დონალდ ტრამპი მიესალმება ულტრამემარჯვენე AfD-ს შედეგს გერმანიის რეგიონულ არჩევნებში

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში ჩატარებულ რეგიონულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიის, „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვებას.

ტრამპის განცხადებით, "ისინი ძლიერ იკრებენ ძალას".

"ვაუ! გერმანიის პოპულისტურ პარტიას ნამდვილად დიდი წარმატება ჰქონდა. მათ საბოლოოდ მოჰბეზრდათ სრულიად საშინელი საიმიგრაციო წესები და რეგულაციები, რომლებმაც გერმანიას სერიოზული ზიანი მიაყენა. ისინი ძლიერ იკრებენ ძალას და ამას აღარ შეეგუებიან! MGGA!!!", - წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

AFD-ს გამარჯვება

6 სექტემბერს გერმანიის 16 მიწიდან ერთში - საქსონია-ანჰალტში - პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გაიმარჯვა ულტრამემარჯვენე პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის".

არჩევნების შედეგი ასე გადანაწილდა: „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) - 43,8%; კანცლერ ფრიდრიხ მერცის „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი“ (CDU) - 17,2%; მმართველი კოალიციის კიდევ ერთი პარტია - „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ (SPD) - 9,3%. AfD-მ აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მოიპოვა, თუმცა არსებობს კოალიციის შეკვრის ალბათობა - მემარცხენე-პოპულისტურ პოლიტიკურ პარტია BSW-სთან.

კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა დამარცხება აღიარა, შეშფოთება გამოხატა და თქვა,რომ მთავრობის პოლიტიკა გერმანიაში ძველებურად ვეღარ გაგრძელდება.

AfD-ს სავიზიტო ბარათია: ევროსკეპტიციზმი, მიგრანტების მასობრივად გაძევება გერმანიიდან, “ტრადიციული ღირებულებების” დაცვა და სექსუალური უმცირესობების მიმართ ხისტი დამოკიდებულება. ბევრში ეს გაორებას იწვევს, რადგან პარტიის თავმჯდომარე არის ღიად ლესბოსელი ქალი, რომელიც შვილებს პარტნიორ ქალთან ერთად ზრდის.

ასევე ნახეთ

“ალტერნატივა გერმანიისთვის” გამარჯვება ევროპის დედაქალაქებში შეშფოთებას, თბილისში კმაყოფილებას იწვევს

კიდევ ორი რეგიონული არჩევნები - ბერლინსა და აღმოსავლეთის მხარე მეკლენბურგ-წინა პომერანიაში - 20 სექტემბერს არის დაგეგმილი.


საქსონია-ანჰალტში არჩევნების შედეგებს ევროპის ზოგიერთი პოლიტიკური ძალა მიესალმა, ზოგმა ის უარყოფითად მიიღო. აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპის ზოგიერთი მოკავშირის შეფასებაც დადებითია, სხვათა შორის, "ალტერნატივა გერმანიისთვის" გამარჯვება დადებითად მიიღო ილონ მასკმა, მსოფლიოს უმდიდრესმა პირმა.

პარტიის გამარჯვებას გერმანიაში საპროტესტო აქციების მოჰყვა.

ასევე ნახეთ

ბერლინში საპროტესტო დემონსტრაცია მოჰყვა ულტრამემარჯვენეების გამარჯვებას გერმანიის მცირე რეგიონში

რამდენიმე ათასი დემონსტრანტი შეიკრიბა ბერლინის ბრანდენბურგის ჭიშკართან, რათა დაეგმო ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება.