„საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში, მინიმუმ, ერთი სარეალიზაციო პუნქტი იქნება გახსნილი, სადაც ფიზიკურად ყველას შეეძლება, მივიდეს და სასკოლო ფორმა შეიძინოს“, - თქვა გივი მიქანაძემ, „ქართული ოცნების“ მთავრობის განათლების მინისტრმა, რომლის მინისტრობის დროსაც დაინერგა ეს ცვლილება.
ასევე ნახეთ
სასკოლო ფორმა "ეროვნული სიმბოლიკით" - ერთფეროვნება თუ თანასწორობა?რა ეღირება ფორმა მათთვის, ვისაც უფასოდ არ გადასცემენ
24 ივლისს სპეციალური ბრძანება გამოსცა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ და განსაზღვრა სასკოლო ფორმების ფასები:
- ბიჭის პიჯაკი - 45 ლარი;
- ბიჭის შარვალი - 25 ლარი;
- გოგოს პიჯაკი - 45 ლარი;
- გოგოს შარვალი - 25 ლარი;
- გოგოს ქვედაბოლო - 25 ლარი.
ერთი ბავშვის სასკოლო ფორმა, რომელშიც შევა პიჯაკი და ორი შარვალი ან შარვალი და კაბა 95 ლარი ეღირება.
ტანსაცმელი უსასყიდლოდ გადაეცემათ I-VI კლასის იმ მოსწავლეებს, რომლებიც:
- რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
- ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
- განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
- ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
- განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
- 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული ომის გამო ვერ ახერხებენ სამშობლოში დაბრუნებას.
გადასაცემი სასკოლო ფორმა:
- ბიჭს − 1 პიჯაკი და 2 შარვალი;
- გოგოს − 1 პიჯაკი, 1 შარვალი და 1 ქვედაბოლო.
სასკოლო ფორმები
განათლების სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსებმა“ სასკოლო ფორმების შესაძენად ხელშეკრულება გააფორმა შპს „გლორი ტექსტილი ინდასტრისთან“. კომპანიას სამკერვალო ჩინეთში აქვს.
სამინისტრომ, ჯამში, 1 801 000 ფორმა შეუკვეთა. მათი ჯამური ფასი 45 658 840 ლარია.
სასკოლო ფორმების შემოღება „ქართული ოცნების“ მთავრობის „განათლების რეფორმის“ ნაწილია - ამ ცვლილებით, ფორმა სავალდებულოა პირველიდან მეექვსე კლასამდე მოსწავლეებისთვის.