Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკის სამხედრო რეორგანიზაცია: რატომ შეიცვალა სირსკი დრაპატით და რა როლი აქვთ ფედოროვსა და ხმარას? 

მიხაილო დრაპატი -  უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი. მას მიიჩნევენ ოფიცერთა იმ ახალი თაობის წარმომადგენლად, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ომმა ჩამოაყალიბა და არა საბჭოთა სამხედრო სკოლამ.
მიხაილო დრაპატი - უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი. მას მიიჩნევენ ოფიცერთა იმ ახალი თაობის წარმომადგენლად, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ომმა ჩამოაყალიბა და არა საბჭოთა სამხედრო სკოლამ.

რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობაში კვლავ საკადრო რეორგანიზაციაა. ვის და რატომ დაატოვებინეს თანამდებობები, ვინ არის მიხაილო დრაპატი - უკრაინის ახალი მთავარსარდალი - და რა როლი აქვთ მიხაილო ფედოროვსა და ევჰენ ხმარას ახალ ცვლილებებში?

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ომის დაწყების შემდეგ სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობაში განახორციელა ყველაზე მასშტაბური საკადრო ცვლილებები, რომლებიც ერთდროულად შეეხო როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების (ВСУ) უმაღლეს სარდლობას. ვოლოდიმირ ზელენსკის 21 ივლისის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი, ოლექსანდრ სირსკი, რომელიც მიხაილო დრაპატიმ შეცვალა. რამდენიმე დღით ადრე ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი შეცვალა.

რა გახდა ცვლილებების მიზეზი?

2026 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, უკრაინაში სულ უფრო ხშირად ისმოდა მოწოდებები სამხედრო მართვის სისტემის განახლების შესახებ. საუბარი იყო თავდაცვის სამინისტროში რეფორმების დაჩქარებაზე, არმიის მართვის ეფექტიანობის გაზრდაზე, უპილოტო ტექნოლოგიების განვითარებასა და პასუხისმგებლობის ახალი სისტემის დანერგვაზე. საქმე თავდაცვის მინისტრსა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს შორის დაპირისპირებამდე მივიდა, რაც დაადასტურა კიდეც თანამდებობიდან გადაყენებულმა მიხაილო ფედოროვმა.

შექმნილი კრიზისის ფონზე შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაპირველად არჩევანი მთავარსარდალ სირსკის სასარგებლოდ გააკეთა, როცა თანამდებობა დაატოვებინა თავდაცვის მინისტრ მიხაილო ფედოროვს. ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების დიდი ნაწილის უკმაყოფილება და საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. უკრაინის პრეზიდენტი იძულებული გახდა, შეეცვალა ოლექსანდრ სირსკიც. შესაბამისი გადაწყვეტილება მან 21 ივლისის საღამოს მიიღო.

ოლექსანდრ სირსკის რეაქცია

ოლექსანდრ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი გახდა 2024 წლის თებერვალში - მან პოპულარული გენერალი ვალერი ზალუჟნი შეცვალა.

სირსკის სარდლობის პერიოდში უკრაინამ:


თანამდებობის დატოვებისას სირსკიმ განაცხადა, რომ მემკვიდრეს „შეტევაზე გადასული არმია“ გადააბარა და აღნიშნა, რომ ნებისმიერ სტატუსში გააგრძელებს უკრაინის სამსახურს. ოლექსანდრ სირსკიმ უკრაინელ მეომრებსა და ხალხს ვრცელი წერილით მიმართა, რომელიც თავის Telegram-არხზე გამოაქვეყნა:

ჩემს მემკვიდრეს ვაბარებ არმიას, რომელიც არა მხოლოდ თავდაცვას ინარჩუნებს, არამედ შეტევით მოქმედებებსაც ახორციელებს".
გენერალი სირსკი

“მეომრებო. უკრაინელებო. დღეს მე ვტოვებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობას. სანამ სარდლობას ჩემს მემკვიდრეს გადავცემ, მსურს რამდენიმე სიტყვა გითხრათ.

ყველა ოფიცრისთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა დიდი ომის დროს არმიის ხელმძღვანელობა. მე ეს ომი 2014 წლის პირველი დღიდან ვიხილე, ფრონტით ვცხოვრობდი და ვიცი, რა ფასად გვიჯდება უკრაინული მიწის ყოველი გათავისუფლებული კილომეტრი.

2022 წლის თებერვალ-მარტში პატივი მხვდა წილად, მეხელმძღვანელა კიევის თავდაცვისთვის. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით დედაქალაქმა გაუძლო. იმავე გაზაფხულზე მოიხსნა ხარკოვის სრული ალყის საფრთხეც.

შემდეგ იყო ხარკოვის ოლქის კონტრშეტევა, როდესაც სულ რამდენიმე კვირაში გავათავისუფლეთ ბალაკლიია, იზიუმი და კუპიანსკი. მოგვიანებით დონეცკის ოლქში გავანადგურეთ რუსეთის არმიის ყველაზე ბრძოლისუნარიანი ნაწილი - კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“.

არმიის სარდლობა 2024 წლის თებერვალში, უმძიმეს პერიოდში ჩავიბარე. მაშინ მიმდინარეობდა ავდიივკის თავდაცვა. ჩვენი ქვედანაყოფები ნახევარრკალში იყვნენ მოქცეული. ჩემი ერთ-ერთი პირველი ბრძანება ქალაქიდან ორგანიზებულად გამოსვლას უკავშირდებოდა. ეს მძიმე გადაწყვეტილება იყო, თუმცა ჩემთვის მთავარი პრიორიტეტი ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა გახლდათ.

შემდეგ მოვიდა წელი, რომელმაც ამ ომის მიმდინარეობა შეცვალა. ჩვენ ერთად შევაჩერეთ მტრის შეტევა ხარკოვის მიმართულებით, ჩავუშალეთ შეტევა სუმის ოლქზე და ჩავატარეთ კურსკის ოპერაცია - ამ ომში პირველად საბრძოლო მოქმედებები მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადავიტანეთ.

მსურს, ეს მკაფიოდ იყოს დაფიქსირებული: ჩვენი მიზანი არასოდეს ყოფილა სხვისი მიწის ოკუპაცია. ჩვენი ამოცანა იყო მტრის მიერ სუმისა და ხარკოვის მიმართულებებზე დაგეგმილი შეტევის ჩაშლა, მისი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ძალების გადმოქაჩვა და ტყვეთა გაცვლის ფონდის შევსება, რათა ჩვენი ხალხი ტყვეობიდან დაგვებრუნებინა. ყველა ეს მიზანი შესრულდა.

ჩვენ არმია მხოლოდ ბრძოლის ველზე კი არა, მის საფუძველშიც შევცვალეთ. მსოფლიოში პირველებმა შევქმენით სამხედრო ძალების დამოუკიდებელი სახეობა - უპილოტო სისტემების ძალები. რამდენიმე ცალკეული ქვედანაყოფიდან ისეთი სისტემა ჩამოვაყალიბეთ, რომელიც დღეს მტერს აგრძნობინებს, რომ მისთვის უსაფრთხო ზურგი აღარ არსებობს. ჩვენ ავაშენეთ ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემა: შევქმენით უპილოტო სისტემების საჰაერო თავდაცვის ცალკე სარდლობა, ჩამოვაყალიბეთ დრონ-გამანადგურებლების ეკიპაჟების რეგულარული ქვედანაყოფები და ავაგეთ ქვეყნის ზურგის საჰაერო დაცვის მრავალეშელონიანი სისტემა. ის, რაც ცოტა ხნის წინ ენთუზიასტების ექსპერიმენტად ითვლებოდა, დღეს ყოველ ღამე ანადგურებს იმას, რაც ადრე „ჩამოუგდებლად“ მიიჩნეოდა.

ჩვენ ჩავკეტეთ ნოვოროსიისკის შავი ზღვის პორტი და სისტემურად ვანადგურებთ მტრის „ჩრდილოვან ფლოტს“.

არმია კორპუსულ სტრუქტურაზე გადავიყვანეთ, შტაბებში საბრძოლო გამოცდილების მქონე ოფიცრები მოვიყვანეთ და წესად ვაქციეთ, რომ ხელმძღვანელ თანამდებობამდე მიმავალი გზა მხოლოდ ფრონტზე გადის.

