რუსეთის ჯარებმა ოდესას, ხერსონსა და სუმის დაარტყეს

რუსეთის ჯარები უკრაინის ოდესის ოლქის იზმაილის რაიონს პრაქტიკულად ყოველდღე უტევენ (საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთის ჯარებმა 12-დან 13 აგვისტოს ღამით მორიგი საჰაერო შეტევა მიიტანეს უკრაინაზე. ერთ-ერთი სამიზნე ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურა იყო.

ოდესის ოლქის იზმაილის რაიონის ადმინისტრაციის მიერ სოციალური ქსელებით 13 ივლისს დილით გავრცელებული ცნობებით, დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებულია საპორტო ინფრასტრუქტურა, გაჩნდა ხანძრები. დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზებიც. ქალაქ იზმაილის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ოფიციალური არხებით გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ იზმაილის პორტში დაარტყეს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფის დროებითი დისლოკაციის პუნქტს და სამხედრო მიზნებით გამოყენებულ ინფრასტრუქტურას, ხოლო იზმაილის რაიონის ქალაქ რენის პორტში უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების მართვის პუნქტს. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

უკრაინის რკინიგზის ინფორმაციით, ოდესის ოლქში ე.წ. რეაქტიული დრონით დარტყმა იყო სამგზავრო მატარებელზე. დაიღუპნენ მემანქანე და მისი თანაშემწე. მატარებლიდან ევაკუირებულია 340 მგზავრი.

ასევე ნახეთ

უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს

რუსეთის ჯარებმა დრონებით შეტევა მიიტანეს უკრაინის ქალაქ ხერსონზეც. სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, დაიღუპა ორი მშვიდობიანი მოქალაქე. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, შვიდი ადამიანი დაიჭრა სუმის ოლქში. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 133 უპილოტო საფრენი აპარატით. 13 აგვისტოს დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 111 დრონის მოგერიება. საჰაერო თავდასხმის მოუგერიებელი საშუალებებით პირდაპირი დარტყმა იყო 15 ადგილზე.

  • ბოლო დრომდე უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ყოველ დილით აქვეყნებდა რუსეთის ჯარების მიერ ღამის განმავლობაში გამოყენებული დრონების და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტების რიცხვს და მათგან მოგერიებული და მოუგერიებელი დრონებისა და რაკეტების რაოდენობასაც.

12 აგვისტოს უკრაინის საჰაერო ძალების სპიკერმა განაცხადა, რომ სამხედრო ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, დილის ცნობებში აღარ იქნება მონაცემები ბალისტიკური რაკეტების რაოდენობის შესახებ.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებს ყველაზე მეტად რუსული ბალისტიკური რაკეტების მოგერიება უჭირთ შესაბამისი საშუალებების ნაკლებობის გამო. სწორედ ამიტომ უკრაინა პარტნიორი სახელმწიფოებისგან ითხოვს ამ საშუალებებით, პირველ ყოვლისა ამერიკული საზენიტო სისტემა Patriot-ის რაკეტებით დამატებით დახმარებას.

ასევე ნახეთ

ზელენსკი: რუსეთმა ზაპოროჟიეს დაარტყა ჩრდილოეთკორეული ბალისტიკური რაკეტებით