მოსკოვის სასამართლომ აშშ-ის მოქალაქეს, კონორ კენედის დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა. კენედიზე, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს ბრძოლაში ადანაშაულებს, საერთაშორისო ძებნა გამოაცხადეს.
- 32 წლის კონორ კენედი აშშ-ის ჯანდაცვის მინისტრის, უმცროსი რობერტ ფრენსის კენედის ვაჟია.
- კონორ კენედის ბაბუა რობერტ ფრენსის კენედი 1960-იან წლებში იყო ჯერ აშშ-ის გენერალური პროკურორი, შემდეგ კი - სენატორი.
- კონორ კენედის ბაბუის ძმა იყო აშშ-ის 35-ე პრეზიდენტი ჯონ კენედი.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ კორესპონდენტის მიერ მოსკოვის საქალაქო სასამართლოდან 12 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით, კონორ კენედის „დაუსწრებლად დაპატიმრების" შესახებ ბასმანის რაიონის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა მას შემდეგ, რაც დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
კონორ კენედის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია დაქირავებულის სტატუსით საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მუხლით, რაც 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
- კონორ კენედიმ ჯერ კიდევ 2022 წლის ოქტომბერში ინსტაგრამზე დაწერა, რომ ღრმად შეძრა იმან, რაც უკრაინაში ხდებოდა, დახმარება გადაწყვიტა და როცა უკრაინის საერთაშორისო ლეგიონის არსებობა შეიტყო, გაემგზავრა და ლეგიონს შეუერთდა. ამ პოსტის მიხედვით, კონორ კენედი უკრაინიდან სამშობლოში უკვე დაბრუნებული იყო.