უკრაინული ტერიტორიების გათავისუფლებისას წარმატებით ჩავატარეთ დობროპილიის ოპერაცია და შეტევითი ოპერაცია ოლექსანდრივკის მიმართულებით. ამავე დროს ვაგრძელებთ მტრის შეტევის შეკავებას მთავარ მიმართულებებზე და ცალკეულ მონაკვეთებზე შეტევით ოპერაციებს.

ოპერაციების ნაწილზე, რომლებიც ამ წლების განმავლობაში განვახორციელეთ, დღესაც არ მაქვს საუბრის უფლება. მათზე ისტორია მოყვება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მტერს ისინი სამუდამოდ დაამახსოვრდა.

ახლა კი მთავარი - რა მდგომარეობაში ვაბარებ ბრძოლის ველს.

წელს ჩემი ხელმძღვანელობით გათავისუფლდა ჩვენი მიწის 743 კვადრატული კილომეტრი. არმია, რომელიც ორი წლის წინ მძიმე თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებდა, დღეს უკვე შეტევაზეა გადასული.

ჩემს მემკვიდრეს ვაბარებ არმიას, რომელიც არა მხოლოდ თავდაცვას ინარჩუნებს, არამედ შეტევით მოქმედებებსაც ახორციელებს - ინიციატივით, გამართული სტრუქტურითა და ისეთი ადამიანებით, რომლებმაც იციან, როგორ დაამარცხონ მტერი. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ეს შეტევა გაგრძელდება. ამისთვის ყველაფერი არსებობს.

მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცს, სერჟანტსა და ოფიცერს, რომლებთან ერთადაც ეს წლები გავიარე. ქედს ვიხრი ჩვენი დაღუპული გმირების ოჯახების წინაშე.

ეს ადრეც მითქვამს და დღესაც ვიმეორებ: ჩემი საქმე ომია. თანამდებობები იცვლება, მაგრამ ეს პრინციპი - არასოდეს. რა სტატუსიც არ უნდა მქონდეს, უკრაინას გამარჯვებამდე ვემსახურები.

დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ უკრაინელებს ბრძოლა არ შეუძლიათ. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ეს ასე არ არის. უკრაინას გმირი ხალხი იცავს.

ჩვენი ქვეყანა გაუძლებს, თუ თითოეული საკუთარ საქმეს ისეთივე შეუპოვრობით შეასრულებს, როგორც ამას უკრაინული არმია აკეთებს.

დიდება უკრაინას!”

ოლექსანდრ სირსკი
ოლექსანდრ სირსკი
ჩემი საქმე ომია. თანამდებობები იცვლება, მაგრამ ეს პრინციპი - არასოდეს". ოლექსანდრ სირსკი

ვინ არის მიხაილო დრაპატი?

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი, 43 წლის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი უკრაინის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ საბრძოლო მეთაურად მიიჩნევა.

Financial Times-ი უკრაინის ახალ მთავარსარდალს ახასიათებს, როგორც „ოფიცერთა ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელს, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ომმა ჩამოაყალიბა და არა საბჭოთა სამხედრო სკოლამ“.

Reuters-ი კი დრაპატის ახასიათებს, როგორც „პატივსაცემ და გამოცდილი სარდალს, რომელიც 2024–2025 წლებში უკრაინის სახმელეთო ჯარებს ხელმძღვანელობდა და ახალი თაობის გენერალია".

რატომ დრაპატი?

კიევი ცდილობს, ომში ინიციატივა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკაზე დარტყმებით დაიბრუნოს".

ექსპერტთა თქმით, უკრაინის უმაღლეს სამხედრო ხელმძღვანელობაში განხორციელებული ცვლილებები ქვეყნისთვის გადამწყვეტ მომენტში ხდება. კიევი ცდილობს, ომში ინიციატივა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურასა და ლოგისტიკაზე დარტყმებით დაიბრუნოს. ამ კონტექსტში ექსპერტები მიხაილო დრაპატის „ცვლილებების სიმბოლოდ“ მოიხსენიებენ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გათავისუფლების შემდეგ, 15 ივლისს მიხაილო დრაპატიმ საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინის შეიარაღებულ ძალებში რეფორმების გაგრძელებას. მისი თქმით, სისტემას ცვლილებები სჭირდება, რადგან „მრავალი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება ხდება არა სისტემის წყალობით, არამედ არსებული “სისტემის მიუხედავად”.

