იოსებ სიგუას წინააღმდეგ ქართულ სასამართლოებს ერთთვიანი ვადით ორი შემზღუდველი მექანიზმი ჰქონდათ დაწესებული:
- შემაკავებელი ორდერი;
- ელექტრონული ზედამხედველობა - ე.წ. ელექტრონული სამაჯური.
სოფიო სიგუას ადვოკატი თამუნა ლუკავა რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ე.წ. ელექტრონული სამაჯური იოსებ სიგუას წინააღმდეგ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა „მომეტებული რისკის გამო“ დაამტკიცეს.
„შემაკავებელი ორდერი საქალაქო სასამართლომ დატოვა ძალაში, იოსებ სიგუამ კი გაასაჩივრა სააპელაციო სასამართლოში გაუქმების მოთხოვნით. სააპელაციო სასამართლომ გააუქმა“, - ამბობს თამუნა ლუკავა, „საფარის“ იურისტი.
ის აღნიშნავს, რომ შემაკავებელი ორდერის მოქმედების 30-დღიანი ვადა 9 აგვისტოს ამოიწურა - გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ოთხი დღით ადრე.
„ერთი და იგივე სასამართლომ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ ერთ ნაწილში თქვა, რომ მაღალი რისკი არსებობდა და ელექტრონული ზედამხედველობა დააწესა მოძალადის მიმართ, მეორე შემთხვევაში კი თქვა, რომ უნდა გაეუქმებინა შემაკავებელი ორდერი... უფრო მაღალი რისკის მექანიზმი დაამტკიცა, მეორე კი მოხსნა“.
ასევე ნახეთ
შსს-ს მაღალჩინოსანს ცოლზე ძალადობის საქმის გამო ელექტრონული სამაჯური შეაბესსოფიო სიგუა ამბობს, რომ მის ყოფილ ქმარს „მთელი სისტემა იცავს“:
„ხალხზე მოქმედებენ ამით, რომ ჩვენ კი დავუტოვეთ სამაჯური, მაგრამ ახლა [შემაკავებელი ორდერი] გავუუქმეთ“.
სოფიო სიგუა ყოფილი ქმრის, იოსებ სიგუას მხრიდან ძალადობაზე ბოლო თვეებია საუბრობს. ქალის მონაყოლის მიხედვით, მის ქმარს „მფარველები“ ჰყავს. იოსებ სიგუა თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. მისი ადვოკატია თეონა გვაზავა, რომელიც სოფიო სიგუას ბრალდებებს სრულად უარყოფს და აცხადებს, რომ მათ რეალობასთან კავშირი არ აქვთ.
- საქმე მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფია სიგუა-შატბერავამ, ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ განაცხადა, რომ ქმარი წლების განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მისი თქმით, იოსებ სიგუა მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა, ერთხელ კი იარაღიც მიადო შუბლზე. სოფია სიგუა ასევე ამტკიცებს, რომ მეუღლე მას ორსულობის პერიოდშიც სცემდა.
- ძალადობის შესახებ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სოსო სიგუა შსს-ში დააწინაურეს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსად დანიშნეს. მანამდე ის თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი იყო.
- სიგუამ თანამდებობა დაწინაურებიდან რამდენიმე დღეში დატოვა.