„გირჩის“ ლიდერების თქმით, ივანიშვილს 2025 წლის ბოლოს თავიანთი ინიციატივით შეხვდნენ

მეგრელიშვილის თქმით, ის შეხვედრას არ დასწრებია, თუმცა ინიციატორი „გირჩი“ იყო. რაქვიაშვილის თქმით, შეხვედრა 2025 წლის ბოლოს გაიმართა.

„გირჩის“ („თავისუფალი ხალხის პარტიის“) ერთ-ერთი ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი აზუსტებს, რომ მისი პარტიის ლიდერები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს 2025 წლის ბოლოს შეხვდნენ.

რაქვიაშვილმა პირველად 2026 წლის 28 აგვისტოს „ტვ პირველის“ ეთერში თქვა, რომ ივანიშვილი „ნანახი ჰყავს“, თუმცა გარემოებები, ჟურნალისტის დაჟინებული შეკითხვების მიუხედავად, არ დაუზუსტებია.

28 აგვისტოს ვრცელი ინტერვიუდან ამონარიდი 6 სექტემბერს ფეისბუკზე ვირუსულად გავრცელდა, რასაც პოლიტიკურ ჯგუფებსა და პარტიებში კითხვები მოჰყვა.

„ნანახი მყავს“

„რა მნიშვნელობა აქვს, ყველაფერს ხომ არ მოგიყვებით“, - ამბობდა რაქვიაშვილი.

მას იმავე საკითხზე 7 სექტემბერს დაუსვეს შეკითხვა, რაზეც თქვა, რომ ჟურნალისტის მოულოდნელ შეკითხვებზე „დაიბნა“, თუმცა არც 7 სექტემბერს არ უსაუბრია დეტალურ გარემოებებზე - შეხვედრის ადგილზე, დამსწრეებზე და ა.შ..

„ზოგადად, პოლიტიკაში, ვიღაცას რომ შეხვდე, ძალიან ბუნებრივი ამბავია. მთავარი პრობლემა არის ის, - და გეტყვით, რატომ დავიბენი, - პოლიტიკური ვალდებულება, რაღაცაზე ილაპარაკო, მაშინ ჩნდება, როცა შეთანხმებული ხარ რამეზე, - როგორც, მაგალითად, „ქართულ ოცნებასთან“ შევთანხმდით [ქალთა] კვოტებზე [კვოტების გაუქმების კენჭისყრის მხარდაჭერაზე], - ასეთი არაფერი მომხდარა“, - განაცხადა მან.

„არც შეთანხმებულნი ვართ, არც რომელიმე ჩემი პოზიცია შეცვლილა რაიმენაირად იმის გამო, რომ რაღაცაზე დავილაპარაკე ივანიშვილთან, ამიტომ არანაირი ვალდებულება არ მაქვს [ამაზე ვისაუბრო]“, - თქვა „თავისუფალი ხალხის პარტიის“ ლიდერმა.

პოლიტიკოსმა თქვა, რომ შეხვედრა „გირჩის“ ინიციატივით შედგა. „ყველაფერზე მინდოდა მეკითხა, მაგრამ არც ისე ბევრი შესაძლებლობა მქონდა, ბევრი კითხვა დამესვა. სამწუხაროდ, სულ ერთი კითხვა დავსვი... ნუ, აი, რაღაცნაირად, გავიცანით ერთმანეთი“, - განაცხადა მან.

ასევე ნახეთ

პარტია „გირჩი“ სახელს იცვლის

8 სექტემბერს კი რაქვიაშვილმა ფეისბუკ-პოსტში დაწერა, რომ ეს შეხვედრა შედგა 2025 წლის ბოლოს - 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ.

ის ამ პოსტით პასუხობდა „ახლის“ ლიდერს, ნიკა გვარამიას, - რომელიც „გირჩს“ „ივანიშვილთან გარიგებაში“ სდებს ბრალს, რასაც ეს პარტია უარყოფს.

ნიკა გვარამია, თავის მხრივ, საუბრობს „გირჩისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ „ერთობლივ ორკესტრირებულ კამპანიაზე“ მის წინააღმდეგ.

„არ შედგა შეთანხმება“

8 სექტემბერსვე „გირჩის“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, „ტვ პირველს“ განუცხადა, რომ ამ საკითხზე - ივანიშვილთან პარტიის წარმომადგენლების შეხვედრაზე, - 9 სექტემბერს ერთ-ერთ გადაცემაში ისაუბრებს მისი თანაგუნდელი, იაგო ხვიჩია.

„[იაგო იტყვის] ყველაზე მეტ დეტალს, იმიტომ რომ როგორც ინიციატორი, ისე შეხვედრის მონაწილე თვითონ იყო“, - თქვა მეგრელიშვილმა.

„არ შედგა შეთანხმება და შესაბამისად, გაგრძელება [არ ჰქონია]“, - განაცხადა მან.

„ყოველდღე შევხვდები, თუკი ამის შესაძლებლობა მექნება, - თქვა მეგრელიშვილმა, - არანაირი პრობლემა“.

„ნეტავ თქვას, რატომ შემხვდა! ნეტავ ივანიშვილმა ან ირაკლი კობახიძემ თქვას, რატომ შევხვდით“, - განაცხადა მან.