5 აგვისტოს მოსკოვში, ტროეკუროვოს სასაფლაოზე გაიმართა გენერალ-მაიორ ვალერი პლოხოტნიუკის დაკრძალვა, იტყობინება არხი "ВЧК-ОГПУ" წყაროს მითითების გარეშე. არხის ცნობით, ის 2022 წელს 49-ე არმიის სარდლის მოადგილე იყო.
ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს იქვე გაიმართა დანიილ პერედრიის, რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდალ ალექსანდრ ჩაიკოს სიძის, დაკრძალვა, რომლის გარდაცვალების შესახებაც ადრე იტყობინებოდა „აგენტსტვო“.
"ВЧК-ОГПУ" იტყობინება, რომ პერედრიი და პლოხოტნიუკი 1 აგვისტოს მოსკოვის რესტორან „ბალზი როსისთან“ მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპნენ.
„მედიაზონის“ ჟურნალისტებმა სახელმწიფო რეესტრები შეისწავლეს და დაადასტურეს, რომ პლოხოტნიუკი 1 აგვისტოს გარდაიცვალა.
პრორუსმა ბლოგერმა ანატოლი შარიმ პერედრიის გარდაცვალების შესახებ 2 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია. მისი თქმით, ჩაიკოს ქალიშვილი მარია დაშავდა, ხოლო პერედრიი „დაიღუპა მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე მიიღო ქალისთვის განკუთვნილი საბრძოლო ელემენტები“. „აგენტსტვომ“ მოგვიანებით დაადასტურა მისი გარდაცვალება სამთავრობო მონაცემთა ბაზებში არსებული ჩანაწერების, მათ შორის იურიდიული პირების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის ჩანაწერების მეშვეობით.
1 აგვისტოს მოსკოვში, კუდრინსკაიას მოედანზე მდებარე რესტორან „ბალზი როსიში“ აფეთქება მოხდა. სავარაუდო სამიზნე იყო რუსეთის საჰაერო ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ ჩაიკო. ხუთი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა. რუსეთის ხელისუფლებას ოფიციალურად არ გაუვრცელებია ინფორმაცია, ვინ დაიღუპა და ვინ დაიჭრა.
ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ რესტორნის შესასვლელთან ხელნაკეთი ბომბი აფეთქდა მას შემდეგ, რაც ქალმა კურიერმა სცადა მისი ფარულად შეტანა. დაცვის თანამშრომელმა, რომელსაც ეჭვი გაუჩნდა, არ შეუშვა ის და მისი შემოწმება გადაწყვიტა. აფეთქების სიმძლავრე ერთი კილოგრამი ტროტილის ეკვივალენტი იყო, თავად მოწყობილობა კი ნამსხვრევებით იყო სავსე. ბომბი დისტანციურად ააფეთქეს.