„დუმილი არმიას ვერ იცავს - ის მხოლოდ შეცდომების დაგროვებას უწყობს ხელს, ვიდრე მათი გამოსწორება ბევრად უფრო რთული გახდება“, - განაცხადა მაშინ გენერალმა დრაპატიმ და სამხედრო მართვის შემდგომი რეფორმების აუცილებლობაზე ისაუბრა.

21 ივლისს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დანიშვნის შემდეგ, მან მადლობა გადაუხადა ვოლოდიმირ ზელენსკის ნდობისთვის, თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ევჰენ ხმარას - მხარდაჭერისთვის, ხოლო უკრაინის თავდაცვის ძალებს - სამსახურის ახალი ეტაპისთვის.

„უკრაინის სამსახური ყოველთვის პატივი იყო ჩემთვის, ხოლო დამოუკიდებლობისთვის ომის პირობებში ეს აბსოლუტურ პასუხისმგებლობას ნიშნავს. ვიმუშავებ პასუხისმგებლობით, სრული კონცენტრაციით და იმ ადამიანების პატივისცემით, რომლებიც დღეს ჩვენს სახელმწიფოს იცავენ“, - განაცხადა ВСУ-ს ახალმა მთავარსარდალმა.

მიხაილო დრაპატი
მიხაილო დრაპატი

მიხაილო დრაპატიმ ასევე მადლობა გადაუხადა თავის წინამორბედს, ოლექსანდრ სირსკის, უკრაინული არმიის გაძლიერებისთვის გაწეული თანმიმდევრული მუშაობისთვის. “მეც სწორედ ამ არმიაში გავიზარდე“, - თქვა მან.

უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილო ფედოროვმა, რომელსაც თანამდებობა ოლექსანდრ სირსკისთან დაპირისპირების გამო დაატოვებინეს, გენერალ-მაიორ მიხაილო დრაპატის უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დანიშვნა მიულოცა და დაწერა:

„ეს არის ახალი სუნთქვა და ახალი იმედი თავისუფალი ადამიანების ბრძოლაში თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის. ეს არის ცვლილებების ხმა, რომლის წაყრუება უკვე შეუძლებელი იყო“.


მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი
მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი

მიხაილო დრაპატის სამხედრო კარიერის მთავარი ეტაპებია:

  • 2014 წელს მარიუპოლის გათავისუფლების ოპერაცია;
  • იზვარინოს ალყიდან უკრაინული ქვედანაყოფების წარმატებული გამოყვანა;
  • ხერსონის, ხარკოვისა და ლუგანსკის მიმართულებებზე მოქმედი ძალების სარდლობა;
  • 2022 წლის შემდეგ ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ოპერატიულ-სტრატეგიულ დაჯგუფებას, მათ შორის „ხერსონის“, „ხარკოვის“, „ლუგანსკისა“ და „ხორტიციის“ მიმართულებებს.
  • სახმელეთო ჯარებისა და მოგვიანებით გაერთიანებული ძალების ხელმძღვანელობა.


მარიუპოლი და იზვარინოს ალყა - მიხაილო დრაპატი 72-ე მექანიზებული ბრიგადის ოფიცერი იყო (2014 წ. მაისი), როცა მისი ჯავშანტექნიკა დიდი სიჩქარით შეიჭრა მარიუპოლში, გაარღვია ბარიკადები და სეპარატისტების პოზიციები. სწორედ ამ ეპიზოდმა აქცია იგი უკრაინაში ერთ-ერთ ცნობილ სამხედრო მეთაურად. მოგვიანებით მიხაილო დრაპატიმ, რომელიც 72-ე ბრიგადის დამრტყმელ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა იზვარინოსა და კრასნოპარტიზანსკის რაიონიდან ალყაში მოქცეული ქვედანაყოფების გამოყვანაზე. 4 აგვისტოს კოლონამ მიაღწია ზელენოპოლიემდე, სადაც უკვე იმყოფებოდნენ 79-ე ცალკეული საჰაერო-სადესანტო და 24-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადები. მათთან ერთად 72-ე ბრიგადის სამხედროებმა 7 აგვისტოს ღამეს განახორციელეს გარღვევის მეორე, გადამწყვეტი ეტაპი და გაარღვიეს „იზვარინოს ალყა“. მაშინ ალყიდან გამოვიდა 72-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის 260 სამხედრო და 30-ზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა. სამდღიანი გარღვევის განმავლობაში ბატალიონის მეთაურმა დრაპატიმ მხოლოდ ერთი მებრძოლი დაკარგა. „გარღვევა ორგანიზებულად, უკიდურესად რთულ პირობებში განხორციელდა - დანაღმული ველის გავლით, რუსული არტილერიის განუწყვეტელი ცეცხლის ქვეშ და რუსი დაქირავებული მებრძოლების ჩასაფრებების განადგურებით. მებრძოლებმა არა მხოლოდ საკუთარი სიცოცხლე გადაარჩინეს, არამედ შეინარჩუნეს ძვირადღირებული სამხედრო ტექნიკის დიდი ნაწილიც“, - იური ბუტუსოვი, ჟურნალისტი.

