ზელენსკი: უკრაინის საჰაერო თავდაცვა უნდა იყოს ყველა ლიდერის, თითოეული სახელმწიფოს დღის წესრიგის სათავეში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობას ხვდება. 10 აგვისტო, 2026 წელი, კიევი

10 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილა შეიაღარებული ძალებში ცვლილებების ხედვა, რომელიც მას შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მიხაილო დრაპატიმ წარუდგინა:

„დღეს გადავჭერით მნიშვნელოვანი სამხედრო საკითხები. ვიმსჯელეთ საკადრო საკითხებზე. შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მიხაილო დრაპატიმ, იჰორ სკიბიუკთან [გენშტაბის მეთაური - რთ] და იევჰენი ხმარასთან [თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი - რთ] კოორდინაციით, წარმოადგინა ცვლილებების ხედვა. ზოგიერთი გადაწყვეტილება უკვე მომზადებულია, იქნება მეტი", - "ფეისბუკის" ოფიციალურ გვერდზე დაპოსტა ორშაბათს პრეზიდენტმა ზელენსკიმ.

ასევე ნახეთ

ზელენსკის არჩევანი - რა უნდა ვიცოდეთ უკრაინის სამთავრობო ცვლილებების შესახებ?

უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, ფრონტზე ვითარების დეტალური განხილვის საფუძველზე, იმსჯელეს "საკვანძო მიმართულებების გაძლიერების ზომებზე, განსაკუთრებით დონეცკის ოლქში".

10 აგვისტოს თათბირზე დაკორექტირდა რუსეთის წინააღმდეგ "შორი მანძილის სასანქციო გეგმა, აგრეთვე საშუალო მანძილის დარტყმების" ნაწილი და დამტკიცდა ახალი ოპერაციები.

"უკრაინის სიზუსტე არის ის, რაც საშუალებას გვაძლევს ომში ინიციატივა არ დავუთმოთ რუსებს და ვიქონიოთ დიპლომატიური მოგვარების შესაძლო მოახლოების იმედი" - აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

ასევე ნახეთ

რა არის რუსეთის არმიის აქილევსის ქუსლი? - ინტერვიუ უკრაინის არმიის გენერალ მიკოლა მალომუჟთან

ანტისაჰაერო თავდაცვის გაძლიერება რჩება უკრაინის უმთავრეს პრიორიტეტად. უკრაინის პრეზიდენტი განსაკუთრებით უსვამს ხაზს ფრონტის ხაზისა და სასაზღვრო ზონის იმ ქალაქებისა და თემების დაცვის საჭიროებას, რომლებიც "რუსეთის უკიდურესად სასტიკი დარტყმების ქვეშ არიან".

ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედრო საჭიროებების უზრუნველსაყოფად უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან კონკრეტული შედეგებისადმი მოლოდინს გამოხატავს:

"უკრაინის საჰაერო თავდაცვა უნდა იყოს ყველა ლიდერის, თითოეული სახელმწიფოს დღის წესრიგის სათავეში, რომლებსაც ჩვენი დახმარება შეუძლიათ".

უკრაინის სამთავრობო გუნდში ცვლილებები გასულ თვეში განხორციელდა. 14 ივლისს პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერმინისტრის პოსტიდან იულია სვირიდენკოს გათავისუფლებას. ამის შემდეგ მინისტრთა კაბინეტი სრული შემადგენლობით გადადგა. მომდევნო დღეს ცნობილი გახდა, რომ ახალ შემადგენლობაში იცვლებოდა თავდაცვის მინისტრიც. მიხაილო ფედოროვი იევჰენი ხმარამ შეცვალა. მოგვიანებით, რამდენიმე დღეში შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე ოლექსანდრ სირსკი მიხაილო დრაპატიმ ჩაანაცვლა.

ასევე ნახეთ

ზელენსკის სამხედრო რეორგანიზაცია: რატომ შეიცვალა სირსკი დრაპატით და რა როლი აქვთ ფედოროვსა და ხმარას?