უკრაინამ გააფრთხილა ICAO, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე უსაფრთხო არ არის სამოქალაქო ავიაციისთვის

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრი სიბიჰა. 15 მაისი, 2026.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ განაცხადა, რომ უკრაინამ ოფიციალურად გააფრთხილა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) იმის შესახებ, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სამოქალაქო ავიაციისთვის უსაფრთხო არ არის მომატებული სამხედრო აქტივობის გამო.

„რუსეთი ცნობიერად უგულებელყოფს არსებულ საფრთხეებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ მისი აგრესიის შედეგია, რასაც ბოლო წლებში უკვე მოჰყვა რამდენიმე ინციდენტი. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ტერორის მკვეთრი ესკალაციის ფონზე, რუსეთის საჰაერო სივრცე სულ უფრო ნაკლებად უსაფრთხო ხდება“, დაწერა მან.

სიბიჰამ დასძინა, რომ კიევმა მიიღო გადაწყვეტილება, ეცნობებინა ICAO-სთვის, ავიაკომპანიებისა და ქვეყნების მთავრობებისთვის, „რუსეთი რომც უარს ამბობდეს, შეასრულოს თავისი მოვალეობა მათ ინფორმირებაზე“. „გვსურს თავიდან ავიცილოთ გაუთვალისწინებელი ინციდენტები“, აღნიშნა მან.

1 სექტემბერს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო სივრცე სრულიად არაუსაფრთხო გახდება უკრაინული დრონების გამო.

„უკრაინა არ წარმოადგენს საფრთხეს სამოქალაქო ავიაციისთვის, როგორც ასეთისთვის - არცერთი სამოქალაქო თვითმფრინავისთვის. უბრალოდ, რუსეთის ცაში იქნება უპილოტო საფრენი აპარატები და ამის შესახებ აუცილებელია იცოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება ამის შესახებ ჯეროვნად არ იუწყება, რუსეთის ცა დე ფაქტო დაიხურება: რუსეთის მიერ გაჩაღებული ომი ხურავს მის ცას“, განაცხადა მან.

ამ განცხადების მომდევნო ღამეს თურქულმა ავიაკომპანია Pegasus-მა გააუქმა მოსკოვის მიმართულებით მიმავალი რამდენიმე რეისი.

ასევე ნახეთ

ავიაკომპანია Pegasus-მა უკან მიაბრუნა მოსკოვისკენ მიმავალი რამდენიმე თვითმფრინავი