ნოვოროსიისკთან შეტევა იყო რუსული ნავთობით დატვირთულ ბერძნულ ტანკერზე - Bloomberg

„კასპიის მილსადენების კონსორციუმის” ტერმინალი ნოვოროსიისკის მახლობლად(საილუსტრაციო ფოტო)

შავ ზღვაში, რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკთან უპილოტო აპარატებით შეტევა იყო რუსული ნავთობით დატვირთულ ბერძნულ ტანკერზე Skiros. ინციდენტის შესახებ Bloomberg-მა დაწერა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

ტანკერზე, რომელსაც მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება შეუძლია, შეტევა იყო 16 აგვისტოს, მას შემდეგ, რაც ნოვოროსიისკის რაიონში მდებარე, „კასპიის მილსადენების კონსორციუმის” ტერმინალში რუსული ნავთობით დატვირთეს.

Skiros-ის მმართველ ბერძნულ კომპანიაში Bloomberg-ს განუცხადეს, რომ შეტევის შედეგად არავინ დაშავებულა და გარემო არ დაბინძურებულა. უფრო დეტალურ კომენტარზე კომპანიამ უარი თქვა.

  • „კასპიის მილსადენების კონსორციუმი” ძირითადად, ყაზახეთში მოპოვებული ნავთობის ტრანსპორტირებას ახორციელებს.
  • კონსორციუმის აქციონერები ყაზახურ და რუსულ კომპანიებთან ერთად არიან რამდენიმე ევროპული და ამერიკული კომპანია, მათ შორის Chevron.
  • უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნოვოროსიისკთან მდებარე ტერმინალს არაერთხელ შეუტიეს, მათ შორის 2026 წლის ივლისში.

ასევე ნახეთ

ყაზახეთი განიხილავს ნავთობის ექსპორტის დამატებით მარშრუტებს, მათ შორის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანს

როგორც Bloomberg-ი წერს, 16 აგვისტოს მომხდარი ინციდენტი უახლესი მაგალითია, თუ როგორ არღვევს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ნავთობის ტრანსპორტირების ნაკადებს.

მსოფლიო ბაზარს ნავთობის დაახლოებით 2% „კასპიის მილსადენების კონსორციუმის” ტერმინალის გავლით მიეწოდება. საერთო მოცულობიდან 5-10%-ია რუსული ნავთობი, დანარჩენი ყაზახური. ტანკერი Skiros-ი სწორედ რუსული ნავთობით იყო დატვირთული.

გამოცემა Financial Times-მა ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით 12 აგვისტოს დაწერა, რომ ივლისის ბოლოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა თხოვნით, თავი შეეკავებინათ „კასპიის მილსადენების კონსორციუმის” ინფრასტრუქტურასა და ნოვოროსიისკის რაიონში მდებარე ტერმინალში შემსვლელ ტანკერებზე დარტყმებისგან.

გამოცემის წყაროთა თანახმად, კიევი დასთანხმდა, რომ არ დაარტყამს კონსორციუმის ინფრასტრუქტურას და არარუსულ გემებს, თუ ისინი უკრაინის მიერ სანქცირებული არ არიან და არ გადააქვთ რუსული ნავთობი და სხვა ტვირთი.