ცხინვალის რეჟიმი: საქართველომ კობახიძის სახით აღიარა სააკაშვილი დამნაშავედ აგრესიაში, პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროს

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალი საქართველოს „დანაშაულის“ მტკიცებაში არგუმენტად ირაკლი კობახიძის განცხადება მოჰყვას

რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალი აკრიტიკებს აგვისტოს ომის მე-18 წლისთავზე ქართველოს საგარეო უწყების განცხადებას, ამავე განცხადებაში კი პრემიერ ირაკლი კობახიძის სიტყვები მოჰყავს იმის დასტურად, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ომის დამნაშავეა“, ამიტომ „პასუხისმგებლობა ქვეყანას უნდა დაეკისროს“.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა 8 აგვისტოს პოლიტიკური განცხადებებისას ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს „ნაციონალური მოძრაობა.

თუმცა დამაზუსტებელ კითხვაზე, ეს ნიშნავს, თუ არა მათი მხრიდან მტკიცებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო, იმდროინდელი ხელისუფლება საქართველოსგან გამიჯნეს.

რას ამბობენ ცხინვალში

9 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ საქართველოს საგარეო უწყების 8 აგვისტოს განცხადებამდე „სულ რაღაც ერთი დღით ადრე, საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, [ირაკლი] კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი [მიხეილ] სააკაშვილი სამხედრო აგრესიაში დამნაშავედ“.

„საკმაოდ ნათელია, რომ დამნაშავე მხოლოდ სააკაშვილი არ არის. სახელმწიფოს მეთაურის რანგში, მას ჰქონდა მანდატი, ესაუბრა საქართველოს სახელმწიფოს სახელით, გაეცა კრიმინალური ბრძანებები და განეხორციელებინა ანტიოსური და ანტიაფხაზური პოლიტიკა“, - წერია განცხადებაში.

„ამიტომაც, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას, როგორც ამ პოლიტიკის გამტარს, - მათ შორის სააკაშვილის რეჟიმის ფიგურებს, როგორც მისი პოლიტიკის ობიექტებს“, - აცხადებენ დე ფაქტო საგარეო უწყებაში.

ომის მე-18 წლისთავი

„ქართული ოცნების“ მთავრობა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს მიიჩნევს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეც გმირთა მემორიალთან 8 აგვისტოს ადის;

ასე მოხდა ომის მე-18 წლისთავზეც. პარტიის ლიდერები და სახელმწიფო სტრუქტურების ხელმძღვანელებმა ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით 8 აგვისტოს შეამკეს და გმირების ოჯახის წევრებს შეხვდნენ.

7 აგვისტოს მივიდნენ ომში დაღუპულების პატივის მისაგებად მემორიალთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.

რა თქვეს მოქმედმა ლიდერებმა

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა პოლიტიკური განცხადებებისას ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულეს „ნაციონალური მოძრაობა“ და დამაზუსტებელ კითხვაზე, ეს ნიშნავს, თუ არა მათი მხრიდან მტკიცებას, რომ ომი საქართველომ დაიწყო, იმდროინდელი ხელისუფლება საქართველოსგან გამიჯნეს.

  • საგარეო საქმეთა სამინისტრო 2026 წლის 8 აგვისტოს გავრცელებულ განცხადებაში ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს ასახელებს;
  • განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთი დღემდე არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.
  • უწყების შეფასებით, რუსეთი აგრძელებს ოკუპირებულ რეგიონებში კონტროლის გაფართოებას, მათ მილიტარიზაციას და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებს.
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გაიყვანოს სამხედრო ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და უზრუნველყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

ასევე ნახეთ

„ქართული ოცნება“ ომის დაწყების თარიღად ისევ 8 აგვისტოს ასახელებს და პასუხისმგებლობას სააკაშვილის ხელისუფლებას აკისრებს