სხვათა შორის, ამას ამერიკის მხარეც ამბობს და მათი სამხედროები და ანალიტიკოსებიც აღიარებენ. ეს არის ფაქტი. 2025 წლის ბოლოდან, მოდით ასე ვთქვათ, ჩვენ ვძლიერდებით ბრძოლის ველზე. რუსეთი განიცდის მძიმე დანაკარგებს და ძალიან მცირე წინსვლა აქვს. ეს არის ზოგადი შეფასება", - 8 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეცწარგზავნილების - სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის - მოსკოვსა და კიევში გამართულ მოლაპარაკებებზე შეკითხვებს უპასუხა.
ზელენსკიმ მადლიერება გამოხატა ამერიკის მიმართ "უკრაინელებსა და რუსებს შორის მოლაპარაკებების განბლოკვისთვის" და იქვე აღნიშნა, რომ რუსეთის დარტყმების გამო 7-8 სექტემბრის ღამე ძალიან მძიმე იყო უკრაინისთვის: "ბევრი ადამიანი დაშავდა. იყო მსხვერპლიც. ჩემი გულწრფელი თანაგრძნობა მათ ოჯახებსა და ახლობლებს".
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, კიევში ამერიკელებთან ერთად გამართულ შეხვედრებზე იმსჯელეს დეფიციტზე, რომლის წინაშეც უკრაინა დგას და კონკრეტულად შეეხნენ ანტიბალისტიკური თავდაცვის საშუალებებსა და ზამთრის დახმარების პაკეტს. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მიუხედავად უკრაინელი სამხედროების ეფექტიანობისა, რაკეტების 90%-იანი მოგერიება არასაკმარისია:
"მაგალითად, დღეს საჰაერო ძალებმა ძალიან კარგად იმუშავა. მათ ჩამოაგდეს ძალიან ცოტა ბალისტიკური რაკეტა. იცით რატომაც. თუმცა მათ ჩამოაგდეს ოცდაათზე მეტი ფრთოსანი რაკეტა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა რაკეტა იყო ჩამოგდებული - მხოლოდ ერთი გაძვრა. სულ დაახლოებით 180 იყო მიზანში ამოღებული - 90% იყო ჩამოგდებული. კარგი შედეგია. საკმარისია? არა. ჩვენ გვჭირდება რაკეტები. ეს იცით. ვამზადებთ ჩვენს საკუთარ FREYJA-ს (უკრაინის მიერ წამოწყებული და ათი ევროპული ქვეყნის მიერ მხარდაჭერილი ანტიბალისტიკური თავდაცვის პანევროპული ინიციატივა-რ.თ.) პროგრამას. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამერიკელებიც დაუჭერენ მხარს ამ პროგრამას".
ფოტოზე მარცხნიდან: ჯარედ კუშნერი, სტივ უიტკოფი და ვოლოდიმირ ზელენსკი. პრესკონფერენცია კიევში, 6 სექტემბერი, 2026.
ჟურნალისტის შეკითხვაზე პასუხისას, რომელიც სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტის შეფასებას ეხებოდა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზოგადი შეფასების გარდა, რამდენიმე კონკრეტულ საკითხზეც ილაპარაკა:
"ჩემთვის ეს არის მათთვის არა მხოლოდ ჩვენი დედაქალაქისა და ხალხის ჩვენების, არამედ რუსეთის დარტყმებისა და მისი შედეგების ჩვენების, პრეზიდენტ ტრამპის წარგზავნილებთან იმაზე დეტალურად მსჯელობის შესაძლებლობა, როგორი საჰაერო თავდაცვა გვჭირდება.
...მარცვლეული და ენერგეტიკა არის მგრძნობიარე საკითხები უკრაინისა და რუსეთისთვის. ეს არის მგრძნობიარე საკითხები მთელი მსოფლიოსთვის და დღეს ეს არის მგრძნობიარე საკითხები ინდოეთისთვის, საამიროებისთვის, საუდის არაბეთისთვის, ეგვიპტისთვის, აზიისთვის და ბევრი ქვეყნისთვის. ჩვენ მზად ვართ კომპრომისისთვის. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს ვართ ვითარებასა და პოზიციაში, როცა საჭიროა უკრაინამაც და რუსეთმაც გადადგან კონკრეტული ნაბიჯები. არ შეიძლება კომპრომისის მოლოდინი არსებობდეს მხოლოდ უკრაინის მიმართ. უკრაინა უკვე ძალიან ბევრ კომპრომისზე წავიდა".
ზელენსკის დაუსვეს შეკითხვა ჯარედ კუშნერის მიერ 6 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე ნახსენები "ახალი იდეებისა" და სამშვიდობო პაკეტის შესახებაც:
"რაც შეეხება კუშნერის მიერ ნახსენებ სამშვიდობო პაკეტსა და ახალ იდეებს, გულწრფელად გეტყვით: ნამდვილად იყო რამდენიმე ძალიან კარგი, ღირებული იდეა. ჯერ არ ვიცი, რამდენად შევძლებთ პრაქტიკაში მათ გამოყენებას და მათ ამუშავებას, რამდენად მოიტანენ ისინი შედეგებს. თუმცა ვიმუშავებთ მათზე, დეტალურად და ჩამოვაყალიბებთ ჩვენს ხედვასა და პასუხს ამ იდეებზე - ეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა. ახლა არ შემიძლია ეს იდეები ღიად გავუზიარო მედიას, რადგან ამერიკელებთან შევთანხმდით, რომ თავდაპირველად ვიმუშავებდით მათზე და შემდეგ განვიხილავდით საჯაროდ".
8 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტთან კითხვა-პასუხი შეეხო აგრეთვე უიტკოფისა და კუშნერის კიევში ჩასვლის მარშრუტსა და სატრანსპორტო საშუალებად მატარებლის არჩევას. ზელენსკიმ განმარტა, რომ რამდენიმე ვარიანტი განიხილებოდა და რომ უკრაინას შეეძლო ამერიკელების თვითმფრინავის მიღებაც, თუმცა ამერიკულმა უსაფრთხოებამ მატარებელი არჩია:
"უამრავი სხვადასხვა შეკითხვა დაისვა ამაზე: რატომ იმგზავრეს მატარებლით, რატომ არ ჩამოფრინდნენ იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად ასე სურდათ, რატომ შეიცვალეს ტრანსპორტის სახეობა.
უკრაინა მზად იყო ამერიკის თვითმფრინავის მისაღებად - თვითმფრინავისა, რომელზეც იქნებოდა მომლაპარაკებელთა დელეგაცია. შესაძლებელი იყო ბორისპოლის ან ჟულიანის გამოყენება. რუსეთს, რა თქმა უნდა, სურდა იმის ხაზგასმა, რომ უკრაინაში არ არის უსაფრთხო სივრცე. მათ დაარტყეს ასაფრენ ბილიკს ჟულიანიშიც და ბორისპოლშიც. იცით, რომ არსებობს ამისი ვიდეომტკიცებულებაც.
ყველამ ნახა მათი დრონებით დარტყმის ამსახველი ვიდეო. თუმცა, ამის მიუხედავად, ყველაფერი მუშაობდა. აბსოლუტურად. ტექნიკური თვალსაზრისით, ჩვენი აეროპორტები მზადაა დელეგაციის მისაღებად. საკითხავი ისაა, რუსეთის ფედერაცია თუ უზრუნველყოფს უსაფრთხო დერეფანს. ერთი შესაძლებლობა იყო ჩამოფრენა. მეორე ვარიანტი იყო ბელარუსში ჩაფრენა და გომელიდან სამ საათზე მეტი ხნის გზაზე ავტომანქანით მგზავრობა. ეს ვარიანტიც დამუშავებული გვქონდა. ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურმა ყველა დეტალი გაიარა და მზად იყო სტივისა და ჯარედის დასახვედრად. მაგრამ ამერიკის უსაფრთხოების გუნდმა მატარებელი აირჩია.
ჩვენ ვუთხარით, რომ ეს გზაც იქნებოდა უსაფრთხო და კომფორტული უკრაინაში ვიზიტისთვის. ამერიკის მთელ დელეგაციას ძალიან მოეწონა მატარებელი. და ჩვენ დავეთანხმეთ სტივსა და ჯარედს... ისინი კვლავ ჩამოვლენ.
