ადვოკატი: თამაზ ელიზბარაშვილმა შიმშილობა დაიწყო

თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს დააკავეს.

1 სექტემბერს დაკავებული ცხოველთა უფლებადამცველის, თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ია სირანაშვილი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა შიმშილობა დაიწყო. 

„მიზეზია ის უსამართლობა, რაც მოხდა: 8 კაცი მას და მის მეუღლეს თავს დაესხა. მასზე, მის ოჯახზე და მის ადვოკატზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად... დაკავებისთანავე დაიწყო შიმშილობა, მხოლოდ წყალს სვამს... ძალადობების სერია რომ დაინახა და ვერაფერში გვეხმარებოდა, გადაირია კაცი და აპირებდა თვითმკვლელობას. ამ დროს დააკავეს დაუმორჩილებლობისთვის“, - უთხრა ადვოკატმა რადიო თავისუფლებას.

  • თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის ჩატარების დროს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა - მას ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას: პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას;
  • მისი ადვოკატი ია სირანაშვილი ამბობს, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს პოლიციამ მასზე იძალადა: საქმე სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით აღიძრა;
  • ბინაში საგამოძიებო მოქმედებების დაწყებამდე ცხოველთა უფლებადამცველი და მისი ავტომობილი პოლიციამ გაჩხრიკა. მისი ავტომობილი ლისის ტბის მიმდებარედ მაშინ შეაჩერეს, როცა ცოლთან და რამდენიმე თვის შვილთან ერთად გადაადგილდებოდა;
  • გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ჩხრეკა ჩატარდა, დაწყებულია 30 აგვისტოს რესტორან „სხვაში“ პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებთან მომხდარი ინციდენტის გამო;
  • 31 აგვისტოს თამაზ ელიზბარაშვილმა ფეისბუკგვერდზე დაწერა: „ტვ იმედის თანამშრომლებო, წუხელ ლისზე, რესტორან „სხვაში“ ჩემთან ძალიან შეგეშალათ. დღის ბოლომდე გაძლევთ დროს ბოდიშის მოსახდელად“;
  • მას შემდეგ, რაც ელიზბარაშვილი პოლიციამ შეაჩერა, მისი ცოლი „ფეისბუკის“ პირდაპირ ეთერში ჩაერთო და მოყვა, რა უძღოდა საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას;
  • მისი სიტყვებით, 30 აგვისტოს რესტორანში ყოფნის დროს, როცა თამაზ ელიზბარაშვილი ხელის დასაბანად გავიდა, „8 კაცი დახვდა“ და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ რუსების გინების გამო. ამ კომუნიკაციაში გაირკვა, რომ ისინი სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლები იყვნენ;
  • ელიზბარაშვილის სიტყვებით, „იმედის“ და იმ მოძალადეების დაკვეთით პოლიცია ჩემს ოჯახზე ახორციელებს ტერორს... პოსტი რომ დავწერე, პოლიციამ ხომ წაიკითხა?! - რეაგირება არ ჰქონიათ. სამაგიეროდ, ამ მოძალადეებიდან რვავე მივიდა პოლიციაში, დაწერა განცხადება და ეგრევე გამოვარდა პოლიცია“.

ასევე ნახეთ

„ერთ ადვოკატზე თავდასხმა ყველა ადვოკატზე თავდასხმაა“ - ელიზბარაშვილის ადვოკატზე ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო