მსხვერპლი, ნგრევა და ხანძრები მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის ჯარების მორიგ შეტევას. დაღუპულთა შორის ბავშვიცაა.
უკრაინის სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 14 აგვისტოს რუსული რეაქტიული დრონებით დარტყმა იყო ბურინის რაიონში. განადგურებულია კერძო სახლი. კიდევ რამდენიმე დაზიანებულია.
დაიღუპა ორი ადამიანი. ისინი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ - 9 წლის ბიჭი და მისი 29 წლის დედა. ბავშვის მამა და ბებია მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებულია კიდევ ორი ადამიანი.
ასევე ნახეთ
ივლისში უკრაინაში ყველაზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა 2022 წლის მაისის შემდეგადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ოთხი ადამიანი დაშავდა დნეპროპეტროვსკის ოლქის ნიკოპოლის რაიონში. დაშავებულებიდან ორი მოზარდია. დაზიანებულია კერძო სახლები და საწარმო. გაჩნდა ხანძრები.
ხუთი ადამიანი დაშავდა ჩერკასის ოლქში. სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, რუსული დრონით შეტევის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა მრავალბინიანი სახლი.
13 აგვისტოს ღამით რუსეთის ჯარებმა დაარტყეს დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკსაც. დაზიანებულია მრავალბინიანი სახლები. ოლქის პროკურატურის მიერ 14 აგვისტოს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი და 17 დაიჭრა.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 14 აგვისტოს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, 13 აგვისტოს საღამოს ექვსი საათიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 112 უპილოტო საფრენი აპარატით. 14 აგვისტოს დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 90 დრონის მოგერიება. მოუგერიებელი აპარატებით დარტყმა იყო 11 ადგილზე.