უკრაინულ სამხედრო წრეებში დრაპატს ხშირად ახასიათებენ როგორც:

  • სწრაფი და გადამწყვეტი მოქმედებების მომხრეს;
  • მეთაურს, რომელიც ხშირად თავად იმყოფება წინა ხაზთან;
  • ოფიცერს, რომელსაც ჯარისკაცები მაღალი ნდობით ეკიდებიან.

ჯილდოები:

  • უკრაინის გმირი;
  • ბოგდან ხმელნიცკის ორდენის სრული კავალერი (სამივე ხარისხი);
  • საბრძოლო დამსახურების ჯვრის მფლობელი.

ვალერი ზალუჟნის პოზიცია

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ, მიხაილო დრაპატის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და შეახსენა ის სირთულეები, რომლებიც აუცილებლად დახვდება. ზალუჟნიმ Telegram-ში გამოქვეყნებულ თავის პოსტს დაურთო ოლექსანდრ სირსკისთან ერთად გადაღებული ფოტო. 2024 წლის 8 თებერვალს, ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით, სწორედ ოლექსანდრ სირსკიმ (რომელიც სახმელეთო ჯარების სარდალი იყო) შეცვალა ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობაზე.

ვალერი ზალუჟნიმ, რომელიც ამჟამად დიდ ბრიტანეთში უკრაინის სრულუფლებიანი ელჩია, Telegram-ზე დაწერა:

“საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრება ვუძღვნით, უპირველესად ეფუძნება მორალურ პრინციპებსა და ღირებულებებს, რომლებიც ღირსებას აყალიბებს. ღირსებას, რომელიც ნებისმიერ თანამდებობასა და ჯილდოზე ძვირფასია.

სწორედ ღირსება ბადებს იდეებს და ეძებს მათი განხორციელების გზებს. სწორედ ის გვაიძულებს, ისეთი ადამიანები ვიპოვოთ, რომლებიც შენთან ერთად ღირსეულად ზიდავენ საკუთარ მძიმე ჯვარს. ვინც სხვაგვარად ფიქრობს და მოქმედებს, ადრე თუ გვიან, სირცხვილს მიიღებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალ მთავარსარდალს ძალიან გაუჭირდება - გაცილებით მეტად, ვიდრე მას თავად წარმოუდგენია. თუმცა მიხაილოს ერთი რამ ზუსტად აღარასოდეს დაემართება - მას აღარასოდეს შერცხვება. ღირსების მქონე ადამიანს კერპი არ ჰყავს, ამიტომ არც არაფრის დაკარგვის ეშინია. ერთადერთი, რაც მას აქვს, მოვალეობაა.

დიდება უკრაინას! დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს!

მიხაილო ფედოროვი

მიხაილო ფედოროვი უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ მინისტრად ითვლებოდა ციფრული ტრანსფორმაციის სფეროში. სწორედ მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა „დიას“ (Дія) სისტემა და უკრაინამ ციფრული სახელმწიფო სერვისების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.

ზელენსკიმ იგი თავდაცვის მინისტრად დანიშნა, რათა სამხედრო უწყებაში იმავე ტიპის სწრაფი რეფორმები წამოეწყო და განევითარებინა თავდაცვის ინდუსტრია, დრონებისა და სხვა თანამედროვე ტექნოლოგიების წარმოება, ხოლო სამინისტროს მართვა უფრო მოქნილი და ეფექტიანი გამხდარიყო.

