ევროკომისარ დომბროვსკისის განცხადებით, არ არის G20-ის შეხვედრებზე მოსკოვის ყოფნის „ნორმალიზების“ დრო

ვალდის დომბროვსკისი

ევროკავშირის ეკონომიკის სფეროს კომისარმა ვალდის დომბროვსკისმა პირველ სექტემბერს განაცხადა, რომ ჯერ არ არის “დიდი ოცეულის” (G20) შეხვედრებზე მოსკოვის წარმომადგენლობის „ნორმალიზების“ დრო, რადგან ევროპელი ლიდერები ეწინააღმდეგებიან რუსეთის ფინანსთა მინისტრის დასწრებას მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

„ვფიქრობ, ევროპული პოზიცია ცნობილია“, — განუცხადა დომბროვსკისმა ჟურნალისტებს ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ ეშვილში ფინანსური ლიდერების შეხვედრის კულუარებში.

„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ახლა რუსეთის ან ასეთ მოლაპარაკებებზე მისი ყოფნის ნორმალიზების დროა“, — აღნიშნა ლატვიელმა ოფიციალურმა პირმა.

მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების ფინანსური ლიდერები ორშაბათსა და სამშაბათს შეიკრიბნენ ბლუ-რიჯის მთებში მდებარე ამ ქალაქში.

დომბროვსკისმა ეს „დიდი ოცეულის“ (G20) ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების მმართველების შეხვედრების მეორე დღეს განაცხადა. დღის წესრიგში ისეთი საკითხებია, როგორებიცაა ეკონომიკური „დისბალანსი“.

მოლაპარაკებები დაჩრდილა აშშ-ის დონალდ ტრამპის ტარიფებმა, ირანთან კონფლიქტმა და ევროპელი ლიდერების უკმაყოფილებამ რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვის, მოულოდნელი დასწრების გამო.

სილუანოვის გამოჩენამ, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პროტესტი გამოიწვია ევროპელ ლიდერებში, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე მოსკოვის იზოლირებას ცდილობენ.

ოფიციალური პირების ტრადიციული „ოჯახური ფოტო“ ორშაბათს სილუანოვის გარეშე და აკრედიტებული მედიისგან მოშორებით გადაიღეს, რადგან ევროპელმა ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს რუს კოლეგასთან ერთად ფოტოს გადაღებაზე.

ამ ზაფხულს მოსკოვმა გააძლიერა იერიშები კიევზე, უკრაინაში შეჭრიდან ოთხ-ნახევარზე მეტი წლისთავზე. აშშ-ის შუამდგომლობით მიმდინარე მოლაპარაკებები გაყინულია, ხოლო კრემლი ინარჩუნებს თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს ომის დასასრულებლად.

სილუანოვმა ეშვილში ასევე გამართა ორმხრივი შეხვედრა აშშ-ის ფინანსთა მინისტრ სკოტ ბესენტთან.

ასევე ნახეთ

აშშ-ისა და რუსეთის ფინანსთა მინისტრები G20-ის ფარგლებში შეხვდნენ

ამ ეტაპზე შეერთებული შტატები G20-ის მორიგე თავმჯდომარეა. ვაშინგტონი ცდილობს გააერთიანოს პარტნიორები ირანზე მეტი ეკონომიკური ზეწოლის მოსახდენად და ეკონომიკური ზრდის წასახალისებლად.

G20 მოიცავს 19 ქვეყანას, ევროკავშირსა და აფრიკის კავშირს; იგი შეიქმნა 1997-1998 წლების აზიის ფინანსური კრიზისის შემდეგ გლობალური ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის გასაძლიერებლად.