მნიშვნელოვანია, არ იყოს დიდი პაუზები. ისინი ბევრჯერ იყვნენ მოსკოვში და ეს იყო მათი პირველი ვიზიტი კიევში. მადლიერი ვარ, რომ კიევში ჩამოვიდნენ. თუმცა ვისურვებდი, უფრო ხშირად ჩამოსულიყვნენ დაბალანსებული მიდგომისა და პატივისცემის საჩვენებლად როგორც მოსკოვის, ისე კიევის მიმართ.
ვფიქრობ, შემდეგ ჯერზე მათ შეუძლიათ სცადონ ჩამოფრენა. მე ეს მათ პირადად შევთავაზე: თუკი არ სურთ ამერიკული თვითმფრინავით ჩამოფრენა, შეუძლიათ დატოვონ ის პოლონეთში ან რომელიმე სხვა - უკრაინის მოსაზღვრე ქვეყანაში და ჩემი საპრეზიდენტო, უკრაინის კუთვნილი თვითმფრინავი ჩამოიყვანს მათ აქ".
ზელენსკის ჰკითხეს, რა ინფორმაცია ჰქონდა ამერიკელებსა და პუტინს შორის ეკონომიკურ შეთანხმებებზე:
"არ ვიცი ყველაფერი, რაც მათ განიხილეს, მაგრამ ზოგადად ნათელია, რა სახის ეკონომიკური შეთანხმებები შეიძლება დაიდოს რუსებთან. უპირველეს ყოვლისა, ენერგოხელშეკრულებები, რა თქმა უნდა. არა მგონია, დეტალებზე საჯაროდ საუბარი შემეძლოს, მაგრამ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ჩვენი ძირითადი პოზიცია: უკრაინამ უნდა იბრძოლოს, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს რაიმე დამატებითი სარგებლის მიღება ომის დასაფინანსებლად. მიმაჩნია, რომ ეს სამართლიანი პოზიციაა".
მედია დაინტერესდა შემდეგი სამმხრივი შეხვედრის გამართვის თარიღითა და ადგილით, დღის წესრიგის საკითხებით და მოიცავს თუ არა ეს შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტასა და ენერგოობიექტებზე დარტყმების შეჩერებას:
"შეხვედრა შესაძლოა გაიმართოს საამიროებში, შვეიცარიაში, თურქეთში ან სხვა ქვეყნებში. ასეთი შეხვედრები ადრეც გვქონია და გვაქვს სხვადასხვა ქვეყნის მიწვევა. მეორე, ენერგეტიკისა და მარცვლეულის საკითხები, რა თქმა უნდა, იქნება განხილული. არა მხოლოდ ამ საკითხებზე მსჯელობა გვჭირდება, არამედ კონკრეტული შედეგების მიღწევა. მესამე - ანდა, შესაძლოა, მნიშვნელობით პირველიც იყოს - არის ჰუმანიტარული საკითხები, უპირველეს ყოვლისა - ტყვეთა გაცვლა. ეს გაცვლები უნდა გავაფართოოთ და დავაჩქაროთ".
ზელენსკის განცხადებით, ახლო მომავალში დაგეგმილია შეხვედრა ამერიკელებთან და ევროპელებთან როგორც ლიდერების, ისე მრჩევლების დონეზე:
"ვაპირებ პრეზიდენტ ტრამპთან შეხვედრას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი გამონახავს დროს ამისთვის. მინდა ეს სექტემბერში მოხდეს. ყველანი ვიმუშავებთ უკრაინის, რუსეთისა და ამერიკის სამმხრივი შეხვედრის მოსამზადებლად და მისი რაც შეიძლება მალე ჩასატარებლად. თუკი ყველა მხარე შეთანხმდება, ასევე გვსურს, ეს შეხვედრა გაიმართოს შემოდგომაზე. თუ სექტემბერში შევძლებთ, კარგი, შესანიშნავი იქნება - რაც მალე, უკეთესია".
