევს. გასაჩივრების საკითხს ადვოკატებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყვეტს.

ასევე ნახეთ

ზელენსკიმ გაათავისუფლა რამდენიმე ელჩი, მათ შორის აშშ-ში

რაშია ეჭვმიტანილი სტეფანიშინა

5 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ოლჰა სტეფანიშინა უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროსა და სპეციალური ანტიკორუციული პროკურატურის მიერ ეჭვმიტანილია უკანონოდ გამდიდრებასა და დეკლარაციაში არასწორი მონაცემების შეტანაში.

უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსით, უკანონოდ გამდიდრების მუხლი ათ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიების ვერსიით, სტეფანიშინამ დეკლარაციაში არ შეიტანა ორი ბინა კიევში, მათი რემონტის ხარჯი, საცხოვრებლის ქირა, ავტომანქანა Mercedes-ით სარგებლობა და ავიაბილეთებისა და დედის მკურნალობის ხარჯები.

თავად ოლჰა სტეფანიშინამ განაცხადა, რომ დასამალი არაფერი ჰქონდა, ეჭვმიტანილობა დანაშაულის დადგენას არ ნიშნავს და შექმნილი აჟიოტაჟი ჭიქაში ქარიშხლის ატეხას ჰგავს.

  • უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლჰა სტეფანიშინა აშშ-ში ელჩად 2025 წლის აგვისტოში დანიშნა და ერთ წელიწადში, 2026 წლის 3 აგვისტოს გაათავისუფლა.
  • სტეფანიშინამ განაცხადა, რომ ელჩის თანამდებობიდან წასვლა იყო მისი გადაწყვეტილება, რომელიც პირადი გარემოებებითაა ნაკარნახევი.
  • აშშ-ში ელჩობამდე ოლჰა სტეფანიშინა იყო უკრაინის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი აშშ-თან თანამშრომლობის განვითარების საკითხებში, მანამდე კი ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში და იუსტიციის მინისტრი.