უკრაინის ახალი თავდაცვის მინისტრი ევჰენ ხმარა

მიხაილო ფედოროვის გათავისუფლების შემდეგ თავდაცვის სამინისტროში გარდამავალი პერიოდი დაიწყო, მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად კი ევჰენ ხმარა დაინიშნა. როგორც სამხედრო ექსპერტები განმარტავენ, ხმარას ამოცანა სამინისტროს მუშაობის უწყვეტობის უზრუნველყოფაა. მიხაილო დრაპატიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დანიშვნის შემდეგ პირველივე განცხადებაში განსაკუთრებული მადლობა მხარდაჭერისთვის სწორედ ევჰენ ხმარას გადაუხადა, რაც, ექსპერტთა თქმით, იმას აჩვენებს, რომ გარდამავალ პერიოდში ხმარა მნიშვნელოვან საკოორდინაციო როლს ასრულებდა.

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშვნამდე, ევჰენ ხმარა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) უფროსი იყო. მისი წარდგენისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ ხმარას აქვს ტექნოლოგიური ოპერაციების დაგეგმვისა და ჩატარების, საბრძოლო დანაყოფების მართვისა და რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე იერიშების მიტანის ორგანიზების დიდი გამოცდილება.

ევჰენ ხმარა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) გენერალ-მაიორი, პროფესიონალი სამხედრო და სპეცდანიშნულების ძალების ოფიცერია. 2011 წლიდან მსახურობდა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ოპერაციების ცენტრ „ალფაში“, 2023 წელიდან კი ამ ელიტური დანაყოფის ხელმძღვანელად.

რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ ევჰენ ხმარა მონაწილეობდა კიევის ოლქის გათავისუფლებისთვის ბრძოლებში. ჩრდილოეთ რეგიონების დეოკუპაციის შემდეგ კი საბრძოლო დავალებების შესრულება გააგრძელა დონეცკის მიმართულებაზე.

2026 წლის იანვარში უკრაინის პრეზიდენტმა ევჰენ ხმარა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (СБУ) ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. ის არის ბოგდან ხმელნიცკის ორდენის I, II და III ხარისხების სრული კავალერი; ასევე დაჯილდოებულია „მამაცობისთვის“ III ხარისხის ორდენით და „საბრძოლო დამსახურების ჯვრით“.

ევჰენ ხმარას ხელმძღვანელობით СБУ-ს სპეციალური ოპერაციების ცენტრის („ალფა“) მებრძოლებმა არაერთი ფართომასშტაბიანი საბრძოლო ოპერაცია განახორციელეს. კერძოდ, პირადად მან უხელმძღვანელა შავ ზღვაში მდებარე კუნძულ ზმეინის გათავისუფლების სპეციალურ ოპერაციას.

„ალფას“ უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორები მონაწილეობდნენ ოპერაცია „აბლაბუდაში” (Паутина), რომლის ფარგლებშიც რუსეთის ღრმა ზურგში განადგურდა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის რამდენიმე ბომბდამშენი. ასევე „ალფას“ სპეცრაზმი ახორციელებდა დარტყმებს რუსეთის სამხედრო აეროდრომებზე, საბრძოლო მასალის საწყობებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და საწარმოებზე, სადაც მართვადი საავიაციო ბომბები და უპილოტო საფრენი აპარატები იწარმოებოდა.

ცვლილებების მიზანი

უკრაინელი სამხედრო ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებები ცალკეული საკადრო გადაადგილებები არ არის. მათი მიზანია:

  • სამხედრო მართვის სისტემის მოდერნიზაცია;
  • უპილოტო ტექნოლოგიებისა და თავდაცვის ინდუსტრიის დაჩქარებული განვითარება;
  • საბრძოლო გამოცდილების მქონე მეთაურების დაწინაურება;
  • სამხედრო ხელმძღვანელობაში პასუხისმგებლობის გაზრდა;
  • პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების უფრო მჭიდრო კოორდინაცია.


უკრაინელი ექსპერტების შეფასებით, 2026 წლის ივლისის საკადრო ცვლილებები შეიძლება იქცეს იმ რეფორმების დასაწყისად, რომლებიც უკრაინის არმიის მართვის მოდელს ომის მომდევნო ეტაპისთვის განსაზღვრავს.


  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

ფორუმი

XS
SM
MD
LG