როგორ აკონტროლებს საქართველოს ტყეებსა და მთებს ჩინური, მათ შორის სანქცირებული ტექნოლოგიები

საილუსტრაციო ფოტოზე გამოსახულია თერმული დრონისა და ფოტოხაფანგების რეალური ფოტოები.

მოკლედ

  • საქართველოში არა მხოლოდ ქალაქები, ქუჩები და მაგისტრალები, ტყეები და მთებიც უსაფრთხოების მაღალი რისკის მქონე სათვალთვალო ტექნოლოგიებითაა დაფარული.
  • სახელმწიფო შესყიდვების დოკუმენტებში ჩანს, რომ ქვეყნის მთასა და ბარს, მათ შორის საზღვრისპირა და ოკუპირებული რეგიონების გასწვრივ, იქ დამონტაჟებული GPS მოდულის ან/და SIM-ბარათის (4G) მქონე ჩინური ფოტოხაფანგები და დრონები აკონტროლებს.
  • ეს კი მესაზღვრეების, სამხედროების თუ პატრულის გადაადგილების შესახებ ინფორმაციაზე წვდომის შესაძლებლობას რეალურ დროში აძლევს მესამე მხარეს.
მტკიცებულება, რომ მსგავსი მონაცემები უცხო ქვეყნის აქტორებს გადაეცემა, არ არსებობს, თუმცა ექსპერტები, რომლებსაც რადიო თავისუფლება ესაუბრა, ტექნოლოგიის შესაძლებლობიდან და მისი ქსელური არქიტექტურიდან გამომდინარე რისკებზე მიუთითებენ.

ტექნოლოგიური ხაფანგები

საქართველოს ტყეები და მთები დაფარულია ფოტოხაფანგებით, სათვალთვალო კამერებითა და თერმული დრონებით - ნაწილი იშვიათ ცხოველებს ადევნებს თვალს, ნაწილი ბრაკონიერებისა და ტყის უკანონო ჩეხის ფაქტების აღმოჩენას ემსახურება.

ბოლო ოთხ წელიწადში, 2022 წლის შემდეგ, სახელმწიფომ ამ ტექნოლოგიების შესაძენად ორ მილიონ ლარამდე დახარჯა. რამდენიმე შესყიდვა, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ვერ მოხერხდებოდა უსაფრთხოების მაღალი რისკის გამო, საქართველოში დასავლური ფონდების გრანტებით არის დაფინანსებული. სახელმწიფომ დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის ან შეერთებული შტატების მიერ სანქცირებული იმ ჩინური კომპანიების კამერები და დრონები შეისყიდა, რომელთა ტექნოლოგიებს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში იყენებს. უსაფრთხოების რისკების გარდა, სანქცირებულ კომპანიებთან ვაჭრობა მეორადი სანქციების რისკებსაც ზრდის.

დაცული ტერიტორიების სააგენტომ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქართული კანონმდებლობა არ ავალდებულებს უცხო სახელმწიფოების მიერ მწარმოებლის ან მიმწოდებლის მიმართ დაწესებული სანქციების დამოუკიდებელ გადამოწმებას.

რატომ ჩინური?

ჩინური ტექნოლოგიები იაფია და ადვილად ხელმისაწვდომი. საქართველოს მსგავსად, არაერთი ღარიბი და განვითარებადი ქვეყანა აკეთებს არჩევანს ჩინურ სათვალთვალო კამერებზე. აფრიკის ქვეყნებში, კენიის, ტანზანიის, კონგოსა და ზამბიის ეროვნულ პარკებსა და სავანეებში, ერთი მხრივ, ბრაკონიერების, მეორე მხრივ კი ცხოველთა ნაკადების გადაადგილებას და იშვიათ სახეობებს თვალყურს ჩინური ფოტოხაფანგებითა და თერმული დრონებით ადევნებენ.

ჩინურ ტექნოლოგიებს ინდონეზია, ტაილანდი, ვიეტნამი, კამბოჯა და მალაიზია ტყის უკანონო ჩეხის პრევენციისთვის, ტყის ხანძრების ადრეული აღმოჩენისა და ჯუნგლებში გაქრობის პირას მყოფი ცხოველების მონიტორინგისთვის იყენებენ.

ინდოეთშიც კი, სადაც 2026 წლიდან დაიწყო სახელმწიფო უწყებებში ჩინური IP-კამერების შეზღუდვა უსაფრთხოების გამო, გარემოს დაცვის სექტორში კვლავ ჩინურ ფოტოხაფანგებს იყენებენ.

ასევე ნახეთ

როცა ჯარიმაა გამოსაწერი ხედავენ, როცა პოლიციელის დანაშაულია დასამტკიცებელი, ვერა - ნახეთ, სად დაამატეს ახალი "ჭკვიანი კამერები"

და რა ხდება საქართველოში?

სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში დაცული ტერიტორიების სააგენტოს, სატყეო სააგენტოსა და ველური ბუნების სააგენტოს შესყიდვების ანალიზი აჩვენებს, რომ საქართველოს მთები, ტყეები და ნაკრძალები თითქმის სრულად ჩინური წარმოების ტექნოლოგიებითაა დაფარული. რა პროგრამულ უზრუნველყოფას იყენებენ ეს გაჯეტები, შესყიდვებიდან არ ჩანს.