ასევე ნახეთ
დიდი ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების პაკეტი „პეტრიოტის“ ტიპის რაკეტებსაც მოიცავსუკრაინის პრეზიდენტმა მედიას უპასუხა რუსეთში მობილიზაციის შესახებაც. ზელენსკის მიაჩნია, რომ მობილიზაციის განზრახვის უარყოფა პუტინს საზოგადოების დასამშვიდებლად სჭირდება და ის ამას აუცილებლად გააკეთებს არჩევნების შემდეგ, რადგან ზუსტად აქვს დათვლილი, რამდენი დამატებითი ძალა სჭირდება:
"დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნების შემდეგ იქნება მობილიზაცია. არ ვიცი, ის იქნება ფარული თუ აშკარა. არ ვიცი, რა ფორმა ექნება, მაგრამ ვიცით რაოდენობა: მინიმუმ 300 ათასი დამატებითი რუსი სამხედრო. ესაა მათი გათვლა. რუსეთს უკვე მზად აქვს მობილიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. რა ფორმას მიიღებს ეს? ეს არის კითხვა. მათთვის ეს სირთულეა - ეს ფაქტია. ეს ძვირი დაჯდება - ეს ყველას ესმის. ეს არის ახალი რეალობა რუსეთისთვის და ჩვენ ამას მალე ვიხილავთ. მოვლენები მათ სასარგებლოდ არ ვითარდება ბრძოლის ველზე, რაზეც მეტყველებს ტყუილები, რომლებსაც ისინი ავრცელებენ...
ახლახან მათ კვლავ იცრუეს, როცა განაცხადეს, რომ დაიკავეს ქალაქი სვიატოჰირსკი. მტკიცებულებებმა საპირისპირო რამ აჩვენა: ჩვენი ბიჭები იმყოფებოდნენ იქ და აჩვენეს, რომ სრულად აკონტროლებდნენ ქალაქს. მათ ასევე იცრუეს ქალაქ სუმიზე და იმაზე, რამდენად ახლოს იყვნენ მასთან. უტიფარი ტყუილები. ისინი ვერ აღწევენ წარმატებას ბრძოლის ველზე.
რა დარტყმების ჩვენება შეუძლიათ? მხოლოდ საჰაერო დარტყმების. ამაშია მათი ძლიერება. ესეც ფაქტია. ეს უნდა ვაღიაროთ: ისინი ახორციელებენ უამრავ საჰაერო დარტყმას უკრაინის ტერიტორიაზე. ამის ჩვენება შეუძლიათ საზოგადოებისთვის. ამ გზით ისინი ცდილობენ წარმოაჩინონ, რომ რუსეთში ყველაფერი მშვიდადაა, არ არის არავითარი მობილიზაცია, აკონტროლებენ ვითარებას, ყველაფერი კარგად არის. ამის პარალელურად, ისინი აჩვენებენ მუდმივ, ინტენსიურ დარტყმებს უკრაინის წინააღმდეგ, თითქოსდა ძლიერები არიან. ასე შეიძლება აღიწეროს, როგორ წარიმართება ეს არჩევნები. სექტემბრის ბოლოს, როცა არჩევნები ჩაივლის, ვიხილავთ ახალ დინამიკას მათ რიტორიკაში".
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპელების მონაწილეობა მოლაპარაკებებში არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოებას უკავშირდება და რომ ევროპელებს სადაზვერვო სამსახურებისა და დიპლომატების საშუალებით აქვთ რუსეთთან კომუნიკაცია, ამერიკელების მსგავსად.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან და ვაცნობიერებთ რამდენად აუცილებელია ევროპა ჩვენთვის. ევროპა მხოლოდ დახმარების წყარო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ დახმარება უპირველესი მნიშვნელობისაა ომის დროს. ეს მხოლოდ ფულს არ ეხება და მხოლოდ იარაღს არ ეხება, არამედ ნამდვილ უსაფრთხოებას.
მათთვის, ევროპისთვის, მნიშვნელოვანია მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობა, რადგან ისინი ფიქრობენ უსაფრთხოებაზე. დიახ, უსაფრთხოებაზე უკრაინაში, მაგრამ, მოდით, გულწრფელები ვიყოთ: ისინი ფიქრობენ მთელი ევროპის უსაფრთხოებაზე. და ეს ბუნებრივია - იფიქრო საკუთარი ხალხისა და საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებაზე. ასე რომ, ნათელია, რომ მათ უნდა ჰქონდეთ ადგილი მაგიდასთან მოლაპარაკებების ნებისმიერ ფორმატში".
