სლოვაკეთში პოლიციამ აღკვეთა დრონების ქარხნის გადაწვის მცდელობა

სლოვაკეთში დრონებს რამდენიმე კომპანია აწარმოებს, მათ შორის - უკრაინული Skyeton-ი (საილუსტრაციო ფოტო).

სლოვაკეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველო ავრცელებს ინფორმაციას ქვეყნის აღმოსავლეთში უპილოტო საფრენი აპარატების მწარმოებელ ქარხანაში ხანძრის მოწყობის მცდელობის აღკვეთაზე. სლოვაკეთის პოლიციის ცნობით, დაკავებულია უცხოეთის სამი მოქალაქე.

ორი მათგანი სლოვაკეთის ტერიტორიაზე დააკავეს და გამომძიებლებმა უკვე იშუამდგომლეს მათთვის პატიმრობის შეფარდებაზე. მესამე ეჭვმიტანილი დააკავეს გერმანიაში, დაპატიმრების ევროპული ორდერის საფუძველზე. ჯერჯერობით არ ხმაურდება დეტალები დაკავებულთა მოქალაქეობასა და ვინაობაზე.

დაკავებულებს აღმოაჩნდათ აალებადი ნარევი (ბენზინისა და პოლისტიროლის შემადგენლობით), ინსტრუმენტები, ტელეფონები, კამერა და ობიექტის ხელით შესრულებული გეგმა.

დაგეგმილი თავდასხმის დროს საწარმოში იმყოფებოდა დაახლოებით 70 თანამშრომელი, ქონების ღირებულება ათეულობით მილიონ ევროდ ფასდება. არავინ დაშავებულა, არც საწარმოს ქონება დაზიანებულა. ქარხნის სახელწოდება და მისი მდებარეობა არ ხმაურდება.

დაკავებულებს ბრალად ედებათ დანაშაულის ჯგუფურად, წინასწარი შეკვეთით მომზადება, რაც ქმნიდა ზოგად საფრთხეს. გამოძიება გრძელდება.

ასევე ნახეთ

ლატვიაში დააკავეს ესტონეთის სამხედრო საწარმოში ხანძართან კავშირში ეჭვმიტანილები

სლოვაკეთში დრონებს რამდენიმე კომპანია აწარმოებს, მათ შორის - უკრაინული Skyeton-ი.

ბოლო წლების განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში არაერთხელ დააფიქსირეს საწარმოო და ლოჯისტიკური ობიექტების წინააღმდეგ დივერსიისა და იქ ხანძრის მოწყობის მცდელობები.

ასევე ნახეთ

იტალიის ხელისუფლება იუწყება რკინიგზაზე დივერსიის მცდელობების შესახებ

„ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის“ (CEPA) ანგარიშის თანახმად, რუსეთის აგენტები ანადგურებენ და დივერსიას აწყობენ კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, რითაც შლიან საავიაციო და ენერგოსისტემების მუშაობას, აღწევენ ციფრულ ქსელებში, უთვალთვალებენ სამხედრო ობიექტებს და თავს ესხმიან პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებსა და სამხედროებს.