სატყეო სააგენტო პასუხისმგებელია თითქმის 1,8 მლნ ჰექტარ ტყეზე, რაც საქართველოს დაახლოებით 25%-ია, დაცული ტერიტორიების სააგენტო კი ქვეყნის დაახლოებით 11%-ს მართავს. გარდა ამისა, საქართველოს დაცული ტერიტორიებისა და ტყეების დიდი ნაწილი უშუალოდ ესაზღვრება საოკუპაციო ხაზს ან სახელმწიფო საზღვარს (მაგ. ყაზბეგის, თუშეთის, ლაგოდეხის, რიწის, ბორჯომ-ხარაგაულისა და ა.შ. ზონები).

ბოლო სამი წლის განმავლობაში დაცული ტერიტორიების სააგენტომ და ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ექვსი სხვადასხვა შესყიდვით ჯამში შენჟენში რეგისტრირებული ჩინური კომპანია Autel Robotics Co-ს ერთი და იმავე მოდელის 39 თერმული დრონი შეიძინეს. ამ შესყიდვებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 780 353 ლარი გადაუხადეს ოთხ სხვადასხვა ქართულ კომპანიას.

შესყიდვებში არ ჩანს ინფორმაცია პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ. ამ დროს, ცნობილია, რომ Autel-ის დრონების პროგრამული უზრუნველყოფა ინახავს ფრენის ისტორიას, GPS კოორდინატებსა და სიმაღლეებს. მონაცემები აპლიკაციების განახლებისას ავტომატურად სინქრონიზდება მწარმოებლის სერვერებთან.

2026 წლის 20 იანვარს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ხელშეკრულება გააფორმა ქართულ კომპანია შპს "იუჯითთან" და მისი გავლით 70 ვიდეოსათვალთვალო კამერა შეიძინა - ამ კამერების მწარმოებელია მსოფლიოში სიდიდით მე-3 ჩინური ვიდეოთვალთვალის (Hikvision-ისა და Dahua-ს შემდეგ) სისტემების შემქმნელი Zhejiang Uniview Technologies-ი - 2024 წლის დეკემბრიდან აშშ-ის მიერ სანქცირებული და შავ სიაში შეყვანილი კომპანია.

ასევე ნახეთ

სათვალთვალო კამერები ხელოვნური ინტელექტით - ვინ გვიცავს და ვინ გვაკონტროლებს?

ეროვნული სააგენტო ჩინური ტექნოლოგიების შესაძენად დასავლური, კერძოდ, გერმანული ფონდის, GIZ-ის გრანტსაც იყენებს - ასე იყიდა 2023 წელს Shenzhen Balever Electronics Technology-ის წარმოებული 150 ფოტოხაფანგი მაი მობაილ +-ის გავლით.

რამდენიმე თვეში, 6 მარტს, სააგენტომ კიდევ ერთი ხელშეკრულება გააფორმა, ამჯერად კომპანია "ემ კა ეს-სთან" და კვლავ ჩინური წარმოების, კომპანია Shenzhen Gotron Electronic-ის 300 ფოტოხაფანგი იყიდა. ამ კომპანიას დასავლური სანქციები არ აქვს დაწესებული და ქართული სახელმწიფო უწყებების შესყიდვებში საკმაოდ პოპულარულია მისი პროდუქცია. 2024-2025 წლებში ამავე სააგენტომ ამ ჩინური კომპანიის კიდევ 300 ფოტოხაფანგი იყიდა ორი სხვადასხვა ტენდერით შპს "აგროინვესტისგან".

სახელმწიფო დაცული ტერიტორიების საკონტროლებლად ყოველ წელს ასობით ფოტოხაფანგს ყიდულობს - თითქმის უგამონაკლისოდ, ყველა მათგანი ჩინური წარმოებისაა.

ჩინურია სმარტფონებიც, რომლებსაც სახელმწიფო რეინჯერებისთვის ყიდულობს - 2026 წელს დაცული ტერიტორიების სააგენტომ Shenzhen Gotron Electronic-ის გამძლე და მრავალფუნქციური ტელეფონები შეიძინა დამცავი ქეისით და კარაბინით - 240 ცალი 142 263 ლარად. სანქცირებული არც ეს კომპანია არ არის, თუმცა რუსეთთან ინტენსიური სავაჭრო ურთიერთობა აქვს და დაცული, გამძლე სმარტფონებითა და ელექტრონიკით მომარაგებაში მნიშვნელოვანი როლი უკავია.


როგორ ხსნის სახელმწიფო ჩინური ტექნოლოგიების დომინაციას?

გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებულ სააგენტოებს ვკითხეთ:

  • ხედავენ თუ არა რისკს სანქცირებული კომპანიების პროდუქტების შესყიდვაში?
  • თუ (და როგორ) აზღვევენ ცალკეული სახელმწიფო უწყებები ტენდერებში, რომ სანქცირებული კომპანიების პროდუქცია არ შეიძინონ?
  • ხედავენ თუ არა უსაფრთხოების რისკებს სანქცირებულ ჩინურ ტექნოლოგიურ გიგანტებთან ვაჭრობაში?


წერილობითი პასუხი მხოლოდ დაცული ტერიტორიების სააგენტოდან მივიღეთ. მასში ეწერა, რომ ყველა შესყიდვას უწყება კანონის სრული დაცვით ახორციელებს, ასევე, “მოქმედი კანონმდებლობა სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციას არ აკისრებს ვალდებულებას, სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას დამოუკიდებლად გადაამოწმოს უცხო სახელმწიფოების მიერ მწარმოებლის ან მიმწოდებლის მიმართ დაწესებული სანქციები, თუ შესაბამისი შეზღუდვა არ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით ან საქართველოს უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივი აქტით.”

ასევე ნახეთ

შსს 146 000 ლარს იხდის სანქცირებული რუსული კომპანიის ფონოსკოპიური ექსპერტიზის სისტემის განახლებაში