ასევე ნახეთ
ზელენსკი ტრამპთან შეხვედრას დაახლოებით 20 სექტემბრიდან მოელისპრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, "უკრაინა იქნება ევროკავშირის წევრი და ჩვენი გაწევრიანება დიდწილად, თუ სრულად არა, დამოკიდებულია ევროპაზე. ამიტომაც, ისინი მნიშვნელოვანნი არიან ჩვენთვის. ცხადია, ჩვენ ვფიქრობთ საკუთარ ცხოვრებაზე ომის დროს, მაგრამ ასევე ვფიქრობთ ცხოვრებაზე ომის შემდეგ - რაც შეიძლება მალე. ჩვენ ხელახლა ავაშენებთ ჩვენს ქვეყანას. ჩვენ დაგვჭირდება უსაფრთხოების გარანტიები ევროპისგან, აშშ-ისგან და მხარდაჭერა ევროპელი და სხვა პარტნიორებისგან ქვეყნის აღმშენებლობაში. ამიტომაც, ევროპა უკვე მონაწილეობს მოლაპარაკებებში, ამიტომაც იყო წარმოდგენილი ევროპა კიევში ამერიკის დელეგაციასთან გამართულ ბოლო მოლაპარაკებებზე და ამიტომაც მიიღებს მონაწილეობას ევროპა მოლაპარაკებების მომავალ ფორმატებში".
ჟურნალისტების ინტერესი მიმართული იყო აგრეთვე აშშ-ის მიერ უკრაინისთვის "პეტრიოტის" სისტემებისთვის რაკეტებისა და სხვა კომპონენტების წარმოების ლიცენზიის მინიჭების პერსპექტივისკენაც:
"ჩვენ ვმსჯელობთ ლიცენზიებზე პირდაპირ პრეზიდენტ ტრამპთან. ჩვენი გუნდები არიან მოლაპარაკებებში და მიმდინარეობს დიალოგი მწარმოებლების დონეზეც. სულ გვინდა პროცესის დაჩქარება, თუმცა ის წინ მიიწევს. როგორც გაიხსენეთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითი პასუხი მოგვცა. მაგრამ ჩვენ გვჭირდება მომზადება ზამთრისთვის და ყველა პარტნიორს განვუცხადე, რომ ჩვენი პრიორიტეტი ახლა არის ზამთრის პაკეტი. დღეს ამაზე ვიმსჯელებ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრთან. ამაზე შევთანხმდით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან - ახალ პრემიერ-მინისტრთან, ბერნემი იმყოფებოდა კიევში. დღეს მსურს მადლობა გადავუხადო მას - პირადად მას, მის მთავრობას და ბრიტანეთის ხალხს. დღეს მან გამოაცხადა, რომ ბრიტანეთი მხარს დაუჭერს უკრაინისთვის ზამთრის პაკეტს 100 მილიონი გირვანქა სტერლინგით, 135 მილიონით - საგანგებოდ „პეტრიოტებისთვის“".
ასევე ნახეთ
თვითმფრინავით მოსკოვში, მატარებლით და პირველად კიევში - რას მიაღწიეს ტრამპის წარმომადგენლებმა?5-6 სექტემბერს აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარგზავნილები სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი მოსკოვსა და კიევში ჩავიდნენ. მათ მოლაპარაკებები გამართეს ორი ქვეყნის ლიდერებთან. მოსკოვში გამართულ შეხვედრაში ვლადიმირ პუტინის გარდა, მონაწილეობდა მისი მრჩეველი იური უშაკოვი და მისი სპეცწარმომადგენელი კირილ დმიტრიევი. ამერიკულ დელეგაციასთან ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაში მონაწილეობდნენ მისი ოფისის ხელმძღვანელი კირილო ბუდანოვი, მოადგილე სერჰი კისლიციასთან ერთად, საგარეო დაზვერვის უფროსი რუსტემ უმეროვი და ფრაქცია "ხალხის მსახურის" ლიდერი დავიდ არახამია. მოსკოვში ვიზიტისგან განსხვავებით, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი კიევში არა თვითმფრინავით, არამედ პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდნენ. ეს მათი პირველი ვიზიტი იყო კიევში. ომის დაწყებიდან დღემდე უიტკოფი მოსკოვში რვაჯერ იმყოფებოდა, ჯარედ კუშნერთან ერთად - მესამედ, კიევში კი ისინი პირველად ჩავიდნენ.